"ომიდან მთავარი გაკვეთილი ისაა, რომ უკრაინას უფრო ადრე და მეტად უნდა დავხმარებოდით, ზუსტად იგივე ვრცელდება საქართველოზე"
21/11/2022 14:50:14 პოლიტიკა
NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსი უნდა დაეხმაროს პარტნიორებს, რომ მათ თავი თავი დაცულად იგრძნონ. ამ კონტექსტში მან საქართველოც ახსენა.
როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, მთავარი გაკვეთილი უკრაინის ომიდან არის ის, რომ მას უფრო ადრე და უფრო მეტად უნდა დახმარებოდნენ და რომ „ზუსტად იგივე ვრცელდება საქართველოზეც“.
„ჩვენ, როგორც ალიანსს, გვაქვს პასუხისმგებლობა, დავიცვათ ერთმანეთი, მაგრამ ჩვენ ასევე გვაქვს პასუხისმგებლობა, უზრუნველვყოთ, რომ ჩვენი უახლოესი პარტნიორები, განსაკუთრებით კი რუსეთის აგრესიის წინაშე ყველაზე მოწყვლადები, როგორიცაა საქართველო, რომელმაც უკვე განიცადა საკუთარ თავზე რუსეთის აგრესია 2008 წელს, ჩვენს მხარდაჭერას იღებდნენ. მტკიცედ მწამს, ვიდრე არ მივაღწევთ, რომ ეს ქვეყნები იყვნენ ნატო-ს სრულუფლებიანი წევრები, მანამდე, სულ მცირე, მათ უნდა მივაწოდოთ მნიშვნელოვანი დახმარება. მთავარი გაკვეთილი უკრაინის ომიდან არის ის, რომ უკრაინას უფრო ადრე და უფრო მეტად უნდა დავხმარებოდით. მინდა შევაქო ის მოკავშირეები, რომლებიც უკრაინას ეხმარებოდნენ 2014 წლიდან. ნატო-მაც მიაწოდა მხარდაჭერა უკრაინას – ტრენინგები, შესაძლებლობების გაზრდა, მაგრამ ნატო-ს შეეძლო მეტის გაკეთება უკრაინისთვის რუსეთის შეჭრამდე. ზუსტად იგივე ვრცელდება საქართველოზე და იმ ქვეყნებზე, რომლებიც არიან ჩვენი ახლო პარტნიორები. მაგალითად, მახსოვს, როდესაც 2015 წელს ჩავედი ლვოვში, კერძოდ იავორივში და ვნახე აშშ, კანადა და დიდი ბრიტანეთი ინტენსიურად წვრთნიდნენ უკრაინელ სამხედროებს, ეს წვრთნები უკიდურესად მნიშვნელოვანი იყო. ამიტომ, ყველაზე მეტად საჭიროა მეტი მხარდაჭერა საქართველოსთვის, მოლდოვისთვის და სხვა პარტნიორებისთვის, ვინც საფრთხის ქვეშაა. ეს დახმარება არის საჭირო ახლა. სწორედ ეს არის უკრაინის გაკვეთილი. თქვენ უნდა დამეხმაროთ, რადგანაც ჩვენ გვჭირდება ფული თქვენი პარლამენტებიდან“, – განაცხადა სტოლტენბერგმა ალიანსის საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე, რომელიც მადრიდში მიმდინარეობს.


