Accentnews.ge
სანამ თადუმაძე თავს იწონებს -  რას შეცვლის „დისიდენტური წერილი“

სანამ თადუმაძე თავს იწონებს - რას შეცვლის „დისიდენტური წერილი“

23/10/2019 11:47:20 სხვა, თვალსაზრისი, ანალიზი, სამართალი

სანამ უზენაესი მოსამართლეობის კანდიდატი და ქვეყნის ჯერ კიდევ მოქმედი გენპროკურორი შალვა თადუმაშვილი პროკურატურაში მიღწეული შედეგებით თავს იწონებდა და თვლიდა, რომ აქვს  უფლება, ახალ თანამდებობაზე განაცხადოს პრეტენზია, სოციალური ქსელის ქართული სეგმენტი მოიცვა ერთი რიგითი პროკურორის მიერ 22 ოქტომბერს გამოქვეყნებულმა სკანდალურმა სტატუსმა. სალომე ადეიშვილის წერილში სამსახურის დატოვების მიზეზებია განმარტებული, რაც მართლმსაჯულების სისტემის მიმართ კიდევ ერთ უზარმაზარ კითხვის ნიშანს აჩენს:

შერჩევითი სამართალი, „სამართლებრივ აფსურდზე“ ხლმოწერის იძულება, ნეპოტიზმი, სექსუალური შევიწროება, შრომითი ექსპლუატაცია, არაპროფესიონალიზმი - მცირე ჩამონათვალია მათ შორის, რაზეც უკვე ყოფილმა პროკურორმა გაამახვილა ყურადღება და აიძულა, როგორც თავად ამბობს, დაეტოვებინა საქმე, რომელიც „სიგიჟემდე უყვარს“.

სალომე ადეიშვილი გენპროკურატურაში 2013 წლის აპრილიდან 2019 წლის 15 ოქტომბრამდე მუშაობდა. ის იკავებდა დიდუბე-ჩუღურეთის პროკურორის თანამდებობას. სამსახური დატოვა 15 ოქტომბერს, ქვეყანა დატოვა და 22 ოქტომბერს ხსენებული მძიმე სტატუსი გამოაქვეყნა.

რამდენადაც მაღალია საზოგადოებრივი ინტერესი, იმდენად ცდილობენ ხელისუფლების წარმომადგენლები, მსუბუქად მიუდგნენ წერილს და საზოგადოებას შესთავაზონ, როგორც ერთი ადამიანის მოსაზრება: „შეთქმულების თეორიების გნვითარება“, „დისკრედიტაციის მცდელობა“, „მიმართოს შესაბამის ორგანოს“- მოვისმინეთ მმართველი გუნდის წევრების კომენტარები, თავად გენერალური პროკურატურა კი დუმს.

სამოქალაქო საზოგადოებისთვის ეს წერილი არის ტესტი საზოგადოებისთვის და პარლამენტისთვის - რას მოიმოქმედებს, შეეგუება თუ არა "ჭაობს".


„ამ სტატუსით აისბერგის წვერი გამოჩნდა. ადეიშვილს საკუთარ წერილში კონკრეტული საქმეები არ დაუსახელებია. ის იყო სისტემის ნაწილი და წარმოიდგინეთ, რამხელა ინფორმაციის მატარებელია, მას ექმეა ინფორმაცია დანაშაულებრივ საქმეებზე და, რა თქმა უნდა, თავს საქართველოში უსაფრთხოდ არ გრძნობს. ის "ოქროს მოწმეა".  თუ რაიმე ინსტიტუციური ღირსება შერჩა პარლამენტს, სასწრაფოდ უნდა შექმნას საგამოძიებო კომისია. თუ არ გავიაზრეთ, რა არის გასაკეთებელი, 30 წლის შემდეგაც აქ ვიქნებით",- ამბობს იურისტი ანა ნაცვლიშვილი და ადეიშვილს გამბედაობისთვის მადლობას უხდის.

თბილისის ყოფილი პროკურორი მაია მწარიაშვილი "აქცენტთან" საუბრისას წერილს სისტემური პრობლემების ანალიზად განიხილავს და ამბობს, რომ ახალგაზრდა პროკურორს მთავარი პროკურორისგან განსხვავებით „დიპლომიც აქვს და აშკარად წერა-კითხვაც არ უჭირს“:


„როდესაც ეს წერილი წავიკითხე, არ დამრჩა განცდა, რომ ის რაიმეს მართალს არ ამბობს. ყველა ნიუანსზე საუბარი შესაძლოა, გაგვიჭირდეს, მაგრამ ყველა ეს პრობლემა, რაზეც პროკურორი საუბრობს,  სამწუხაროდ, ჩემთვის ნაცნობია. ეს არის ერთი ადამიანის აღქმა, როგორ დაინახა სისტემის პრობლემები. ცხადია, ამ სისტემას, ზოგადად, საჯარო სამსახურს აქვს უსერიოზულესი პრობლემები ჩვენს ქვეყანაში: საჯარო სამსახური, მათ შორის პროკურატურა და სასამართლო დგას ნეპოტიზმზე, ფავორიტიზმზე და კორუფციაზე. ჩვენ მივიღეთ უპასუხისმგებლო პროკურატურა და ახალგაზრდა პროკურორი ამ პრობლემას ზუსტად ასახავს: დოკუმენტზე ზემდგომი პროკურორის ხელმომწერს ვერ ნახავთ - ქურდულად მუშაობენ. ჩემი გამოცდილებით გეტყვით, როდესაც გახმაურებულ და რეზონანსულ საქმეებს ვიძიებდით: გირგვლიანის, ვაზაგაშვილის და ა.შ., და გინდა მიხვიდე პროკურორ- გამომძიებლებამდე, რადგან მათ შორის ეს სტრუქტურები აყალბებდნენ საქმეებს, ჩადიხარ მხოლოდ ყველაზე ქვედა რგოლში“.

მისივე თქმით, წერილმა აჩვენა, რომ პროკურატურას უარესი პრობლემები აქვს, ვიდრე შვიდი წლის წინ ჰქონდა და ეს წერილმაც აჩვენა:

„პროკურატურაში რომ მივედი დიდი სურვილიც გვქონდა, შეგვეცვალა ვითარება, გვქონდა ხედვებიც, მაგრამ პირველი პირი არ ვიყავი და მალეც წამოვედი, სამწუხაროდ, იგივეზე უარესი პრობლემები აქვს პროკურატურას დღეს და ეს აჩვენა ამ წერილმა. 7 წელი ტყუილად დაიკარგა, არაფერი არ გაუმჯობესებულა. ჩვენს ჩინოვნიკებს არ ესმით, რა არის საჯარო ინტერესი, სახელმწიფო და სტრუქტურა. კლანური მმართველობა გვაქვს როგორც სასამართლოში, ისე პროკურატურაში. ყველაზე ცუდი რამ, რაც თქვა პროკურორმა, რამაც შემზარა და მე ვიცი, როგორ მუშაობს სისტემა, არის „სისტემას ეზიზღება საკუთარი თანამშრომლები - ჩასაფრებულია, ფეხი როდის გადაუბრუნდებაო“ - ეს არის დიაგნოზი ყველა არსებული პრობლემის გათვალისწინებით. სამწუხაროდ, პროკურორმა მართალი თქვა. რიგითი პროკურორის ფუნქცია სწორედ ეს არის პროკურატურაში: რიგითი პროკურორი არასოდეს არ გაძლიერდა და მას რეალური ფუნქციები არ მიანიჭეს“.    

მწარიაშვილისთვის გაუგებარია, რით იწონებს თავს გენპროკურორი შალვა თადუმაძე:

“ვერ გავიგე, რა მისია შეასრულა პროკურატურაში. როგორც იყო მიტოვებული რიგითი პროკურორი და არაფერს ეკითხებოდნენ, ისევეა ახლაც. ყველა ზემდგომი პროკურორი უფრო ნაკლები კვალიფიკაციით ერთი რიგითი პროკურორის უფროსია. რაც უფრო ზედა რგოლში ადიხართ, კვალიფიკაცია მით უფრო იკლებს. ყველაზე მეტი კვალიფიკაცია ქვედა რგოლშია, რადგან საქმის შემსრულებლები ისინი არიან“.

მისივე თქმით, „მმართველი გუნდის წარმომადგენლები იქამდე არ აღიარებენ სისტემურ უკუღმართობებს, სანამ საკუთარ ზურგზე არ გამოცდიან“:

„სხვათა შორის, ამის მაგალითები აქვთ: როდესაც სასამართლოდან  მოვდიოდი [ენმ-ის ხელისუფლების დროს] იუსტიციის საბჭოს მაშინდელ მდივანს ვუთხარი, „მოვა დრო და ეს მოსამართლეები დაწერენ თქვენს განაჩენებს მიუხედავად იმისა, დასაჭერები იქნებით თუ არა“. როგორც მათ [წინა ხელისუფლებას] აუხდათ, ისე აუხდებათ ამათაც სისტემის უკანონობა. როდესაც საკუთარ ზურგზე იგრძნობენ, მაშინ დაიწყებენ საუბარს. სხვაგვარად არ მაქვს იმედი გაუმჯობესების“.  

განახლება 

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში განაცხადეს, რომ გენერალურმა ინსპექციამ დაიწყო სამსახურებრივი შემოწმება 2019 წლის 22 ოქტომბერს ყოფილი პროკურორის სალომე ადეიშვილის მიერ სოციალურ ქსელ "Facebook"-ის მეშვეობით გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით. 

"გენერალური ინსპექცია დეტალურად შეისწავლის განცხადებაში მითითებულ ყველა გარემოებას და მოახდენს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას",- ირწმუნებიან პროკურატურაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S