"ივანიშვილმა უნდა იცოდეს, რომ სენატში გაკეთებული განცხადებები მხოლოდ განცხადებებად არ დარჩება და ამას მოჰყვება კონკრეტული მოქმედებები სანქციების სახით"
17/11/2022 10:40:00 პოლიტიკა
"ბიძინა ივანიშვილმა უნდა იცოდეს, რომ ეს განცხადებები მარტო განცხადებებად არ დარჩება და ამას მოჰყვება კონკრეტული მოქმედებები სანქციების სახით", – ასე ეხმიანება „ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ბეჟაშვილი აშშ-ის სენატში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლასთან დაკავშირებით გამოთქმულ კრიტიკას.
მისი თქმით, მმართველმა პარტიამ დროულად უნდა მიიღოს კრიტიკა და რეკომენდაციები შეასრულოს.
"სამწუხაროა, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორების განცხადებები საქართველოსთან მიმართებით უფრო და უფრო მძიმე ხდება. საუბარია დემოკრატიის ჩამოშლაზე, ავტორიტარული რეჟიმოს გაძლიერებაზე, პოლიტპატიმრებზე, მედია მენეჯრების დაკავებაზე და მათი გათავისუფლების მოთხოვნაზე. ბიძინა ივანიშვილმა უნდა იცოდეს, რომ ეს განცხადებები მხოლოდ განცხადებებად არ დარჩება და ამას მოჰყვება კონკრეტული მოქმედებები სანქციების სახით და ვერც ღარიბაშვილი, ვერც კობახიძე და სხვები ვერ უშველიან მას. ამიტომ დროულად უნდა მიიღონ ეს რეკომენდაციები, გაიაზრონ და ქვეყნის ინტერესების შესაბამისად მოქმედება უნდა დაიწყონ, რადგან ვხედავთ, რომ სახელმწიფო ინტერესებს პოლიტიკურ ინტერესებს ანაცვალენენ,"- განახადა ბეჟაშვილმა.
ცნობისთვის: 16 ნოემბერს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ კარენ დონფრიდმა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის სხდომაზე თქვა, რომ საქართველოში ხედავენ დემოკრატიულ უკუსვლას, რაც მათთვის შემაშფოთებელია. მან ასევე ისაუბრა იმ განცხადებებზე, რომელიც საქართველოში აშშ-ის ელჩის წინააღმდეგაა მიმართული.
კომიტეტის სხდომაზე ევროპის ქვეკომიტეტის თავმჯდომარემ ჯინ შაჰინმა თქვა, რომ საქართველოს დახმარება შეიძლება, დაუკავშირონ ქვეყნის ქმედებებს:
"რეალობა ისაა, რომ საქართველოში უდიდესი უკუსვლაა. ჩვენ ვუწევთ მნიშვნელოვან მხარდაჭერას რეფორმების დღის წესრიგისთვის. შეიძლება, ეს დახმარება უნდა დავუკავშიროთ საქართველოს მხრიდან ქმედებებს, მაგრამ დამარწმუნეს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა პირებმა და პალატის წევრებმა ბიუჯეტზე მოლაპარაკების ბოლო რაუნდისას, რომ ამის გაკეთება შესაძლოა, არ იყოს კარგი, მაგრამ ჩემი აზრით, საჭიროა ვიფიქროთ, არის თუ არა დრო, რომ გადავხედოთ ჩვენს სტრატეგიას საქართველოზე".


