ლევან ხაბეიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის თავმჯდომარის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა დაასახელა
16/11/2022 12:20:19 პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებს. ამის შესახებ ხაბეიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"რამდენიმე დღიანი კონსულტაციის შედეგად ჩემს მეგობრებთან, თანამებრძოლებთან ერთად მივიღე გადაწყვეტილება მონაწილეობა მივიღო არჩევნებში და „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს შევთავაზო საკუთარი კანდიდატურა. ამ გამოწვევას ვიღებ არა ვინმეს საწინააღმდეგოდ, არამედ „ნაციონალური მოძრაობის გასაძლიერებლად“, - აცხადებს ხაბეიშვილი.
მისივე შეფასებით, "ნაციონალური მოძრაობა“ უნდა დაუბრუნდეს იმ ხალხს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია „ვარდების რევოლუციის“ იდეალები.
"ნაციონალური მოძრაობა“ უნდა დაუბრუნდეს იმ ხალხს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია „ვარდების რევოლუციის“ იდეალები, იმ ადამიანებს, ვინც უამრავი წნეხის, დევნის მიუხედავად არ შეუშინდა არაფერს და მზად არის თავი გაწიროს ჩვენი სამშობლოს კეთილდღეობისთვის, ვის მაგალითსაც ჩვენი სამხედროები უკრაინაში მთავარი მტრის, პუტინის რუსეთის წინააღმდეგ ყოვედღიურად გვაჩვენებენ. მინდა ხელი გავუწოდო ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობა, ერთობა, ვისაც ცვლილებების, გაძლიერების სურვილი აქვს და უნდა, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღოს რუსი ოლიგარქის, კრიმინალური რეჟიმის დამარცხებაში“, - აცხადებს ხაბეიშვილი.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრთა ნაწილი პარტიის ახალი თავმჯდომარის არჩევას ითხოვს. ამ საკითხზე პოლიტიკოსების ერთმა ჯგუფმა 9 ნოემბერს პრესკონფერენცია გამართა.
არჩევნებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს: პარტიის მოქმედმა თავმჯდომარემ - ნიკა მელიამ, ამ პარტიის წევრმა - გიორგი ჩალაძემ და "მოძრაობა საქართველოსთვის" ლიდერმა - გიორგი მუმლაძემ.


