
რა საკითხები განიხილეს მოლდოვის პრემიერმა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა
24/11/2022 14:42:47 პოლიტიკა
მოლდოვის პრემიერ-მინისტრ ნატალია გავრილიცას განცხადებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან შეხვედრაზე საქართველოსა და მოლდოვის წინაშე არსებული გამოწვევები განიხილეს.
ნატალია გავრილიცას თქმით, იზიარებენ შეხედულებას, რომ ქვეყნებს უნდა შეეძლოთ თავიანთი მომავლის განსაზღვრა და დაცული იყოს საერთაშორისო სამართალი.
„ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა. განვიხილეთ ის გამოწვევები, რომლებიც საქართველოსა და მოლდოვის წინაშე დგას ამ უსამართლო ომის შედეგად. მიუხედავად იმისა, რომ დეტალები, რა გავლენას ახდენს ეს ჩვენს ქვეყნებზე, განსხვავებულია, ჩვენ ვიზიარებთ ერთსა და იმავე შეხედულებას, რომ ქვეყნებს უნდა შეეძლოთ, განსაზღვრონ თავიანთი გზა, მომავალი და საერთაშორისო სამართალი დაცული უნდა იყოს. ჩვენ გვაქვს საერთო მისწრაფებები ჩვენი ქვეყნების ევროინტეგრაციის გზაზე განვითარების თვალსაზრისით“, – აღნიშნა, "საზოგადოებივი მაუწყებლის" ცნობით, მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა.
ნატალია გავრილიცამ ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოსთან ეკონომიკური ურთიერთობების გაუმჯობესების მნიშვნელობაზე.
„განვიხილეთ ჩვენი მზარდი პოლიტიკური თანამშრომლობა, მაგრამ ასევე გვჭირდება ეკონომიკური ურთიერთობების გაუმჯობესება. საუბედუროდ, ამ ომის ერთ-ერთი შედეგი არის ლოგისტიკური ჯაჭვის განადგურება, ჩვენს ქვეყნებს შორის ვაჭრობა ოდნავ შემცირდა. ასე რომ, ჩვენ ვისაუბრეთ ამ მიმართულებით გაუმჯობესების გადაწყვეტილებებზე, ასევე მაისში ერთობლივი ეკონომიკური კომიტეტის მოწყობის პერსპექტივაზე, რომ მივცეთ იმპულსი ეკონომიკურ თანამშრომლობას“, – აღნიშნა მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილი მოლდოვას ოფიციალური ვიზიტით დღეს ეწვია.