ვაშაძე: "გზა, რომელიც აირჩია ,,ქართულმა ოცნებამ", რუსეთისკენ მიმავალია"
17/11/2022 09:06:08 პოლიტიკა
„სტრატეგია აღმაშენებლის“ლიდერმა გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ "გზა, რომელიც აირჩია ,,ქართულმა ოცნებამ", რუსეთისკენ მიმავალია".
მისი თქმით, გვყავს ხელისუფლება, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რომ გაიფუჭოს ურთიერთობა ამერიკასთან და ევროპელ პარტნიორებთან.
„აი, სადამდე მიგვიყვანა ,,ქართულმა ოცნებამ“, სენატორები და კონგრესმენები ღიად საუბრობენ საქართველოს პარტნიორობის საკითხის გადახედვაზე. აი ეს არის გზა, რომელიც აირჩია ,,ქართულმა ოცნებამ", რუსეთისკენ მიმავალი და არა ევროპული, ამერიკული, ცივილიზაცისაკენ მიმავალი. ეს არის სწორედ შეთქმულება საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, როდესაც გყავს ხელისუფლება, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რომ გაიფუჭოს ურთიერთობა ამერიკასთან და ევროპელ პარტნიორებთან, უარი თქვას კანდიდატის სტატუსზე და ევროინტეგრაციაზე, დაუმორჩილოს საქართველო რუსეთს, ჩვენ ამას არ შევეგუებით! და მის წინააღმდეგ ყველა უნდა გავერთიანდეთ, ერთად უნდა ვიბრძოლოთ",- აღნიშნავს ვაშაძე.
ცნობისთვის: 16 ნოემბერს აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს დახმარებასთან დაკავშირებით სტრატეგიის შესაძლო გადახედვაზე ისაუბრეს.
"რეალობა ისაა, რომ საქართველოში უდიდესი უკუსვლაა. ჩვენ ვუწევთ მნიშვნელოვან მხარდაჭერას რეფორმების დღის წესრიგისთვის. შეიძლება, ეს დახმარება უნდა დავუკავშიროთ საქართველოს მხრიდან ქმედებებს, მაგრამ დამარწმუნეს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა პირებმა და პალატის წევრებმა ბიუჯეტზე მოლაპარაკების ბოლო რაუნდისას, რომ ამის გაკეთება შესაძლოა, არ იყოს კარგი, მაგრამ ჩემი აზრით, საჭიროა ვიფიქროთ, არის თუ არა დრო, რომ გადავხედოთ ჩვენს სტრატეგიას საქართველოზე", - განაცხადა სენატორმა ჯინ შაჰინმა.
სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ კარენ დონფრიდმა საქართველოს მთავრობას მოუწოდა, განახორციელოს აუცილებელი რეფორმები ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად.


