ოხანაშვილი: "პრინციპული წინააღმდეგობა პროექტის ვენეციის კომისიაში გაგზავნა-არგაგზავნასთან არ გვაქვს"
24/11/2022 11:53:07 პოლიტიკა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ "ქართულ ოცნებას" "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გაგზავნა/არგაგზავნასთან დაკავშირებით პრინციპული წინააღმდეგობა არ აქვს".
მისი თქმით, აღნიშნული თემის თაობაზე ისინი მუშაობენ ევროპულ სტრუქტურებთან.
„დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი ორი მოსმენით უკვე განხილულია. მეორე მოსმენით განხილვის დროს, როგორც მომხსენებელმა, აღვნიშნე, რომ ჩვენთვის გასაგებია ბატონი ვარჰეის აზრი, ჩვენ გვექნება კონსულტაციები ევროპულ სტრუქტურებთან და ვართ ამ კონსულტაციის რეჟიმში. რა თქმა უნდა, რაიმე ტიპის პრინციპული წინააღმდეგობა გაგზავნა-არგაგზავნასთან დაკავშირებით არ არის. საჭიროა კონსულტაციის პროცესი. ჩვენ ვარკვევთ, თუ რა ხდება უკრაინასთან მიმართებაში, რომელმაც გაგზავნა მათ მიერ მიღებული „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონი დასკვნისთვის ვენეციის კომისიაში და მიმდინარეობს თუ არა მუშაობა ვენეციის კომისიაში იმაზე, რომ უკრაინას ამ კანონთან დაკავშირებით დასკვნა მიეცეს. ჩვენ, ამ კონსულტაციების ფარგლებში შევჯერდებით და გაგიზიარებთ პოზიციას”, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
21 ნოემბერს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და საქართველოს მთავრობას მისი ვენეციის კომისიისთვის გაგზავნა ურჩია.


