ირაკლი ღარიბაშვილმა და ალი ასადოვმა ერთმანეთს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავი მიულოცეს
18/11/2022 10:43:46 პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ალი ასადოვს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილმა და ალი ასადოვმა ერთმანეთს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავი მიულოცეს.
კოლეგებმა ხაზი გაუსვეს საქართველო-აზერბაიჯანს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობების მაღალ დონეს, რომელიც ურყევ მეგობრობას, კეთილმეზობლობასა და ურთიერთმხარდაჭერას ეფუძნება.
მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარების საქმეში მაღალი დონის ვიზიტების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და განსაკუთრებით აღნიშნეს მიმდინარე წლის ოქტომბერში საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ვიზიტის მნიშვნელობა.
ირაკლი ღარიბაშვილმა და ალი ასადოვმა ისაუბრეს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სატრანსპორტო, ენერგეტიკულ, ჰუმანიტარულ და სხვა სფეროებში ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივებზე.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ მოიწვია თავისი კოლეგა თბილისში, მიმდინარე წლის დეკემბერში დაგეგმილ ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომასთან დაკავშირებით. პრემიერ-მინისტრების თქმით, აღნიშნული ვიზიტი სასარგებლო იქნება ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული საკითხების განხილვის კუთხით.


