ნატო-ს PA-ს რეზოლუცია: "ვადასტურებთ ურყევ მხარდაჭერას "ღია კარის" პოლიტიკის მიმართ და მოვუწოდებთ წევრ ქვეყნებს, გააძლიერონ მხარდაჭერა საქართველოსთვის"
22/11/2022 06:11:37 პოლიტიკა
მადრიდში, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეამ (PA) მიიღო რეზოლუცია, რომელშიც, მათ შორის საქართველოს მხარდაჭერზე არის საუბარი.
„ერთსულოვნად მიესალმება ფინეთისა და შვედეთის მიწვევას ნატო-ში გაწევრიანებისთვის, მათ გაწევრიანებაზე თანხმობა უკვე თითქმის ყველა წევრი სახელმწიფოს პარლამენტის მიერაა რატიფიცირებული, რომელიც მთლიანობაში გააძლიერებს ევროატლანტიკურ უსაფრთხოებას. ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა კიდევ ერთხელ ადასტურებს ურყევ მხარდაჭერას ალიანსის "ღია კარის" პოლიტიკისა და უკრაინის, საქართველოსა და ბოსნია და ჰერცეგოვინის ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ.
კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის ურყევ მხარდაჭერას უკრაინის, ასევე საქართველოსა და მოლდოვას რესპუბლიკის ეროვნული სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
დაჟინებით მოუწოდებს ნატო-ს წევრი ქვეყნების მთავრობებსა და პარლამენტებს გააძლიერონ მხარდაჭერა მოწყვლადი პარტნიორებისთვის – ბოსნია-ჰერცეგოვინასთვის, საქართველოსა და მოლდოვასთვის, რათა აღმოუჩინონ დახმარება მედეგობის გაძლიერებაში, მათი პოტენციალის განვითარებასა და პოლიტიკური დამოუკიდებლობის დაცვაში. ასევე, გააგრძელონ საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინას ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერა“, – ნათქვამია რეზოლუციაში.


