მედია– გერმანიამ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიიდან „პუტინის გერმანელი ფანატი" გაიწვია
17/11/2022 10:20:15 პოლიტიკა
გერმანიის რეგიონალური საზოგადოებრივი მაუწყებლის Südwestrundfunk (SWR) მიერ ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიებით ცნობილი გახდა, რომ გერმანიამ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიიდან (EUMM) სამხედრო მოსამსახურე გაიწვია.
SWR–ის ცნობით, 43 წლის გერმანელი ს.ე. უკრაინაში რუსეთის ომისა და პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მხარდამჭერ განწყობებს ავლენდა.
საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში გერმანელი სამხედრო მოსამსახურის გაწვევის ფაქტს ადასტურებენ დამატებითი კომენტარის გარეშე.
ჟურნალისტურ გამოძიებაში, რომლის სათაურია „პუტინის გერმანელი ფანატი და სადამკვირვებლო მისია“ წერია, რომ "ს. ე. სოციალური ქსელების სხვადასხვა პლატფორმაზე გამოხატავდა პოზიციას, რომ რუსეთი უკრაინას კი არ ეომება, არამედ აშშ-ს ებრძვის".
"საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციების ცენტრმა (ZIF) და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თანამშრომლის განწყობების შესახებ 2022 წლის ოქტომბერში შეიტყვეს, მისი საქართველოში გამოგზავნიდან რამდენიმე კვირის თავზე, რის შემდეგაც მიიღეს მისი საქართველოში მოქმედი მისიიდან გაწვევის გადაწყვეტილება", – იუწყება SWR.
SWR–ის ინფორმაციით, სამხედრო მოსამსახურე მემარჯვენე, პრორუსული პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრია. მანამდე იგი ეუთოს დამკვირვებელი იყო უკრაინის აღმოსავლეთში.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში შეუიარაღებელი სამოქალაქო სადამკვირვებლო მისიაა. ის ევროკავშირის მიერ 2008 წლის 15 სექტემბერს შეიქმნა. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ვრცელდება ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. თუმცა რუსეთის ხელისუფლება და ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლება მათ კონტროლირებად ტერიტორიაზე მისიის დაშვებაზე უარს აცხადებენ.


