კობახიძე: "გთავაზობთ, რომ მშვიდობის სადღეგრძელოზე ერთწლიანი მორატორიუმი გამოვაცხადოთ"

30-11-2022 14:41:58 პოლიტიკა

„საოცრებაა რაც გუშინ მოვისმენთ. გთავაზობთ, რომ ერთწლიანი მორატორიუმი გამოვაცხადოთ, მაგალითად, მშვიდობის სადღეგრძელოზე საქართველოში. როგორ შეიძლება მშვიდობის სადღეგრძელოს დალევა, როდესაც უკრაინაში ომია?“, – ასე ეხმიანება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საზოგადოების ნაწილის კრიტიკას, რომელიც ახალ საახალწლო სლოგანს „მშვიდობის ქალაქს“ მოჰყვა.

მისი თქმით, ოპოზიციის ნაწილს სინამდვილეში არა სლოგანი, არამედ საქართველოში მშვიდობა აღიზიანებს.

"იმ დონეზე კომიკურები არიან ეს ადამიანები, რომ როცა მშვიდობა სლოგანად გამოგაქვთ, ესეც კი აღიზიანებთ. როგორც ჯვარი აღიზიანებდათ. ეკლესიას იმდენად მტრობდნენ, რომ ჯვარი აღიზიანებდათ, ახლაც მშვიდობას იმდენად მტრობენ ეს ადამიანები, რომ სლოგანმა, წარწერამ გააღიზიანათ. სინამდვილეში მათ აღიზიანებთ არა წარწერა და სლოგანი, არამედ მშვიდობა ჩვენს ქვეყანაში იმიტომ, რომ ესენი არიან "ომის პარტია". მათ ჰქონდათ პირდაპირ განზრახვა და აქვთ პირდაპირი განზრახვა, რასაც ვერ მალავენ. ვერ მალავენ, რომ მათ საქართველოში ომი სურთ. აქედან გამომდინარე, ისინი ებრძვიან არა სლოგანს, არამედ მშვიდობას ჩვენს ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ისინი ამ მიზნის მიღწევას ვერ ეღირსებიან. საქართველოში იქნება მშვიდობა და თბილისში იქნება მშვიდობის ქალაქი. ეს არის ის სურვილი, რაც თითოეულ ჩვენგანს აქვს მათ შორის, თითოეული თბილისელისთვის და იგივე სურვილი გვაქვს ჩვენ, რა თქმა უნდა, უკრაინელი მეგობრებისთვის. აქედან გამომდინარე სპეკულაციები აბსოლუტურად სამარცხვინოა", - განაცხადა კობახიძემ.

29 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ თბილისის მთავარი საახალწლო სლოგანი „თბილისი — მშვიდობის ქალაქი“ იქნება.

სლოგანმა საზოგადოების ნაწილის მხრიდან დიდი კრიტიკა გამოიწვია. "ლელოს" წევრმა საბა ბუაძემ განაცხადა, რომ "ეს მეგობარი ხალხის უბედურებაზე ხაზგასმით პოლიტიკური დივიდენდების მიღების მცდელობაა ქართული ოცნების მხრიდან".

ახალი ამბები

სხვა სიახლეები