"ისნის ტერიტორიაზე სამრეწველო ზონის სამშენებლო პროექტით ჩანაცვლების უკან "ქართუ" დგას": რას ამბობენ თბილისის საკრებულოში
25/11/2022 09:34:51 პოლიტიკა
თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ირაკლი ნადირაძე ამტკიცებს, რომ ისნის ტერიტორიაზე სამრეწველო ზონის სამშენებლო პროექტით ჩანაცვლების უკან საქველმოქმედო ფონდი "ქართუ" დგას.
"ისნის რაიონში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, არსებობს სამრეწველო ტერიტორია, სადაც წესით, ფაბრიკები და ქარხნები უნდა შენდებოდეს. ამის ნაცვლად ვხედავთ, რომ სამრეწველო ზონა გარდაიქმნება სამშენებლო ზონად. ამის უკან, არც მეტი არც ნაკლები, საქველმოქმედო ფონდი "ქართუ" დგას. გასაოცარია, როგორ გარდაიქმნა ეს კომპანია საქველმოქმედო ფონდიდან დეველოპერულ კომპანიად“,– თქვა საკრებულოში ნადირაძემ.
მისი თქმით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სამრეწველო ტერიტორია საცხოვრებელი ზონით იცვლება:
„აღარ არის მნიშვნელოვანი სამუშაო ადგილები. მთავარია, ყველგან ჩავდგათ კორპუსები, რომ ვიღაცებმა იშოვონ მილიონები, ამ შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილმა თავის მილიარდებს კიდევ დამატებითი მილიონები შემატოს. ეს არის ხელისუფლებისა და მერიის დამოკიდებულება დედაქალაქის და ხალხის მიმართ".
თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარეს რევაზ სოხაძეს სტატუსის ცვლილება არ უარყვია, თუმცა ირწმუნება, რომ ისნის ტერიტორია სამრეწველო თვალსაზრისით გადაგვარებულია. მას არაფერი უთქვამს „ქართუზე“:
"ვინც არ უნდა იდგეს კონკრეტული განაშენიანების გეგმის მიღმა, თუ ქალაქისთვის მისაღები პროექტია, მას ვამტკიცებთ. ისნის ტერიტორია, რომელზეც თქვენ საუბრობდით, სამრეწველო თვალსაზრისით გადაგვარებულია. ქალაქის ურბანული პოლიტიკა ზედაპირულად არასდროს უნდა განიხილოთ. თქვენ სოციალურ ქსელშიც ხშირად ნახავთ, რომ ის სამრეწველო ტერიტორიები, რომლებიც დასახლებულ ადგილებშია, ბევრ პრობლემას ქმნის მოსახლეობისთვის. უბრალოდ სახელისა და გვარის ხსენება, თუ ეს თქვენი პიარის ნაწილია, გასაგებია. ისნის ტერიტორიასთან მიმართებით, ურბანული თვალსაზრისით, სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ".


