კობახიძე: "აშშ–ის დაფინანსების უდიდესი ნაწილი NGO-ებზე მიდის, ჩვენ რატომ ვინერვიულოთ"
17/11/2022 09:13:16 პოლიტიკა
მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აშშ-ის სენატში საქართველოში დემოკრატიის მიმართულებით უკუსვლასთან დაკავშირებით კრიტიკას პასუხობს და ამბობს, რომ ის უსაფუძვლოა.
მისი თქმით, ამერიკული დაფინანსება ძირითადად ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებზე ნაწილდება და მისი შეწყვეტა ხელისუფლებისთვის "ნაკლებად საინტერესოა".
"რაც შეეხება დაფინანსებას, დაფინანსების უდიდესი ნაწილი მიდის NGO-ებზე, ამიტომ ჩვენთვის ეს ნაკლებად არის საინტერესო პრაქტიკული თვალსაზრისით. რაც შეეხება უსამართლო კრიტიკას, ჩვენთვის უსამართლო კრიტიკას არ აქვს ფასი, ფასი შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ისეთ კრიტიკას, რომელსაც აქვს საფუძველი. NGO-ები დაფინანსდება თუ არა ამაზე იდარდონ NGO-ებმა, ჩვენ რატომ უნდა ვიდარდოთ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
16 ნოემბერს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ კარენ დონფრიდმა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის სხდომაზე თქვა, რომ საქართველოში ხედავენ დემოკრატიულ უკუსვლას, რაც მათთვის შემაშფოთებელია. მან ასევე ისაუბრა იმ განცხადებებზე, რომელიც საქართველოში აშშ-ის ელჩის წინააღმდეგაა მიმართული.
კომიტეტის სხდომაზე ევროპის ქვეკომიტეტის თავმჯდომარემ ჯინ შაჰინმა თქვა, რომ საქართველოს დახმარება შეიძლება,დაუკავშირონ ქვეყნის ქმედებებს:
"რეალობა ისაა, რომ საქართველოში უდიდესი უკუსვლაა. ჩვენ ვუწევთ მნიშვნელოვან მხარდაჭერას რეფორმების დღის წესრიგისთვის. შეიძლება, ეს დახმარება უნდა დავუკავშიროთ საქართველოს მხრიდან ქმედებებს, მაგრამ დამარწმუნეს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა პირებმა და პალატის წევრებმა ბიუჯეტზე მოლაპარაკების ბოლო რაუნდისას, რომ ამის გაკეთება შესაძლოა, არ იყოს კარგი, მაგრამ ჩემი აზრით, საჭიროა ვიფიქროთ, არის თუ არა დრო, რომ გადავხედოთ ჩვენს სტრატეგიას საქართველოზე".


