„შანტაჟის ელემენტები ჩანს“: რატომ პედალირებს კადიროვი გზაზე, რომელიც საქართველოს არ სჭირდება

28-11-2022 18:21:27 ანალიზი

მას შემდეგ, რაც ჩეჩნეთის რესპუბლიკის კრემლის მიერ ხელდასმულმა ლიდერმა რამზან კადიროვმა პირველად 2014 წელს პრეს–კონფერენციაზე მოულოდნელად წამოჭრა საქართველოსთან დამაკავშირებელი გზის საკითხი, თემას პერიოდულად სხვადასხვა კონტექსტში და სხვადასხვა დონეზე ააქტიურებენ ხოლმე ოფიციალური პირები თუ მათ მიერ კონტროლირებული მედიარესურსები.

ინფორმაციისთვის: საუბარია ჩეჩნეთის ხელისუფლების მიერ 1998 წელს რუსეთის ბლოკადის გარღვევისა და საქართველოს გავლით გარე სამყაროსკენ დერეფნის შექმნის იმედით გაყვანილ გზაზე. მაშინ მოსკოვისა და თბილისისთვის მოულოდნელად, ჩეჩნურმა ავტოსაგზაო ტექნიკამ მდინარე არგუნი გადმოკვეთა და ქართულ ტერიტორიაზე გზის სოფელ შატილამდე გაგრძელების სამუშაოები წამოიწყო. თბილისმა გროზნოს საქართველოს ტერიტორიიდან ტექნიკის სასწრაფოდ გაყვანა მოსთხოვა. ეს ინციდენტი ამ მთიან მხარეში ქართველი მესაზღვრეების მუდმივმოქმედი საგუშაგოს ორგანიზების მიზეზად იქცა. ამავე რაიონში მდებარეობს სადღეისოდ რუსეთის სასაზღვრო ჯარების სამხედრო ბაზაც.

ამჟამად საქართველოსა და რუსეთს შორის დამაკავშირებელი ერთადერთი ოფიციალური გზა სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთზე გადის, რომელსაც საქართველოს სამხედრო გზას უწოდებენ ხოლმე.

ამჯერად გზის მშენებლობის აგიტაციას და მის „სიკეთეებზე“ საუბარს ჩეჩნეთის სახელმწიფო მედია შეუდგა. სახელმწიფო სააგენტო "Грозный-информ" წერს, რომ "ახალი მაგისტრალი ხელს შეუწყობს სხვადასხვა რეგიონებსა და ქვეყნებს შორის მეგობრული, ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების ჩამოყალიბებას და ამასთანავე, რეგიონში ტურისტული ნაკადის გაზრდას".

"ჩეჩნეთის რესპუბლიკიდან საქართველოსკენ გზის მშენებლობას მნიშვნელოვანი სამომავლო პერსპექტივა აქვს. მას შეუძლია, უზრუნველყოს საქართველოს რესპუბლიკასთან სოციალურ-ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული კავშირების ჩამოყალიბება, საქართველოს ჩეჩნურ დიასპორასთან ურთერთობების განმტკიცება-გაფართოება და ამასთანავე, იმ დროის ეკონომია, რომელიც სჭირდება ორ მეზობელ რეგიონს შორის მანძილის დაფარვას", – განუცხადა სააგენტოს იტუმ-ყალეს რაიონის ხელმძღვანელმა იბრაგიმ ბურსაგოვმა.

"Грозный-информ"-ის კიდევ ერთი რესპონდენტი - რუსი ექსპერტი ევგენი ზოლკინი კი ამბობს, რომ ეს გზა "რუსეთ-საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს გააუმჯობესებს, ლოჯისტიკური ამოცანების გადაწყვეტის შესაძლებლობას შექმნის და შეამცირებს როგორც საქართველოში, ისე ამიერკავკასიაში ტვირთების მიწოდების დროს" (ციტატაში სტილი დაცულია).

"იტუმ-ყალე-შატილის საავტომობილო გზა დაეხმარება როგორც რეგიონს, ისე მთლიანად რუსეთს, მძლავრ იმპულსს შესძენს სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას. საბოლოო გადაწყვეტილება მისი რეკონსტრუქციისა და ამოქმედების შესახებ რუსეთისა და საქართველოს ხელმძღვანელობებს შორის შეთანხმებაზე იქნება დამოკიდებული", – დასძინა მან.

რას ფიქრობენ ოფიციალურ თბილისში

თემა გაზაფხულზეც გაიხსენეს, როდესაც გროზნოში საგანგებო ვიზიტით ჩავიდა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი ნიკოლაი პატრუშევი. მაშინ ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალური ოლქისა და რუსეთის ფედერაციის მაღალი თანამდებობის პირების გაფართოებულ შეხვედრაზე ჩეჩნეთის მთავრობის მეთაურმა მუსლიმ ხუჩიევმა განაცხადა, რომ „ჩეჩნეთის რესპუბლიკა უკვე მრავალი წელია, აქტიურად მუშაობს საკუთარი ტერიტორიიდან საქართველოს რესპუბლიკასთან სასაზღვრო გადასასვლელის ორგანიზებისთვის“ და ამ გზას „ძალიან დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს რუსეთის ფედერაციისთვის“.

მაშინ საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროში მკაფიოდ განაცხადეს, რომ საქართველო არასდროს განიხილავდა და არ განიხილავს ჩეჩნეთთან დამაკავშირებელი გზის მშენებლობას:

„საქართველო არასდროს განიხილავდა და არც განიხილავს საქართველოს ჩეჩნეთთან დამაკავშირებელი რაიმე გზის მშენებლობას. გზის მშენებლობის საკითხი არასდროს მდგარა ქართული მხარის დღის წესრიგში, შესაბამისად, მასთან დაკავშირებით ნებისმიერი ინფორმაცია არის მცდარი“.

მაშინ თემის ირგვლივ კომენტარი გააკეთა საქართველოში აშშ–ის ელჩმაც:

„როგორც მახსოვს, ეს გზა არის საკმაოდ ძველი პროექტი და დაახლოებით 1970-1980-იან წლებში იყო დაპროექტებული. თუმცა, აუცილებელია, აღვნიშნოთ, რომ ვიდრე რუსეთი რაიმე ახალ პროექტებზე, გზებსა და დაპირებების გაცემებზე ისაუბრებს, აუცილებელია, შეასრულოს 2008 წელს მიღწეული შეთანხმება, დაპირებები და პირველ რიგში, რუსეთის ჯარი გაიყვანონ საქართველოს ტერიტორიიდან. მთავარია, რომ მათ შეასრულონ ის დაპირებები, რომლებიც აღებული აქვთ 2008 წლის ომის შემდეგ, შემდეგ ისაუბრონ დანარჩენ დაპირებებზე!“

„აქცენტს“ ინფრასტრუქტურის სამინისტროში 28 ნოემბერს უთხრეს, რომ საქართველოს მიდგომაში ამ დრომდე არაფერი შეცვლილა და რომ ძალაშია ჯერ კიდევ გაზაფხულზე გაკეთებული განცხადება.

„კადიროვის და რუსეთის სპეცსამსახურების ინტერესები ემთხვევა“

ცხადია, კადიროვი ინფორმირებული უნდა იყოს ოფიციალური თბილისის მხრიდან ამ გზის გახსნის მიმართ ინტერესის არარსებობის თაობაზე. მეორეც, სასაზღვრო საკითხები არა რუსეთის რომელიმე ფედერალური სუბიექტის, არამედ ცენტრალური ხელისუფლების კომპეტენციაა.

„ზოგადად, ეს რუსეთ–საქართველოს ურთიერთობების კონტექსტში განსახილველი საკითხია, თუ საერთოდ იქნება ამ თემაზე საუბარი. „ჩეჩნეთიდან წამოსულ მსგავს ინიციატივებს ჩვენ სერიოზულად არ ვუყურებთო“ – როგორც ვიცი, ჩვენი ხელისუფლების კულუარული პოზიცია ასეთია. ეს არ არის თემა, რომელიც შეიძლება, რომ კადიროვმა და რუსეთის ერთ–ერთმა რეგიონმა გადაწყვიტოს – სასაზღვრო და საბაჟო საკითხები ფედერალური ხელისუფლების კომპეტენციაა“,– ამბობს „აქცენტთან“ კავკასიოლოგი გელა ხმალაძე.

მაშ რატომ აქცენტირებს უკვე წლების განმავლობაში ამ თემაზე კადიროვი, თან იმგვარად, რომ ქმნის განცდას, საკითხის ირგვლივ გადაწყვეტილება მიღებული ჯერ თუ არ არის, თითქოს მსჯელობა მაინც მიმდინარეობს? ამ კონტექსტში კავკასიოლოგი რამდენიმე გარემოებაზე ამახვილებს ყურადღებას:

  • „რამდენადაც ჩემი წყაროებისგან ვიცი, მათ შორის, კადიროვის გარემოცვიდან, მათ მართლაც ძალიან სურთ ამ გზის გახსნა, უპირველესად, ეკონომიკური თვალსაზრისით: იციან, რომ გახსნის შემთხვევაში, საბაჟო სამსახური არაოფიციალურად, ძირითადად ჩეჩნეთის ხელისუფლების დაქვემდებარებაში იქნება – თავად დააკომპლექტებენ და ეს გახდება, მათ შორის, არალეგალური შემოსავლების ერთ–ერთი წყარო. შურით უყურებენ ლარსის გამშვებ პუნქტს, რადგან იქ საბაჟო სამსახურში ძირითადად ოსები მუშაობენ და შემოსავლები (უკანონო თუ კანონიერი) მათ რჩებათ;
  • მათი ინტერესია, სატრანზიტო ნაკადებმა – სომხურმა და თურქულმა ტვირთებმა ძირითადად, ჩეჩნეთზე გაიარონ;
  • გარდა ამისა, რუსეთის რეგიონების ბიუჯეტები ძირითადად ფედერალურ დოტაციაზე არიან დამოკიდებული. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ცენტრალური ხელისუფლებიდან რესპუბლიკებმა არაოფიციალური მითითება მიიღეს, „ვითარება უარესდება, მხოლოდ ცენტრალური ბიუჯეტის იმედზე ნუ იქნებით, დამოუკიდებლადაც მოიძიეთ შემოსავლებიო“. ამდენად, ჩეჩნეთში დამოუკიდებელ ფინანსურ რესურსებზეც ფიქრობენ;
  • მეორე, საქართველოს საზღვრიდან 20–25 კილომეტრ მანძილზე, ჩეჩნეთის მთიან რეგიონებში მუდმივი მოსახლეობა აღარ ცხოვრობს – სოფლები დაცვლილია. იქ მხოლოდ რუსი მესაზღვრეები არიან. სურთ ეს მონაკვეთი გააცოცხლონ, რომ იქ ეკონომიკა, ტურიზმი განვითარდეს“.

კიდევ ერთი ფაქტორი, კავკასიოლოგის დაკვირვებით, კადიროვის პირად ამბიციებს უკავშირდება, გახდეს რეგიონული ლიდერი მაინც, ვეღარ იტევს რა მის ეგოს პატარა რესპუბლიკის საზღვრები:

„ჩეჩნეთი ერთადერთი რესპუბლიკაა, სადაც ნაციონალური გვარდიის შენაერთები არა ფედერალური სამსახურის, არამედ კადიროვის კონტროლს ქვეშაა. ეს სჭირდებათ კავკასიის რეგიონში „წესრიგისთვის“, სადაც რუსული არმია ვერ შევა და ვერ ჩაატარებს სამხედრო ოპერაციებს. მაქვს ცნობები, რომ როდესაც სექტემბერში მობილიზაციის გამოცხადებასთან დაკავშირებით დაღესტანსა და ყაბარდო–ბალყარეთში ქალებმა გამართეს აქციები გააფრთხილეს ამ რეგიონების ხელმძღვანელები, „თუ დროზე არ აღკვეთავთ გამოსვლებს, კადიროვის ფორმირებები შემოვლენო“. ამის შემდეგ ხსენებულ რესპუბლიკებში ყველა ზომა გატარდა ყველა რესურსის ჩართვით, რომ საპროტესტო გამოსვლები ჩაეცხროთ. შემდეგაც გააფრთხილეს, "თუ მსგავსი რამ განმეორდება, კადიროველები „მიხედავენო“. დაახლოებით ამისთვის სჭირდებათ კადიროვი და ისიც მსგავს დავალებას წინ არ აღუდგება, რათა თავისი პოლიტიკური ამბიციები დაიკმაყოფილოს. მისი რეალური გავლენა (როგორც ფინანსური, ისე სამხედრო კუთხით) ერთი პატარა რესპუბლიკის ფარგლებში აღარ ეტევა, ეს მას აღარ აკმაყოფილებს, უფრო რეგიონულ ლიდერად წარმოუდგენია თავი, ამას კი საერთაშორისო კონტექსტებიც სჭირდება. მართალია, კადიროვს საქართველოში მხარდაჭერა არ აქვს, მაგრამ საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც ჩეჩნეთს ესაზღვრება. როგორც მეუბნებიან, ამ შემთხვევაში რუსეთის სპეცსამსახურების და კადიროვის ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა: კადიროვი თავის ამბიციებს იკმაყოფილებს, განიხილავს რა ამ გზას თავისი პოლიტიკური – ეკონომიკური გავლენის გაძლიერების კომპონენტად, ხოლო რუსეთი „ტესტავს“ საქართველოს ხელისუფლების და საზოგადოების განწყობებს, იქნება ეს შიშები თუ პოზიტიური დამოკიდებულება“.

ამასთან, თემაზე აქცენტირების ინტენსივობა ხმალაძეს აფიქრებინებს, რომ ის ერთგვარ მუქარასაც შეიცავს:

„შეფარულ მუქარასაც ვხედავ ბოლო წლებში ამ საკითხზე მუდმივ პედალირებაში: თუ საქართველო „ზედმეტ“ ნაბიჯებზე წავა რუსეთის წინააღმდეგ, შესაძლოა, საქართველოს საზღვარი ჩეჩნურმა ფორმირებებმა გადმოკვეთონ. ამ საფრთხის არსებობის დაუნახაობა არ შეიძლება! რუსები პროვოკაციის მოწყობის ოსტატები არიან და მიზეზის მოგონება, თუ რატომ გადმოკვეთა საზღვარი კადიროვის ქვედანაყოფმა, არ გაუჭირდებათ. ამდენად, ვფიქრობ, აქ საქმე მხოლოდ გზასა და საბაჟო პუნქტს არ ეხება – შანტაჟის ელემენტებს შეიცავს“.

ქართველი ანალიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ ხსენებული გზა შესაძლოა, საქართველოსთვის საინტერესო ყოფილიყო მაგალითად, იჩქერიის [ჩეჩნეთის რესპუბლიკა, რომელიც მხოლოდ საქართველომ აღიარა 1991 წელს და დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობა – რედ.] არსებობის პირობებში: იმხანად საქართველოს შეეძლო, ჩეჩნეთი რუსეთისგან სრულად დისტანცირების პროცესში ჩრდილოეთ კავკასიაში სტრატეგიულ მოკავშირედ განეხილა. თავად ჩეჩნეთისთვის კი ამ გზას დანარჩენ სამყაროსთან რუსეთისგან დამოუკიდებლად დამაკავშირებელი ერთადერთი არტერიის პოტენციალი ექნებოდა, მაგრამ დღეს მოცემულობა კარდინალურად განსხვავებულია: იჩქერია აღარ არსებობს, ჩეჩნეთს კი კრემლის მიერ ხელდასმული ლიდერი მართავს და არსებობს ხსენებული მონაკვეთის, მათ შორის, სამხედრო მიზნებისთვის გამოყენების საფრთხეც. ამიტომ, საქართველოში ახალი გზების საკითხს განსაკუთრებული ყურადღებით ეკიდებიან. ანალოგიური მღელვარება მოჰყვა ავარო–კახეთის [დაღესტნიდან საქართველოსკენ მომავალი – რედ.] გზის შესაძლო განახლებაზე საუბარსაც.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები