Accentnews.ge
წალენჯიხის მერი: "ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ჩემი მანქანა ხელოვნურად დაწვეს"

წალენჯიხის მერი: "ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ჩემი მანქანა ხელოვნურად დაწვეს"

29/11/2022 08:25:00 პოლიტიკა

წალენჯიხის მერი გია ხარჩილავა აცხადებს, რომ ექსპერტიზამ მისი ავტომობილის აალების მიზეზი დაადგინა. მისი თქმით, ცეცხლი ხელოვნურად ადამიანის ხელით არის გაჩენილი.

როგორც ხარჩილავა ამბობს, ეს პოლიციის მიერ ჩატარებული ექსპერტიზაა.

"არც თვითაალებით დამწვარა და არც უგულისყურობით, მანქანის დაწვის მიზეზი გახდა, და ექსპერტიზის დასკვნაშიც წერია, ხელოვნურად გაჩენილი ხანძარი და ამავე დასკვნაში აღნიშნულია მთელი დინამიკა, როგორ მოხდა ეს ხანძარი [...] თავიდანვე გასარკვევი იყო, რამ გამოიწვია ხანძარი და ექსპერტიზის დასკვნით გარკვეულია, რომ ესაა ადამიანის ხელით გაჩენილი ხანძარი", - აღნიშნა ხარჩილავამ.

წალენჯიხის მერი შემთხვევას პოლიტიკურ დაკვეთას უკავშირებს.

"ავტომანქანაზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძრის გაჩენის კერა მდებარეობს ავტომანქანიდან დაახლოებით 3,5 მეტრ მანძილზე, საავტომობილო გზის შუა ნაწილში ასფალტის ზედაპირზე. საიდანაც ცეცხლი გავრცელდა ავტომანქანის მიმართულებით და გამოიწვია ძლიერი აალება", – აღნიშნულია ბრიფინგის დროს წარდგენილ დასკვნაში.

წალენჯიხის მერის გია ხარჩილავას მანქანას ცეცხლი 12 ოქტომბერს გაუჩნდა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. მერს მანქანა სახლის წინ ჰყავდა გაჩერებული. ხარჩილავა მაშინაც აცხადებდა, რომ ავტომობილი ტექნიკურად სრულად გამართული იყო და ვარაუდობდა, რომ ცეცხლი განზრახ წაუკიდეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო (ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანება ან განადგურება ისჯება სამიდან ხუთ წლამდე პატიმრობით).

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S