დარჩიაშვილმა მზადყოფნა გამოთქვა, აქტიურად ითანამშრომლოს მოლდოვასთან ევროპული ინტეგრაციის პროცესში

24-11-2022 18:14:40 პოლიტიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი მოლდოველ კოლეგა ნიკუ პოპესკუს შეხვდა. როგორც საქართველოს საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მხარეებმა ორმხრივ ურთიერთობებზე, ევროინტეგრაციასა და რეგიონში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრეს.

"ილია დარჩიაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და მოლდოვას ტრადიციულ მეგობრულ ურთიერთობას, რომელსაც ერთიანი მისწრაფებები და მიზნები კიდევ უფრო ამყარებს. მინისტრმა ასევე აღნიშნა ქართული მხარის მზადყოფნა, მაღალი დონის კოორდინაციისა და ორმხრივი გამოცდილების გაზიარების მიზნით, აქტიურად ითანამშრომლოს მოლდოვასთან ევროპული ინტეგრაციის პროცესში. მოლდოველ კოლეგასთან გამართულ ერთობლივ პრეს–კოსნფერენციაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის მონაწილეობით დაფუძნებული "ასოცირებული ტრიოს" ფორმატის მნიშვნელობას, რაც ევროპული ინტეგრაციის გზაზე სამი ქვეყნის გამორჩეულ პარტნიორობას ნათლად წარმოაჩენს", – ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ილია დარჩიაშვილის თქმით, კიშინეუში მოლდოველ კოლეგასთან შეხვედრაზე მხარეებმა გაცვალეს ინფორმაცია როგორც ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების, ისე ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის მიმდინარეობის შესახებ.

"ევროკავშირის წევრობა საქართველოსა და მოლდოვას ცივილიზაციური არჩევანია. ევროპული საბჭოს ისტორიულმა გადაწყვეტილებამ ჩვენი ქვეყნებისთვის ფორმალურად ევროკავშირის კარი გააღო და შედეგად, ჩვენ გაფართოების პაკეტში გადავინაცვლეთ. კარგად ვაცნობიერებთ, რომ ამ შედეგის მიღწევა შესაძლებელი გახდა ჩვენ მიერ იმ დიდი პასუხისმგებლობის აღებით, რომელიც ევროკავშირთან პოლიტიკურად, ეკონომიკურად და სამართლებრივად მაღალი თავსებადობის უზრუნველყოფას გულისხმობს", – განაცხადა დარჩიაშვილმა.

საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე საუბარი ასევე რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს შეეხო.

"მსურს შემთხვევით ვისარგებლო და უკრაინასა და უკრაინელ ხალხს ჩემი მხარდაჭერა და სოლიდარობა კიდევ ერთხელ დავუდასტურო,"- განაცხდა მინისტრმა.

ამასთან, მან კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა მოლდოვას სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

"ორმხრივ ურთიერთობაზე საუბრისას განსაკუთრებით ხაზი გაესვა საქართველოსა და მოლდოვას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების საიუბილეო თარიღს - 30 წლისთავს, როგორც ორმხრივი დინამიური ურთიერთობის ახალ საფეხურზე გადასვლისა და გააქტიურების კარგ შესაძლებლობას. ამ მხრივ, მხარეები მაღალი დონის ვიზიტების გაცვლას მიესალმნენ და ილია დარჩიაშვილმა კოლეგა ვიზიტით საქართველოში მოიწვია", – ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Новости

Другие новости