„ევროკავშირის კარი გაიღო და ახლა საქართველომ უნდა დაამტკიცოს, რომ მზადაა შემდგომი ნაბიჯების გადასადგმელად“
17/11/2022 15:57:56 პოლიტიკა
საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, 12 პრიორიტეტის განხორციელებასთან დაკავშირებით ევროკომისარმა ძალიან მკაფიოდ უთხრა ყველას, ვისაც შეხვდა, რომ საჭიროა ეროვნული კონსენსუსი, რაც ნიშნავს ინკლუზიურობას მთავრობის მხრიდან და კონსტუქციულ ჩართულობას ოპოზიციის მხრიდან.
„ევროკომისარი ვარჰეი საქართველოში პირველად ჩამოვიდა როგორც ევროკომისარი, რომელიც პასუხისმგებელია არამარტო სამეზობლო პოლიტიკის, არამედ გაფართოების საკითხებზეც. მას შემდეგ, რაც ზაფხულში ევროკავშირის ლიდერებმა საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიანიჭეს, ევროკავშირის კარი გაიღო და ახლა საქართველომ უნდა დაამტკიცოს, რომ ის მზადაა შემდგომი ნაბიჯების გადასადგმელად.
ვიზიტისას ევროკომისარმა ორ ძირითად საკითხზე გაამახვილა ყურადღება, ესენია: ევროკომისიის 12 პრიორიტეტი (რეკომენდაცია) საქართველოსთვის და ევროპის საინვესტიციო გეგმა. 12 პრიორიტეტის განხორციელებასთან დაკავშირებით ევროკომისარმა ძალიან მკაფიოდ უთხრა ყველას, ვისაც შეხვდა, რომ საჭიროა ეროვნული კონსენსუსი, რაც ნიშნავს ინკლუზიურობას მთავრობის მხრიდან და კონსტუქციულ ჩართულობას ოპოზიციის მხრიდან.
ევროკომისარმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შემდეგი ნაბიჯების გადასადგმელად, აუცილებელია თანამშრომლობა ყველა მხარეს შორის. ევროპის საინვესტიციო გეგმის ფარგლებში გამართული დისკუსიებისას ძირითადი აქცენტი გაკეთდა პროექტებზე ურთიერთდაკავშირებისა და ენერგეტიკის სფეროებში. უნდა დავაჩქაროთ მათი განხორციელება და დიდი იმედი მაქვს, რომ მალე გვექნება კონკრეტული შედეგები. შედეგები, რომელიც სარგებელს მოუტანს როგორც საქართველოს, ისე ევროკავშირს“, - განაცხადა ელჩმა.


