ევროკავშირის წარმომადგენლობა – დეოლიგარქიზაციის კანონპროექტზე: "კანონის მიღებამდე უნდა იყოს მოთხოვნილი და შესრულებული ვენეციის კომისიის დასკვნა"
21/11/2022 15:02:38 პოლიტიკა
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა „დეოლიგარქიზაციის“ კანონპროექტს ეხმაურება.
ევროკავშირის წარმომადგენლობაში აცხადებენ, რომ კანონის მიღებამდე მოთხოვნილი და შესრულებული უნდა იყოს ვენეციის კომისიის დასკვნა.
„დეოლიგარქიზაციის“ კანონპროექტმა მეორე მოსმენა გაიარა. კვლავ ვიმეორებთ ჩვენს მტკიცე მოსაზრებას, რომ ამ კანონის მიღებამდე უნდა იყოს მოთხოვნილი და შესრულებული ვენეციის კომისიის დასკვნა”, - აცხადებენ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობაში.
მანამდე, საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფმა ევროკომისარმა სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეიმ თბილისში ვიზიტისას აღნიშნა, რომ საქართველომ "დეოლიგარქიზაციის შესახებ" ისეთი კანონი უნდა მიიღოს, რომელიც ეფექტური იქნება ამ საკითხის გადასაჭრელად.
"ევროკავშირი, ჩვენ, არ ვარჩევთ, რომელია "კარგი" ოლიგარქი და რომელი - "ცუდი". იდეა იმაშია, რომ ეს კრიტერიუმები მკაფიო იყოს, არავის ჰქონდეს არაჯანსაღი გავლენა პოლიტიკურ, სამართლებრივ, იურიდიულ გადაწყვეტილებებზე თავისი თავის სასიკეთოდ ან სხვების სასიკეთოდ, რომელიც, საბოლოოდ, მისი სასიკეთო იქნება. ჩვენი კრიტერიუმები ყოველთვის არის ზოგადი და არასდროს არ უკავშირდება რომელიმე ადამიანს. როცა საუბარია დეოლიგარქიზაციის კანონზე, ჩვენ ვთხოვეთ ქვეყანას ისეთი საკანონმდებლო ჩარჩოს არსებობა, რომელიც ამ სისტემას დაარეგულირებს. სწორედ ამიტომ ვთავაზობთ მთავრობას, რომ ვენეციის კომისიაზე გაიტანოს შესაფასებლად ეს კანონპროექტი და ვნახოთ, რამდენად მიიყვანს ეს იურიდიული ინსტრუმენტი ქვეყანას იმ მიზნამდე, რომელიც გაწერილია პრიორიტეტებში", - თქვა ევროკომისარმა.
დეოლიგარქიზაცია ერთ-ერთია იმ 12 პუნქტიდან, რომლებიც საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად უნდა შეასრულოს. საქართველოს პარლამენტმა უკვე მიიღო უკრაინაში დამტკიცებული კანონის ქართული ვერსია ორი მოსმენით.
უმრავლესობის დეპუტატები ფიქრობენ, რომ კანონის მიღების შემდეგ, ოლიგარქების სიაში დავით კეზერაშვილი მოხვდება, რომელიც ქვეყნის ყოფილი თავდაცვის მინისტრია, ახლა კი ტელეკომპანია "ფორმულის" საკონტროლო პაკეტს ფლობს. ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ქვეყანას მხოლოდ ერთი ოლიგარქი ჰყავს - ამ შემთხვევაში გულისხმობენ პარტია "ქართული ოცნების" დამფუძნებელს ბიძინა ივანიშვილს.
პროექტის ამჟამინდელი ვერსიით, ოლიგარქების რეესტრის შემდგენელ ორგანოდ მთავრობაა განსაზღვრილი.


