ზარქუა – ჯინ შაჰინის განცხადების შესახებ: "სისულელეა, შტერობაა, ასეთი არასწორი მიდგომების გამო დაკარგეს დემოკრატებმა კონგრესში უმრავლესობა"
17/11/2022 09:49:07 პოლიტიკა
"სისულელე და შტერობაა", – ასე ეხმიანება "ქართული ოცნების" წევრი დეპუტატი ირაკლი ზარქუა აშშ-ის სენატში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლასთან დაკავშირებით გამოთქმულ კრიტიკას.
მისი თქმით, "მმართველი გუნდისთვის ღირებულია ის რჩევა, რომელიც ეფუძნება სწორ არგუმენტებს":
"გუშინწინ რა განცხადებაც გააკეთა ევროპის მაღალჩინოსანმა, ევროკომისარმა, ეს არ არის კუბილიუსი არჩეული იქ ან გარკვეული ჯგუფების პოლიტიკაში მოსული ფოტიგები ან გრიგოროვები. ეს არის ჩინოვნიკი, ევროკომისარი, რომელიც ევროპის გაფაროებას ხელმძღვანელობს, ეს იყო მნიშვნელოვანი დეტალი და შაჰინმა ასეთი არასწორი ინფორმაციებით, ასეთი არასწორი მიდგომებით, არასწორი ტაქტიკებით, ამიტომაც არის რომ დემოკრატებმა კონგრესში დაკარგეს უმრავლესობა, ასეთი მიდგომით. არასწორი, არასამართლიანით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ღირებულია ის რჩევა, რომელიც ეფუძნება სწორ არგუმენტებს. შაჰინი ამას რომ მეტყვის, რით განსხვავდება კუბილიუსისგან?! [...] იმის მერე, რაც ბიუჯეტში ეკონომიკური ზრდა გვაქვს, ევროკომისარი ამბობს, რომ წინ არის ქვეყანა, განვითარების სწორი მიმართულებით მივდივართ, ის, ვინც იტყვის, ხომ არ გადავხედოთ საქართველოსთან თანამშრომლობასო, სისულელეა, შტერობაა", - განაცხადა ზარქუამ.
რაც შეეხება იმას, რომ საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე ისაუბრა აშშ- ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემაც, ზარქუა აცხადებს, რომ ეს ტყუილია და ქვეყანა წინ მიდის:
„ტყუილია, ტყუილია. რაც შეეხება თანაშემწეს, ჩვენ კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ მოწადინებული ვართ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ. ამისთვის ბევრ რეფორმას მხარი დავუჭირეთ, კანონპროექტები მოვამზადეთ, მათ შორის ის, რაც ანტიკონსტიტუციურია, მაგალითად, თანამდებობის პირების არჩევა უმრავლესობით. შეგიძლიათ ერთი მაგალითი დამისახელოთ, სად ხდება ასე? - არა, გაჩუმებული ხართ. არ არსებობს პრაქტიკაში, მაგრამ იმდენად მნიშვნელოვანია მმართველი პარტიისთვის ევროინტეგრაცია, რომ ჩვენ წავედით ამაზე, მათ შორის დეოლიგარქიზაცია მეორე მოსმენით მივიღეთ, რადიალურმა ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა, კითხვები არ გიჩნდებათ?”.
ცნობისთვის: 16 ნოემბერს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ კარენ დონფრიდმა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის სხდომაზე თქვა, რომ საქართველოში ხედავენ დემოკრატიულ უკუსვლას, რაც მათთვის შემაშფოთებელია. მან ასევე ისაუბრა იმ განცხადებებზე, რომელიც საქართველოში აშშ-ის ელჩის წინააღმდეგაა მიმართული.
კომიტეტის სხდომაზე ევროპის ქვეკომიტეტის თავმჯდომარემ ჯინ შაჰინმა თქვა, რომ საქართველოს დახმარება შეიძლება, დაუკავშირონ ქვეყნის ქმედებებს:
"რეალობა ისაა, რომ საქართველოში უდიდესი უკუსვლაა. ჩვენ ვუწევთ მნიშვნელოვან მხარდაჭერას რეფორმების დღის წესრიგისთვის. შეიძლება, ეს დახმარება უნდა დავუკავშიროთ საქართველოს მხრიდან ქმედებებს, მაგრამ დამარწმუნეს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა პირებმა და პალატის წევრებმა ბიუჯეტზე მოლაპარაკების ბოლო რაუნდისას, რომ ამის გაკეთება შესაძლოა, არ იყოს კარგი, მაგრამ ჩემი აზრით, საჭიროა ვიფიქროთ, არის თუ არა დრო, რომ გადავხედოთ ჩვენს სტრატეგიას საქართველოზე".


