დეკანოიძე: "ხაბეიშვილს პარტიის თავმჯდომარისთვის კვალიფიკაცია ნაკლები ხარისხით აქვს"
22/11/2022 16:46:49 პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ ლევან ხაბეიშვილს პარტიის თავმჯდომარისთვის საჭირო კვალიფიკაცია „ნაკლები ხარისხით“ აქვს.
როგორც დეკანოიძემ განაცხადა, მას გადაწყვეტილი აქვს ვის დაუჭერს მხარს ენმ-ის თავმჯდომარის არჩევნებში, თუმცა არ დაასახელა ვის ემხრობა. მისი თქმით პარტიის თავმჯდომარე უნდა იყოს ადამიანი, რომელიც უნდა მოიაზრებოდეს ხელისუფლების ალტერნატივა და პრემიერ-მინისტრი.
"მე ლევანს, როგორც ანტიკორუფციულ აქტივისტს ვცემ ძალიან დიდი პატივს, იგი არის ჩვენი დეპუტატი, ჩვენი მეგობარი, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ მას კვალიფიკაცია, რაც უნდა ჰქონდეს თავმჯდომარეს, გაცილებით ნაკლები ხარისხით აქვს, მე არ ვამბობ კონკრეტულად პოლიტიკოსისთვის, ვიდრე შეიძლებოდა, მე მესურვა, ვთქვათ ახალი თავმჯდომარისთვის", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.


