
„აბრეშუმის გზის ფორუმის“ პარალელურად ოპერასთან აქცია იმართება
22/10/2019 06:06:24 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
მოძრაობა „ქვეყნის სამსახურში“ ოპერის თეატრის წინ, სადაც „აბრეშუმის გზის ფორუმი“ იმართება, აქციას მართავს. აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი 20 ივნისის მოვლენებს აპროტესტებენ.
„ჩვენ დავპირდით ბატონ გიორგი გახარიას და მთლიანად მთავრობას, რომ არ გავუტარებდით მათ 20 ივნისის ღამეს და ყველგან შევუქმნიდით დისკომფორტს, სადაც იქნებოდნენ. გუშინ შევიტყვეთ, რომ დღეს ჰქონდათ ფორუმის გახსნა, მოვედით და გვინდა, რომ არა მარტო გიორგი გახარიამ და ხელისუფლების წარმომადგენლებმა, არამედ აქ მოსულმა სტუმრებმაც დაინახონ ჩვენი პროტესტი და გავაგონოთ, რომ ჩვენი მთავრობა არის პრორუსული, გიორგი გახარია არის მოსკოვის კაცი. უბრალოდ ვაპირებთ ხმაურს, რადგან შიგნით შესვლის საშუალება არ გვეძლევა. გვინდა, ვიხმაუროთ და მივაწვდინოთ ხმა გახარიას და დამსწრე სტუმრებს“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ თამთა გოგოლაძემ.
ცნობისთვის: თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში 21 სექტემბრამდე გრძელდებოდა ანტისაოკუპაციო და ანტისამთავრობო აქციები, რომელიც 20 ივნისს რუს კომუნისტ დეპუტატ გავრილოვის საქართველოს პარლამენტის სავარძელში აღმოჩენას, ხოლო შემდეგ ამის გასაპროტესტებლად შეკრებილთა აქციის დარბევას მოჰყვა.
რუსთაველის გამზირზე მოქალაქეებმა აქციები 20 ივნისიდან დაიწყეს. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასა და პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გადაყენებას, ასევე 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას. პარლამენტის წინ სიტუაცია 20 ივნისის ღამით მას შემდეგ დაიძაბა, რაც დემონსტრანტები პარლამენტის შენობის შესასვლელისკენ დაიძრნენ. ხელისუფლებამ აქცია ძალის გამოყენებით დაშალა. დაშავდა 240-მდე მოქალაქე, მათგან 80 პოლიციელი. დაშავდა მედიის 40-მდე წარმომადგენელი. ორმა მოქალაქემ (მაკო გომურმა და გიორგი სულაშვილმა) თვალი დაკარგა. მედიის მიერ გადაღებული ვიდეოებით ჩანს, რომ სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ. 21 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა. "ქართულმა ოცნებამ" ასევე გაითვალისწინა დემონსტრანტების ორი მოთხოვნა – 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებასთან და 20–21 ივნისის მოვლენების დროს დაკავებულების გათავისუფლებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება მესამე მოთხოვნას, შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას, ხელისუფლება ამ დათმობაზე არათუ წავიდა, გახარია დღეს პრემიერ–მინისტრია.