შალვა პაპუაშვილი: "სააკაშვილსა და გვარამიაზე კომისარს ერთი სიტყვაც არ დაუძრავს"
15/11/2022 14:49:48 პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ევროკომისარს არ უსაუბრია მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას შესახებ და რომ საკითხის განხილვა მასთან "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა სცადა.
"ერთადერთი ვინც ეს ახსენა, იყო ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი. კომისარს ერთი სიტყვაც არ დაუძრავს ამ საკითხებთან დაკავშირებით"- უთხრა შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს.
მისი თქმით, რეალურად სწორედ ევროკომისიაა ის, ვინც საქართველოს პროგრესი უნდა შეაფასოს ევროინტეგრაციის გზაზე და ამიტომ, მნიშვნელოვანია ევროკომისარის შეფასებები საქართველოს შესახებ:
"კომისია არის სწორედ ის ინსტიტუცია, რომელიც შეაფასებს საქართველოს პროგრესს და არა ევროპის პარლამენტი. ევროპის პარლამენტი არის პოლიტიკური ორგანო, სადაც არიან პოლიტიკოსები, ყველას აქვს თავისი დღის წესრიგი. ამიტომ შეფასებისთვის მნიშვნელოვანია ევროკავშირის კომისია და სწორედ წარმომადგენელი გვყავდა დღეს და მოვისმინეთ მისი განცხადებები. რაც შეეხება სააკაშვილს, კანონის უზენაესობა ვერ იქნება წინაღობა ევროკავშირის წევრობის. პირიქით, კანონის უზენაესობა არის წინაპირობა იმისთვის, რომ მიგვიღონ ევროკავშირში - კანონის უზენაესობაა, როდესაც მიხეილ სააკაშვილზე ვსაუბრობთ".
ენმ–ის წევრმა აკო მინაშვილმა თქვა, რომ სააკაშვილისა და გვარამიას, როგორც პოლიტიკური პატიმრების შესახებ, ინფორმაცია მიაწოდა ევროკომისარს
ოლივერ ვარჰეის კითხვა სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას შესახებ დაუსვეს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზეც. მან მთავარი არხის ჟურნალისტის კითხვაზე თქვა, რომ საქართველოს შიდა პოლიტიკურ ვითარებას ისე ღრმად არ იცნობს, რომ შეეძლოს კონკრეტულ ადამიანებზე პასუხის გაცემა.
„თქვენ მიიჩნევთ, რომ ამდენი ვიცი საქართველოს პოლიტიკის შესახებ? არა მგონია. მე ის ვიცი, რომ ძალიან მკაფიოდ არსებობს გაწერილი 12 რეკომენდაცია. არც ერთ კონკრეტულ ადამიანს არ ეხება კრიტერიუმები. ეს არის სისტემის ჩარჩო, რომელიც შემოგთავაზეთ“, - ასე უპასუხა ოლივერ ვარჰეიმ ჟურნალისტის კითხვას.


