ირანში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ გაეროს რეზოლუციის პროექტის კენჭისყრაში საქართველომ მონაწილეობა არ მიიღო
21/11/2022 08:41:39 პოლიტიკა
ირანში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის თაობაზე გაეროს რეზოლუციის პროექტის კენჭისყრაში საქართველომ მონაწილეობა არ მიიღო. კერძოდ, 16 ნოემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის მესამე კომიტეტმა დაამტკიცა ხსენებული დოკუმენტი და საქართველოს რეზოლუციის პროექტის კენჭისყრაზე პოზიცია არ დაუფიქსირებია.
გაეროს მიერ გავრცელებული პრეს–რელიზის მიხედვით, რეზოლუციის პროექტი 80 ხმით 28-ის წინააღმდეგ მიიღეს. 68 ქვეყანამ თავი შეიკავა.
პროექტი დაგმო ირანის წარმომადგენელმა, რომელმაც რეზოლუციის თანასპონსორები, მათ შორის, კანადა, შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, ისრაელის რეჟიმი და გერმანია ფარისევლობაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ეს ქვეყნები ადამიანის უფლებების დაცვას ქადაგებენ სისასტიკის, გენოციდისა და ეთნიკური წმენდის მიუხედავად.
რეზოლუციის პროექტის მიხედვით, ასამბლეა შეშფოთებას გამოთქვამს ირანში სიკვდილით დასჯის საგანგაშოდ მაღალი სიხშირის გამო. გარდა ამისა, დოკუმენტი შეიცავს მოწოდებას ირანის ხელისუფლებისადმი, შეწყვიტოს გადაჭარბებული ძალის გამოყენება მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ. ირანში საპროტესტო აქციები მაჰსა ამინის დაპატიმრების და დაღუპვის შემდეგ არ წყდება.
"აქცენტი" კენჭისყრაში საქართველოს არმონაწილეობასთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა და უწყების განმარტებას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.


