Accentnews.ge
პრემიერი – გიორგი ვაშაძეს: "თქვენი გამოსვლა იყო ფარისევლობის და სიყალბის პერფორმანსი, მაგალითი იმისა, თუ როგორ არ უნდა მოიქცეს პოლიტიკოსი"

პრემიერი – გიორგი ვაშაძეს: "თქვენი გამოსვლა იყო ფარისევლობის და სიყალბის პერფორმანსი, მაგალითი იმისა, თუ როგორ არ უნდა მოიქცეს პოლიტიკოსი"

18/11/2022 08:43:50 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლა საპარლამენტო უმცირესობის წევრის გიორგი ვაშაძის კრიტიკით დაიწყო.

მან გიორგი ვაშაძის განცხადებას "ფარისევლობა, სიყალბე და ტყუილი" უწოდა:

„ჩვენ ახლა მოვისმინეთ გიორგი ვაშაძის ემოციური გამოსვლა. რა თქმა უნდა, არ ვაპირებ ემოციების დახარჯვას, ენერგიის დაზოგვა მაქვს გადაწყვეტილი. ერთი რამ მინდა გითხრათ, თქვენი დღევანდელი გამოსვლა იყო ფარისევლობის და სიყალბის პერფორმანსი და მაგალითი იმისა, როგორ არ უნდა მოიქცეს პოლიტიკოსი. ეს არის ფარისევლობა, სიყალბე, ტყუილი, რასაც თქვენ აკეთებთ და რაც ჩაიდინეთ. ამას გარდა, თქვენ შეურაცხყოფა მიაყენეთ ჩვენს საზოგადოებას, ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას, ჩვენს დეპუტატებს, ჩვენ ყველას. ამ დროს, რეალურად, მე მქონდა განცდა, რომ თქვენ საკუთარ თავზე ლაპარაკობდით".

აღნიშნულის შემდეგ პრემიერმა ჩამოთვალა იმ დეპუტატთა სახელები და გვარები, რომლებმაც მათ კითხვები გაუგზავნეს და აღნიშნა, რომ "კითხვის მთავარი ავტორი, გიორგი ვაშაძე არ არის დაინტერესებული იმით, რომ ქვეყანამ დაძლიოს მთავარი გამოწვევა, როგორიც არის პოლარიზაცია":

"პირველი კითხვა, რაც მე გამომიგზავნეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა, მინდა, ყველას გავაცნო გვარები და სახელები, ვინ მომმართა კითხვებით. ესენი იყვნენ გიორგი ვაშაძე, პაატა მანჯგალაძე, თეონა აქუბარდია, ხათუნა სამნიძე, ტარიელ ნაკაიძე, თამარ კორძაია, როსტომ ჩხეიძე და ნატო ჩხეიძე. ამ ადამიანებს რომ მოვუსმინოთ და წერილის შინაარსებს გავეცნოთ, გვექნება განცდა, რომ ისინი მართლა არიან დაინტერესებული იმით, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. მოდით, ახლა ყველამ ერთად გავახსენოთ და შევახსენოთ ჩვენს საზოგადოებას, მედიის წარმომადგენლებს, რა პოზიცია უკავიათ ამ ადამიანებს და რამე წვლილი თუ შეაქვთ ამ პროცესში, რომელსაც ჰქვია 12 რეკომენდაციის შესრულება.

გიორგი ვაშაძე, რომელიც ბევრს ხმაურობს, სამუშაო ჯგუფის სხდომებს არ ესწრებოდა. იგი არ მონაწილეობს სამუშაო ჯგუფის სხდომებზე. მანამდე მინდა გითხრათ, რომ ძალიან უცნაურია, მესმის, ნებისმიერი კითხვით შეგიძლიათ, მომმართოთ, მაგრამ მთელი პროცესი არის გადმოტანილი პარლამენტში. მას შემდეგ, რაც ევროპულმა საბჭომ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება და ქვეყანას მიენიჭა ევროპული პერსპექტივა, ამის შემდეგ პარლამენტის უმრავლესობა, ჩვენი გუნდის წევრები გამოვიდნენ ინიციატივით, წარადგინეს კონკრეტული გეგმა, თუ როგორ და ვადებში ვასრულებთ 12 რეკომენდაციას. თითოეულ რეკომენდაციაზე შეიქმნა სამუშაო ჯგუფი და ყველამ ერთად, მათ შორის მეც განვაცხადეთ, რომ მზად ვართ, კარი გავუღოთ ჩვენს ოპონენტებს, მედიის წარმომადგენლებს, არასამთავრობო სექტორს. ყველას, ვინც რეალურად დაინტერესებულია, რომ მიიღოს ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი. პასუხად მივიღეთ იგივე, რასაც თქვენ აკეთებდით მთელი 10 წლის განმავლობაში, საბოტაჟი და დესტრუქცია, პროვოკაციები, რაც არ ემსახურება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს.

პაატა მანჯგალაძე სამუშაო ჯგუფის სხდომებს არ ესწრებოდა. თეონა აქუბარდია რამდენიმე სხდომას დაესწრო, მაგრამ სამუშაო ჯგუფის წევრი არ იყო. ხათუნა სამნიძე ესწრებოდა რამდენიმე სხდომას. ტარიელ ნაკაიძე სამუშაო ჯგუფის სხდომას არ ესწრებოდა, მაგრამ ჩართული იყო სახალხო დამცველის კანდიდატების განხილვებში. თამარ კორძაია სამუშაო ჯგუფის სხდომებს ესწრებოდა და როსტომ ჩხეიძე არა. ნატო ჩხეიძე ესწრებოდა კომიტეტში არსებულ სამუშაო ჯგუფს. ამით რა მინდა გითხრათ, რაც მე დასაწყისში ვთქვი. ეს არის ნამდვილი ფარისევლობა. კითხვის მთავარი ავტორი, გიორგი ვაშაძე არ არის დაინტერესებული იმით, რომ ქვეყანამ დაძლიოს მთავარი გამოწვევა, როგორიც არის პოლარიზაცია. საპირისპიროდ გამოვიდა, ყველამ მოისმინეთ, როგორი რიტორიკით წარდგა თქვენი და საზოგადოების წინაშე და შეურაცხყოფა მიაყენა ჩვენს საზოგადოებას, პარლამენტს, დეპუტატებს, კოლეგებს“.

მანამდე, გიორგი ვაშაძემ ხელისუფლება მწვავედ გააკრიტიკა. მისი თქმით, ხელისუფლებას ქვეყანა რუსული გზისკენ მიჰყავს და არაფერს აკეთებს ევრორეკომენდაციების განსახორციელებლად:

"ჩვენი არჩევანი არის ძლიერი საქართველოს არჩევანი, სადაც საქართველოს ყველა მოქალაქეს საკუთარი თავის რეალიზების შესაძლებლობა აქვს. თქვენი არჩევანი, ვინც აქ ხართ უმრავლესობის წარმომადგენლები, არის რუსეთის მონობის არჩევანი, თქვენი არჩევანი არის ლაჩრობის არჩევანი".

მან ასევე გამოსვლისას თქვა, რომ წუთიერი დუმილით პატივი მიეგოთ უკრაინაში დაღუპული მებრძოლებისთვის. მისი გამოსვლის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ კარგი იქნებოდა გიორგი ვაშაძეს გაეფრთილებინა და რეგლამენტის გათვალისწინებით თავად უზრუნველყოფდა წუთიერი დუმულით პატივის მიგების საკითხს:

„თქვენ პარლამენტს დაღუპულებისადმი პატივის მიგება სთხოვეთ და სხვა შემთხვევაც იყო, როდესაც დეპუტატებმა საკუთარი ინიციატივით სთხოვეს პარლამენტს. გარდაცვლილებისა და დაღუპულისთვის პატივის მიგება პარლამენტში სპეციალური ფორმაა და გთხოვთ, რომ პატივი ვცეთ ამ ფორმას. ამ მხრივ არ მგონია, რომ როდესაც წუთიერი დუმილის ქონა საჭირო იყო, ეს არ გვქონოდა, ამიტომ გთხოვთ, რომ თუკი თქვენ ამის სურვილი გაქვთ, მე მომმართეთ და რა თქმა უნდა, ვუზრუნველვყოფ, რომ პარლამენტმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგოს გარდაცვლილებს თუ დაღუპულებს, როდესაც პარლამენტისგან ეკუთვნის ეს პატივისცემა. ამიტომ გთხოვთ, ზოგადად მომავალშიც, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაც იყო. ალბათ, ჯობია, რომ ცალკეული ინიციატივები არ იყოს. მომმართეთ მე და ამას ვუზრუნველყოფ. ვფიქრობ, ეს უფრო სწორია დაღუპულების და გარდაცვლილების წინაშე. ეს ჩემგან თხოვნად მიიღეთ".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S