"კონკრეტულად რა იწვევს ჯანმრთელობაზე დადებით თუ უარყოფით შედეგს, პასუხის გაცემა გამიჭირდება, თუმცა შემიძლია, დაგიდასტუროთ, რომ სააკაშვილი ნამდვილად ეწევა ელექტრონულ სიგარეტს"
29/11/2022 13:36:06 პოლიტიკა
იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის განცხადებით, ექს–პრეზზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ელექტრონულ სიგარეტს ეწევა. ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა.
„კონკრეტულად რა იწვევს ჯანმრთელობაზე დადებით თუ უარყოფით შედეგს, მე, როგორც არაექიმს, პასუხის გაცემა გამიჭირდება, თუმცა შემიძლია დაგიდასტუროთ ინფორმაცია, რომ იგი ნამდვილად ეწევა ელექტრონულ სიგარეტს“,- განაცხადა რატი ბრეგაძემ.
მისი თქმით, "მსჯავრდებულ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა საქართველოს კანონმდებლობით შეუძლებელია, სწორედ ამიტომ სთავაზობენ მას, ჩამოიყვანოს ნებისმიერი უცხოური კლინიკიდან ნებისმიერი ექიმი".
"გამომდინარე იმ მაღალი პასუხისმგებლობიდან, რომლითაც სახელმწიფო თითოეული ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ეკიდება, ახლაც გამოვთქვამთ მზადყოფნას და მსჯავრდადებულ სააკაშვილის ვთავაზობთ, ჩამოიყვანოს ნებისმიერი უცხოური კლინიკიდან ნებისმიერი ექიმი, რომელსაც სახელმწიფო მისცემს შესაძლებლობას, რომ ჩაერთოს მის მკურნალობაში", - განაცხადა ბრეგაძემ.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ სააკაშვილმა უარი თქვა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს გადაემოწმებინა მისი შესაძლო მოწამვლის შესახებ ადვოკატების გავრცელებული ინფორმაცია:
"მსჯავრდებულ სააკაშვილს მიეწოდება მხოლოდ ის საკვები, რომელსაც აწვდიან მისი ნდობით აღჭურვილი პირები, რომლებზეც განაცხადა მან თანხმობა. შესაბამისად, როცა ვინმე ბედავს და საუბრობს ან საკვებზე ან მედიკამენტებზე, კეთილი ინებოს და შესაბამისი დასკვნები გააკეთოს".
მინისტრმა ასევე ისაუბრა მიზეზზე, რის გამოც მიხეილ სააკაშვილი არ გაიყვანეს "ვივა მედის" კლინიკიდან სასამართლო პროცესზე.
"მსგავსი პრაქტიკა, რომ მსჯავრდებული გადიოდეს სამკურნალო დაწესებულებიდან სასამართლოში, არ არის. როდესაც ადამიანი იმყოფება საავადმყოფოში, ის იმყოფება იმიტომ, რომ უნდა იმკურნალოს და შესაბამისად, სასამართლოში გასვლა არ არის რეკომენდებული. სასამართლოში გასვლა მხოლოდ მაშინ არის რეკომენდებული, როდესაც პირი იმყოფება პენიტენციურ დაწესებულებაში", - განაცხადა მინისტრმა.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები, ოჯახის წევრები და ექსპერტები ამბობენ, რომ ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება.


