ელისაშვილი – ქვეყანში შემოსული რუსების შესახებ პრემიერს მიმართავს: "მოკიდეთ ამ გათახსირებულებს ხელი და დააბრუნეთ უკან, სანამ არ დაკლეს შუაგულ ქუჩაში"
18/11/2022 11:13:33 პოლიტიკა
"მოქალაქეების" წევრი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მოუწოდებს, ქვეყანაში უკრაინის ომის შემდეგ შემოსული რუსები რუსეთში გააბრუნოს.
დეპუტატმა აღნიშნა, რომ "გაივსო რუსი დეზერტირებით საქართველო" და იმ ინციდენტებზე ისაუბრა, რაც მისი თქმით, ბოლო პერიოდში თბილისში ხდება.
"მე კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი, რომ საზღვარი გახსნილიყო და რუსები შემოსულიყვნენ იმ რაოდენობით, რა რაოდენობითაც შემოვიდნენ და განსაკუთრებით შემოსულიყო ყველაზე უღირსი ხალხი – ესენი არიან დეზერტირები. გაივსო რუსი დეზერტირებით საქართველო. მიმაჩნია, რო ყველა რუსი იმპერიალისტია და მათ შორის არანაირი სხვაობა არ არის.
თქვენ ხართ ხელისუფლებაში და პასუხისმგებლობაც თქვენზეა. ალბათ, იცით რაც ხდება თბილისში ბოლო პერიოდში. ერთი რუსი იდგა, მეორე ტელეფონით უღებდა და დედას გვაგინებდა ქართველებს შუაგულ მარჯანიშვილის ქუჩაზე, დღისით და მზისით. დააკავეს და მერე გამოუშვა პოლიციამ. მერე რა ბედი ეწია არ ვიცი. კიდევ ერთი რუსი დღისით და მზისით კაფეში წიხლით შედგა ქართველ გოგოს მხოლოდ იმიტომ, რომ არ ეცეკვა ქართველი გოგო იმ ნაძირალას. ის რუსი დაკავებულია.
გუშინდლი ამბავია, რომ სიგარეტი თხოვეს ახალგაზრდებს რუსმა წყვილმა, იმათმა უთხრეს, რომ რუსულად ნუ გველაპარაკებით სხვა ენაზე გვთხოვეთო. დადგნენ და ვიდეო ჩაწერეს და დედა გვაგინეს ქართველებს. ქართველ გოგოებზე ისეთ საზიზღრობებს ლაპარაკობდნენ, რომ გაცოფებული ვარ, ვერ დავიძინე წუხელ.
თქვენ ხართ პრემიერი და გაქვთ უფლებამოსილება, მოკიდეთ ამ გათახსირებულებს ხელი და დააბრუნეთ თავის რუსეთში, სანამ მართლა თავი არ გაუჩეჩქვეს და არ დაკლეს შუაგულ ქუჩაში", – მიმართა ელისაშვილმა პრემიერს.


