თბილისის უღიმღამო ბიუჯეტი ვერ პასუხობს უმძიმეს სოციალურ ფონს და მზარდ ინფლაციას – ბუაძე
25/11/2022 08:02:27 პოლიტიკა
საკრებულოს წევრის, ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა თბილისისთვის“ თავმჯდომარის საბა ბუაძის შეფასებით, თბილისს "უღიმღამო" ბიუჯეტის პროექტი, რომელიც ქალაქის მთავრობამ წარადგინა საკრებულოში, დედაქალაქის მერის კახა კალაძის მრავალწლიან დაპირებებსაც კი არ ასახავს სათანადოდ, არათუ ინფლაციის ფონზე არსებულ უმძიმეს სოციალურ მდგომარეობას.
„სამწუხაროდ, ბიუჯეტის მოქმედი რედაქცია არ ითვალისწინებს არც ერთ ამბიციურ პროექტს, რომელიც დედაქალაქს სჭირდება. არ ითვალისწინებს თანხებს ყველაზე საკვანძო მიმართულებით, როგორიცაა ტრანსპორტი. თბილისელების აბსოლუტური უმრავლესობა ახალი ავტობუსების შესყიდვას ელოდება. ვხედავთ, რომ ბიუჯეტში ეს თანხები გათვალისწინებული არ არის და მთლიანობაში, გვაქვს უღიმღამო ბიუჯეტი, რომელშიც კალაძის მრავალწლიანი დაპირებებიც კი სათანადოდ არ არის ასახული.
არსებობს მთელი რიგი მიმართულებები, სადაც არ გვაქვს მნიშვნელოვანი და ამბიციური პროექტები. სამწუხაროდ, ეს ბიუჯეტი ადეკვატურად ვერ პასუხობს იმ უმძიმეს სოციალურ ფონს, რომელიც დედაქალაქში არის და ვერ პასუხობს იმ მზარდ ინფლაციას, რომლის შედეგადაც აბსოლუტურად ყველა საქონელსა და მომსახურებაზე კოლოსალურად იზრდება ფასები",– განაცხადა ბუაძემ.
ამასთან, მან ყურადღება გაამახვილა საკადრო პოლიტიკაზე:
"საჯარო სექტორში ხელფასების ზრდა კარგი და მისასალმებელია, თუმცა ამავე სექტორში გაბერილი შტატები კარგი და მოსაწონი ვერ იქნება. ჩვენ გვაქვს შეთავაზება, რომ მთელი რიგი მიმართულებებით შტატები ოპტიმიზირდეს. იმ ადამიანებისათვის, რომლებიც რეალურად მუშაობენ და რეალურად აკეთებენ თბილისის საქმეს და არა პარტიულ საქმეს, 10%-ზე მეტით გაიზარდოს ხელფასი. ინფლაცია ეხება ყველას, მათ შორის, საჯარო სექტორში მომუშავეებსაც“.
ბიუჯტი გააკრიტიკა თბილისის საკრებულოში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ანა გოგოლაძემაც.
„რაც მე ვნახე, ის ბიუჯეტი, რომელიც მთავრობამ წარადგინა, შარშანდელი ბიუჯეტის ინერციით გაგრძელებაა. „ქართული ოცნება“ მანიპულირებს, როდესაც ამბობს, რომ თითქოს ბიუჯეტი იზრდება. სინამდვილეში, მიმდინარე ბიუჯეტთან შედარებით ის 121 მილიონით იკლებს. ერთადერთი, სადაც ზრდა ფიქსირდება, ეს არის ხელფასების საკითხი. სხვა ყველა მიმართულებით, როგორებიცაა სოციალური, რეკრეაციული, გამწვანების ნაწილი გვაქვს საგრძნობი კლება. ერთადერთი, სადაც დაფინანსება გაიზარდა, ბიუროკრატია და ხელფასებია. ძალიან ბევრი გამოწვევა, როგორიცაა უსაფრთხოებისა და სატრანსპორტო საკითხები, ამ ბიუჯეტით კვლავ მოუგვარებელი რჩება“.
შენიშვნებს არ იზიარებენ საკრებულოს უმრავლესობის წევრი, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ხელაძე.
„ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგების მხრიდან გაჟღერდა ინფორმაცია, თითქოს ჩვენ ციფრებით ვმანიპულირებთ და მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი არათუ გაზრდილი, არამედ შემცირებულია. ეს არის სიცრუე და ამის გადამოწმება ძალიან მარტივია. თქვენ შეგიძლიათ ძალიან მარტივად დათვალოთ, თუ რამდენი იყო 2022 წლის ბიუჯეტის პირველადი ვარიანტი და რამდენია 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი. 2022 წლის პირველ წარმოდგენილ ვარიანტთან მიმართებაში, თბილისის 2023 წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტის პროექტი 238 მილიონი ლარით მეტია“.
მისი მტკიცებით, ბიუჯეტი არსებითად იქნება მორგებული დედაქალაქისთვის აქტუალურ გამოწვევებზე.
მისი თქმით, მომავალი წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტის მოცულობა 1 438 775 ათას ლარს შეადგენს, რაც მიმდინარე წლის 1 იანვრის მდგომარეობით დამტკიცებულ ბიუჯეტს 133 მილიონი ლარით აღემატება:
„დედაქალაქის მომდევნო წლის ფინანსური დოკუმენტის შესახებ ყველა დარგობრივმა კომისიამ უკვე იმსჯელა. წარმოდგენილი შენიშვნები და რეკომენდაციები, პროცედურის შესაბამისად, თბილისის მერიას გადაეგზავნება. რეკომენდაციები ძირითადად რიგი მიმართულებების გაუმჯობესებას ეხება, როგორც სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების, ასევე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა- აღდგენის მიმართულებით. გვაქვს მოლოდინი, რომ ჩვენი მოთხოვნების უმრავლესობა უკვე დასამტკიცებლად შემოსულ საბოლოო ვერსიაში აისახება“.
თბილისის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის თქმით, მომავალ წელს 200-მდე ახალი, 18 მეტრიანი ავტობუსის შეძენის პროცედურა დაიწყება. ამას გარდა, ირაკლი ხელაძის თქმით, არის მოლოდინი, რომ ფინანსთა სამინისტროდან დამატებითი ტრანსფერი განხორციელდება და აღნიშნული საჭიროებები დაკმაყოფილდება.
„ასევე, ჩვენი რეკომენდაციაა, რომ გაძლიერდეს რაიონული გამგეობების მიმართულება, რათა მათ უფრო სწრაფად და ეფექტიანად შეძლონ ადგილობრივ დონეზე მოსახლეობის სხვადასხვა საჭიროების დაკმაყოფილება. მომავალ წელს სოციალური და ჯანდაცვის პროგრამები კვლავ უწყვეტად განხორციელდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია დედაქალაქის მცხოვრებლებისთვის, ამავდროულად წარმატებით უნდა გაგრძელდეს ყველა დაწყებული პროგრამისა და პროექტების დაფინანსება სხვადასხვა მიმართულებებით. საერთო ჯამში, ვფიქრობთ, რომ მომდევნო წლის დამტკიცებული ბიუჯეტი, არსებითად იქნება მორგებული იმ გამოწვევებზე, რაც დედაქალაქისთვის აქტუალურია და ჩვენი გუნდი წარმატებულ საქმიანობას განაგრძობს“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ.


