იუსტიციის მინისტრს მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების უნებართვოდ გაჟღერებას ედავებიან

29-11-2022 19:38:33 პოლიტიკა

საქართველოს იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძეს ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პერსონალური მონაცემების უნებართვოდ გაჟღერებას ედავებიან. საქმე ბრეგაძის დღევანდელ პრესკონფერენციას ეხება, რომელზეც მან პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

"ელექტროსიგარეტებს მოიხმარს დიდი რაოდენობით... ჩვენთვის როგორც ცნობილი გახდა, დაახლოებით 300-მდე ელექტროსიგარეტი მოიხმარა. როგორ ფიქრობთ, ბატონო რატი, ამან ხომ არ გამოიწვია მის ჯანმრთელობაზე უარყოფითი გავლენა", - იკითხა POS TV-ის ჟურნალისტმა.

მინისტრმა მას ასე უპასუხა:

"კონკრეტულად რა იწვევს ჯანმრთელობაზე დადებით თუ უარყოფით შედეგს, ამასთან დაკავშირებით მე, როგორც არაექიმს, პასუხის გაცემა გამიჭირდება, თუმცა ეგ ინფორმაცია შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ იგი ნამდვილად ეწევა ელექტრონულ სიგარეტს".

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატის შალვა ხაჭაპურიძის შეფასებით, პრესკონფერენციაზე ბრეგაძემ უნებართვოდ გააჟღერა სააკაშვილის პერსონალური მონაცემები, რითაც შესაბამისი კანონი დაარღვია და აპირებს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის სამსახურს მიმართოს.

ჯერ არ არის ცნობილი, შეისწავლის თუ არა შესაბამისი უწყება მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების შესაძლო დარღვევის საკითხს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები