24-11-2022 19:15:12 პოლიტიკა
2022 წლის 21 ნოემბერს უკრაინაში საქართველოს ელჩი გიორგი ზაქარაშვილი უკრაინის პარტნიორი ქვეყნების დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელ პირებთან ერთად ქვეყნის სამხრეთში მდებარე ქალაქებში, მიკოლაევსა და ახლახან გათავისუფლებულ ხერსონში ჩავიდა.
„ვიზიტის ფარგლებში, ელჩი, გიორგი ზაქარაშვილი, კოლეგებთან ერთად, გაეცნო ადგილზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებას, ასევე შედგა შეხვედრები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, სადაც უკრაინულმა მხარემ გააჟღერა ინფორმაცია არსებული მდგომარეობისა და ომით დაზარალებული ოლქების, ასევე ოლქებში მცხოვრები პირების საჭიროებების შესახებ. შეხვედრებისას, ხაზი გაესვა საქართველოს მხრიდან უკრაინის მტკიცე და ურყევ მხარდაჭერას. ასევე აღინიშნა, რომ გაგრძელდება აქტიური ძალისხმევა როგორც პოლიტიკური, ისე ჰუმანიტარული დახმარების კუთხით“, – ნათქვამია უკრაინაში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ხერსონის ოლქის ნაწილი რუსი ოკუპანტებისგან უკრაინამ ნოემბერში გაათავისუფლა.