კომიტეტის სხდომაზე კენჭისყრისას ყველაზე მეტი ხმა ბურჯანაძემ მიიღო
21/11/2022 14:08:37 პოლიტიკა
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე გამართული კენჭისყრისას ყველაზე მეტი - 9 ხმა სახალხო დამცველის კანდიდატმა, ომბუდსმენის მოქმედმა მოადგილემ გიორგი ბურჯანაძემ მიიღო. იგი სამოქალაქო სექტორის მიერ წარდგენილი ერთ-ერთი კანდიდატია.
კომიტეტმა სახალხო დამცველის პოსტზე წარდგენილ ყველა კანდიდატს დაუჭირა მხარი, გარდა იმ პირებისა, რომლებმაც მანამდე მოხსნეს კანდიდატურა. საკითხი ახლა პლენარულ სხდომაზე გადავა.
კენჭისყრამდე კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ განმარტა, რომ კომიტეტის ფარგლებში "ქართული ოცნების" ფრაქცია ყველა კანდიდატს დაუჭერდა მხარს იმ მოტივით, რომ ამ თემაზე "პოლიტიკური კონსულტაციებს ხელი არ შეეშალოს".
სამოქალაქო სექტორის მხარდაჭერილ კიდევ ერთ კანდიდატს ნაზი ჯანეზაშვილს, რომელიც გასაუბრებაზე არ მივიდა, მხოლოდ ორმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, "ლელოდან" ანა ნაცვლიშვილმა და ენმ-დან ნატო ჩხეიძემ დაუჭირა მხარი. მათი ხმები კომიტეტის დადებითი რეკომენდაციისთვის საკმარისი არ იყო.
კომიტეტზე გამართული კენჭისყრისას კანდიდატების მხარდაჭერა ასე განაწილდა:
- ანა აბაშიძე - 7 მომხრე;
- მარიკა არევაძე - 6 მომხრე;
- გიორგი ბურჯანაძე - ერთხმად - 9 მომხრე;
- ლელა გაფრინდაშვილი - 6 მომხრე;
- სოფიო დემეტრაშვილი - 6 მომხრე;
- თინათინ ერქვანია - 6 მომხრე;
- ევგენია თავაძე - 6 მომხრე;
- ალექსანდრე კობაიძე - 6 მომხრე;
- ლევან კოკორაშვილი - 6 მომხრე;
- ნუგზარ კოხრეიძე - 6 მომხრე;
- გიორგი მარიამიძე - 6 მომხრე;
- სერგო მახარაძე - 6 მომხრემაკა მინდიაშვილი - 6 მომხრე;
- ჯემალ ნათელაშვილი - კანდიდატურა მოხსნა;
- ნიკოლოზ ნიკოლაძე - კანდიდატურა მოხსნა;
- ქეთევან ჩაჩავა - 6 მომხრე;
- გიორგი ცობეხია - კანდიდატურა მოხსნა;
- იაგო ხვიჩია - 6 მომხრე;
- ნაზი ჯანეზაშვილი- 2 მომხრე.
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა სახალხო დამცველების კანდიდატების მოსმენა 25 ოქტომბერს დაიწყო და 4 ნოემბერს დაასრულა.
სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას, უფლებამოსილების ვადა ეწურება 2022 წლის 8 დეკემბერს. სახალხო დამცველის 6 წლის ვადით ასარჩევად 90 ხმაა საჭირო.


