Accentnews.ge
ევროპარლამენტში გაფართოების პოლიტიკის შესახებ დებატები გაიმართა: "გვჭირდება დავინახოთ, რომ კანდიდატი ქვეყნები ჩვენს ფასეულობებს პრაქტიკაში ახორციელებენ"

ევროპარლამენტში გაფართოების პოლიტიკის შესახებ დებატები გაიმართა: "გვჭირდება დავინახოთ, რომ კანდიდატი ქვეყნები ჩვენს ფასეულობებს პრაქტიკაში ახორციელებენ"

23/11/2022 07:09:11 პოლიტიკა

ევროპარლამენტმა ევროკავშირის გაფართოების ახალი სტრატეგიის თაობაზე დოკუმენტი განიხილა. ევროპარლამენტარებმა დებატების დროს ხაზგასმით აღნიშნეს, რომ გაფართოების საკითხი დაფუძნებულია კოპენჰაგენის კრიტერიუმებზე.

ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ევროკომისარმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეიმ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მიიღებს მას შემდეგ, რაც შეასრულებს ევროკომისიის რეკომენდაციებს.

"გაფართოების საკითხი გეოსტრატეგიული პრიორიტეტია. ივნისში ევროკავშირის ლიდერებმა უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიანიჭეს, ხოლო საქართველო ამ სტატუსს მიიღებს მას შემდეგ, რაც შეასრულებს ევროკომისიის რეკომენდაციებს. ჩვენ გაფართოების საკითხში ფოკუსირებული ვართ ფუნდამენტური რეფორმების ჩატარებაზე. ჩვენ შესაძლებელი გავხადეთ ვიმოქმედოთ სწრაფად კანდიდატი ქვეყნებისთვის, თუ ისინი იმოქმედებენ სწრაფად. ევროკავშირში გაწევრიანება არის იდეა თავისუფლების, უსაფრთხოების და სტაბილურობის. ჩვენ ეს ვნახეთ ახალი აპლიკანტების მაგალითზე, ჩვენი პასუხისმგებლობაა, ეს მოლოდინები გავამართლოთ. უნდა განვამტკიცოთ გაფართოების პოლიტიკა მკაცრი, მაგრამ სამართლიანი პირობებით, მიღწევებზე დაფუძნებული პრინციპით".

როგორც ევროპარლამენტარმა "ევროპის სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსიდან" ტონინო პიცულამ აღნიშნა, "სჭირდებათ, დაინახონ, რომ კანდიდატი ქვეყნები ევროპულ ფასეულობებს პრაქტიკაში ახორციელებენ":

"ევროკავშირის საბჭოს შეთანხმება უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ და საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარება არის ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერის ნიშანი. ამ გადაწყვეტილებით, ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა ოფიციალურად გაფართოვდა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებზე. ამიტომ, ჩვენი შიდა ადმინისტრაციული სტრუქტურები და საგარეო ფინანსური ინსტრუმენტები საჭიროებს შესაბამის კორექტირებას. თითოეული ქვეყანა უნდა შეფასდეს საკუთარი დამსახურებით. გაფართოების საკითხის წარმატება არის ასევე დამოკიდებული კანდიდატ ქვეყნებზე. ჩვენ გვჭირდება დავინახოთ, რომ ჩვენს პრინციპებს და ფასეულობებს პრაქტიკაში ახორციელებთ. უნდა დავინახოთ, რომ თქვენს ქვეყნებში მიაღწიეთ პოლიტიკურ კონსენსუსს, რომელიც იქნება პოლიტიკურ განსხვავებებზე მაღლა. ევროპული მომავალი არის ის, რასაც თქვენი მოქალაქეები მხარს უჭერენ და იმსახურებენ. თქვენი ადგილი ევროპაშია. ევროკავშირის წევრობა ნიშნავს მეტს, ვიდრე მხოლოდ ევროკავშირის ფინანსური ფონდები და სატრანსპორტო დერეფნებია. ყველაზე მთავარია, რომ ის წარმოადგენს ღირებულებებისა და პრინციპების ერთობლიობას, რომელიც უნდა გაიზიარო და პატივი სცე".

ამასთან, მან ევროკავშირის გაფართოების ახალი სტრატეგიის დოკუმენტით გათვალისწინებულ რამდენიმე საკითხზე ისაუბრა.

„წარმოგიდგენთ რამდენიმე სიახლეს, რომელიც დოკუმენტში არის შემოთავაზებული. ესენია:

  • მკაფიო ვადები გაწევრიანების პროცესში ჩართულ ქვეყნებთან მოლაპარაკებების დასასრულებლად და ეს მოლაპარაკებები უნდა დასრულდეს ამ ათწლეულის ბოლოს.
  • კვალიფიციური უმრავლესობის გადაწყვეტილებით უნდა მოხდეს მოლაპარაკებების დაწყებაც და მოლაპარაკების თითოეული თავის დახურვაც. თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ევროკავშირმა ერთსულოვნად უნდა მიიღოს.
  • ევროკავშირის მხრიდან თითოეული ქვეყნისთვის მთავარი მომლაპარაკებელი უნდა იყოს დანიშნული.
  • უნდა მოხდეს ჩარჩოს ჩამოყალიბება ეფექტური თანამშრომლობისთვის ევროპის პროკურატურასა და გაწევრიანების პროცესში მონაწილე ქვეყანას შორის, რათა მოხდეს ახლო თანამშრომლობის ხელშეწყობა.
  • გაწევრიანების პროცესში მონაწილე ქვეყნების ფორმალური შეფასება უნდა მოხდეს ევროკავშირის კანონის უზენაესობის მექანიზმით.
  • უნდა შეიქმნას სპეციალური კანონის უზენაესობის საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფი, რომელიც უფრო არსებით მხარდაჭერას გაუწევს კანდიდატ ქვეყანას".

ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი აღნიშნავს, რომ "კოპენჰაგენის კრიტერიუმები იყო და უნდა დარჩეს ევროკავშირის გაფართოების კრიტერიუმებად".

„გაფართოება არის ევროკავშირის ყველაზე მძლავრი საგარეო პოლიტიკური ინსტრუმენტი, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ინსტრუმენტი. ეს დღეს უფრო მეტად არის საჭირო, როდესაც რუსეთის აგრესიის ფონზე ევროკავშირის წევრობა გახდა იმედი და გარანტია, გადარჩენისა და დამოუკიდებლობის ზოგიერთი ჩვენი აღმოსავლეთ პარტნიორისთვის. ჩვენი პოლიტიკური და მორალური ვალდებულებაა, არ ვუღალატოთ ქვეყნებს, რომლებიც საკუთარ მომავალს ევროკავშირში ხედავენ. თუმცა ეს არ გულისხმობს ევროკავშირის სტანდარტების დაბლა დაწევას. პირიქით, კოპენჰაგენის კრიტერიუმები იყო და უნდა დარჩეს ევროკავშირის გაფართოების კრიტერიუმებად, მაგრამ არის ნაბიჯები, რომლებიც ჩვენი გადასადგმელია. მათ შორის გაფართოების პოლიტიკის ყოვლისმომცველი გარდაქმნა, არსებული ჩიხის და გაფართოებით დაღლილობის გადალახვა“, – აღნიშნა კალიურანდმა.

ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა სიტყვით გამოსვლისას გაფართოების აუცილებლობაზე ისაუბრა. მან მიაჩნია, რომ ევროკავშირმა უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები გაწევრიანების შესახებ უკრაინასთან და მოლდოვასთან უკვე 2023 წელს, თუმცა მას ამ კონტექსტში საქართველო არ უხსენებია.

„ამ ანგარიშის ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი მკაფიოა, გაფართოება არის ევროკავშირის ყველაზე ეფექტური საგარეო პოლიტიკური ინსტრუმენტი და გაფართოება უნდა დაბრუნდეს ამბიციურ და დინამიურ გზაზე, როგორც ეს იყო ცენტრალური ევროპისკენ გაფართოების დროს. ე.წ. გაფართოების გადაღლილობა, განსაკუთრებით "აღმოსავლეთ პარტნიორობის" წევრი ქვეყნების მიმართ ძალიან დიდი შეცდომა იყო. სწორედ ეს გახდა ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც გადაწყვიტა პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაეწყო. კარგია, რომ ევროკავშირის ხელმძღვანელობამ დაიწყო წარსული შეცდომების გათვალისწინება. ჯოზეფ ბორელმა ევროპარლამენტში გამოსვლისას ღიად განაცხადა, რომ ომამდე ევროკავშირს არ ჰქონდა სათანადო და სწორი პოლიტიკა უკრაინის მიმართ, რადგან ეს პოლიტიკა რუსეთის მიმართ პოლიტიკას იყო დაქვემდებარებული. ახლა ეს დამოკიდებულება გაქარა. ძალიან კარგია, რომ გვესმის ამბიციური განცხადებები ევროკავშირის გაფართოების შესახებ ჯოზეფ ბორელისგან, ურსულა ფონ დერ ლაიენისგან და ოლაფ შოლცისგან. ძალიან კარგი იქნება, თუ ამ ამბიციას გამოხატავენ ევროკავშირის ინსტიტუტები და ევროკავშირის წევრი ქვეყნებიც. მე არ მესმის მიზეზები, რატომ არ შეიძლება ევროკავშირმა დაიწყოს მოლაპარაკებები გაწევრიანების შესახებ უკრაინასთან და მოლდოვასთან უკვე მომავალი წლის შუაში“, – აღნიშნა კუბილიუსმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S