დეკანოიძე –კანდიდატის სტატუსის თაობაზე: "ფანჯარა თუ დაიხურა, დაიხურება, სულ მცირე, ერთი დეკადით, ანუ 10 წლით მაინც"
22/11/2022 20:09:14 პოლიტიკა
"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ხატია დეკანოიძემ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების შანსებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ "ფანჯარა თუ დაიხურა, დაიხურება, სულ მცირე, ერთი დეკადით, ანუ 10 წლით მაინც".
მისი თქმით, საქართველოს ჯერ კიდევ აქვს შანსი, მიიღოს სტატუსი.
"მე უარყოფითად არ წამიკითხავს ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის განცხადება. მე ის წავიკითხე შემდეგნაირად, რომ შანსი, რომელიც საქართველოს აქვს და ის 12 რეკომენდაცია, რომელიც შეიძლება, ვიღაცამ ტექნიკურ ნაწილად ჩათვალოს, მაგრამ ასევე ამის უკან დიდი პოლიტიკური ნაწილი დგას, ეს შანსი საქართველოს ჯერ კიდევ აქვს. თუ საქართველოს ხელისფლებამ ამ შანსს გადაურა და გადაწყვიტა, რომ ბიძინა ივანიშვილი არის მისთვის უპირველესი და ასე ჩანს ამ ეტაპზე, მაშინ, რა თქმა უნდა, საქართველო დაკარგავს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს, დაკარგავს მოლაპარაკებების ეტაპზე, ანუ იმ ეტაპზე გადასვლას, რომელზეც უკრაინა და მოლდოვა იქნებიან და საქართველო მინიმუმ, 15–წლიან დეკადაში იქნება გაურკვეველ რუხ ზონაში, როდესაც ივანიშვილს კი აქვს იმედი, რომ რუსეთი გაიმარჯვებს, მაგრამ რუსეთი ვერ გაიმარჯვებს, უკრაინა გაიმარჯვებს და ჩვენ უკრაინისგან ვიქნებით ძალიან შორს. ამას დაკარგავს საქართველო", – განაცხადა დეკანოიძემ "მთავარი არხის" ეთერში.
ამასთან, მან დეოლიგარქიზაციის კანონის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება, რომელსაც უკრაინის შესაბამისი კანონის ანალოგი გადმოაქვს, გეგმავს, რომ ის "ოპოზიციის, მედიამფლობელების წინააღმდეგ გამოიყენოს და არ გადააგზავნოს ვენეციის კომისიაში იმიტომ, რომ ის კანონი, რომელიც უკრაინამ გადააგზავნა, ვენეციის კომისიამ შენიშნვებით დაუბრუნა უკან".
რაც შეეხება მოლდოვას, დეკანოიძის განცხადებით, მოლდოვაში ფართოდ უყურებენ ამ კანონის განხილვას და ის უკრაინის ზუსტი ანალოგი არ იქნება.


