რა საკითხები განიხილა ევროკომისარმა საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრაზე
15/11/2022 13:25:37 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გაფართოებისა და სამეზობლო საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან შეხვედრა გამართა.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა როგორც ორმხრივი, ისე რეგიონალური საკითხები განიხილეს:
"ევროკომისარმა და პრეზიდენმა საქართველოს ევროპული პერსპექტივის, კანდიდატის სტატუსის მინიჭებისა და ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესის შესახებ ისაუბრეს. ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე საუბრისას, ხაზი გაესვა დეპოლარიზაციის დაძლევის მნიშვნელობას".
"დღეს საქართველოში ჩამოსვლის მიზანია საქართველოს დახმარება ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესში, ამ მიმართულებით გვინდა, რომ თქვენთან ერთად ვიაროთ წინ“, – განაცხადა ევროკომისარმა.
ოლივერ ვარჰეიმ კიდევ ერთხელ გამოხატა მზაობა, ევროკავშირი დაეხმაროს საქართველოს ყველაფერში, რაც ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციას შეუწყობს ხელს. ამასთან, ევროკომისარმა კიდევ ერთხელ გამოხატა ევროკავშირის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.
"შეხვედრისას ისაუბრეს ასევე, უკრაინის ომსა და რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების გარემოზე, შავი ზღვის უსაფრთხოებაზე, მის უმნიშვნელოვანეს როლზე ევროპისა და აზიის დაკავშირების მიმართულებით. საუბარი ასევე შეეხო, იმ უდიდეს პოტენციალს, რაც რეგიონს და საქართველოს გააჩნია ევროპასთან დამაკავშირებელი ინფრასტრუქტურული, ენერგეტიკული და სატრანსპორტო კორიდორების განვითარების კუთხით", ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მანამდე ევროკომისარი საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა. პრემიერისა და პრეზიდენტის შემდეგ ოლივერ ვარჰეი შეხვდება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს და სხვადასხვა პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებს.


