
რა ტიპის ვირუსები ცირკულირებენ ქვეყანაში და როგორ ვმართოთ ავადობა ბინაზე
30/11/2022 11:48:34 ეს საინტერესოა, საზოგადოება
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, პროფესორ ივანე ჩხაიძის ცნობით,ამჟამად ქვეყანაში ძირითადად სამი ტიპის ვირუსი ცირკულირებს: რინოვირუსი, რესპირაციულ-სინციტიური ვირუსი და კორონავირუსი. თუმცა, ასევე ფიქსირდება ადენოვირუსი, გრიპი და ა.შ.
„გვაქვს დეტალური სურათი, თუ რა ცირკულირებს ქვეყანაში და გვაქვს დინამიკაში შეფასების თვალსაზრისითაც“,– აღნიშნავს ჩხაიძე.
მისი პროგნოზით, ზამთრის სეზონზე საქართველოში უპირატესი საფრთხე და საზრუნავი პრევენციის და მართვის თვალსაზრისით იქნება გრიპის ვირუსი:
„ჩვენი ფუფუნება იმაში მდგომარეობს, რომ შეგვიძლია, არამხოლოდ ის ვთქვათ, რომ გრიპი ცირკულირებს ქვეყანაში, არამედ, მივუთითოთ მისი ზუსტი სახეობა. და წლევანდელი წელი ე.წ. ჰონკონგის H-3 N-2 ვირუსის უპირატესი ცირკულაციით გამოირჩევა. განსხვავებით ომიკრონისგან [ამჟამად ცირკულირებს მსოფლიოში – კორონავირუსული ინფექცია], რომელიც მისი წინამორბედებისგან შედარებით მსუბუქი მიმდინარეობით ხასიათდებოდა, გრიპის ვირუსს გაცილებით უფრო მძიმე მიმდინარეობა ახასიათებს: მაღალი ტემპერატურა, ძლიერი ზოგადი სისუსტე, ყელის, თავის, სახსრების და კუნთების ტკივილი, ხველა, უმადობა – ეს ყველა სიმპტომი გრიპს შეესაბამება, მაშინ, როდესაც კორონავირუსისთვის ეს გამოხატული ნიშნები არაა დამახასიათებელი“.
ამდენად, კვლავ აქტუალურია მთავარი რეკომენდაციები: აცრა, პირადი ჰიგიენის დაცვა და პირბადის ტარება, განსაკუთრებით, ხალხმრავალ ადგილებსა და დახურულ შენობებში.
რაც შეეხება ვირუსის ბინაზე მართვას, ექიმის რეკომენდაციაა:
- ვიდრე მედიკამენტს გამოვიყენებთ, ვაკონტროლოთ ტემპერატურა და მხოლოდ მაღალი ტემპერატურის (38.5 და მეტი) შემთხვევაში მივიღოთ მედიკამენტი. ბავშვის შემთხვევაში სასურველია „პარაცეტამოლი“ სიროფის სახით, ან არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო „იბუპროფენი“ იქნეს გამოყენებული, ასევე სიროფის სახით.
- მნიშვნელოვანია მედიკამენტების მიცემის დროს ინტერვალის დაცვა, სასურველია ეს ინტერვალი 6 საათი იყოს.
- ძალიან დიდი მნიშვნელობა დიდი რაოდენობით თბილი სითხის მიღებას –ჩაი (ხველის შემთხვევაში ეფექტურია 1 კოვზი თაფლით შეზავებული), ხილის ნახარში (ვაშლი, კომში), მინერალური წყალი, მაგრამ არა გაზირებული და ტკბილი.
- არ არის რეკომენდირებული ანტიბიოტიკების თვითნებურად მიღება.
ექიმის ცნობით, ბავშვის კლინიკაში წაყვანის დაუყოვნებლივ ჩვენებას წარმოადგენს შეუპოვარი ღებინება, საკვების და სითხის მიღების შეუძლებლობა. განსაკუთრებით საყურადღებოა, როდესაც ბავშვს სითხის მიღება არ შეუძლია. ასევე კლინიკაში გადაყვანის დაუყოვნებლივ ჩვენებას წარმოადგენს ძილიანობა, ძლიერი საერთო სისუსტე.
„თუ ბავშვს 3 დღე და მეტი აქვს მაღალი ტემპერატურა, სასურველია, ის პედიატრმა ნახოს“,– დასძენს ექიმი.