ჩავუშოღლუ: "უკრაინაში მიმდინარე ომის ფასს იხდიან არა მხოლოდ უკრაინელები, არამედ მოლდოველები, ქართველები და სხვა პარტნიორები"
29/11/2022 12:11:10 პოლიტიკა
"უკრაინაში მიმდინარე ომის ფასს იხდიან არა მხოლოდ უკრაინელები, არამედ მოლდოველები, ქართველები და სხვა პარტნიორები", – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ ბუქარესტის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, უბრალოდ დაგმობა პრობლემას ვერ გადაჭრის და საჭიროა მოქმედება.
„არა მხოლოდ უკრაინელები, არამედ მოლდოველები, ქართველები და სხვა პარტნიორებიც იხდიან ფასს. ჩვენ დღეს ვესაუბრეთ მოლდოვის პრემიერ-მინისტრს და მან გვითხრა, თუ რამდენად ზარალდება მოლდოვა მეზობელ ქვეყანაში ომის გამო. უბრალოდ დაგმობა პრობლემას ვერ გადაჭრის. სამართლიანი მშვიდობის უზრუნველსაყოფად უნდა ვიმოქმედოთ. ეს არის ის, რის გაკეთებასაც თურქეთი ცდილობს“, - აღნიშნა ჩავუშოღლუმ.
მან ისაუბრა თურქეთის როლზე მარცვლეულის შეთანხმებასთან, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან და ტყვეების გაცვლასთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებებში.
„ეს მხოლოდ ნაწილია იმ ნაბიჯებისა, რასაც ვდგამთ. ასევე ჩვენ ვდგამთ გარკვეულ ნაბიჯებს კონფიდენციალურად", – დასძინა ჩავუშოღლუმ.


