ელისაშვილი – საახალწლო სლოგანის შესახებ: "კალაძე კიევში გახდა კარგი ფეხბურთელი, წლები ცხოვრობდა იქ და ნატამალი სოლიდარობა ხომ უნდა ჰქონდეს?"
30/11/2022 14:00:07 პოლიტიკა
„მოქალაქეების“ წევრი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი მიიჩნევს, რომ საახალწლო ნაძვის ხე "საარჩევნო ბანერი" არაა და მასზე არანაირი სლოგანი არ უდა ეწეროს.
ამასთან, დეპუტატის თქმით, "ჩანს, რომ თბილისის მერი კახა კალაძე საახალწლო ნაძვის ხეზე სლოგანს "მშვიდობის ქალაქი“ ნიშნისმოგებით აწერს":
„საახალწლო ნაძვის ხეზე რატომ უნდა ეწეროს საერთოდ რამე სლოგანი, რა შუაშია, საარჩევნო ბანერი ხო არაა, რა შუაშია?! გაანათე, ჩამოკიდე სათამაშოები და მორჩა. მეორე, როცა ასეთ რამეს აწერ, კალაძე კიევში გახდა კარგი ფეხბურთელი, წლები ცხოვრობდა იქ, ნატამალი სოლიდარობა ხომ უნდა ჰქონდეს? სულ რომ არ ეცხოვრა იქ, რომ ამ დროს კიევი არის დაბომბილი, შუქი არ აქვთ, გათბობა და ამ დროს შენ რაღაც ნიშნისმოგებით აწერ ამ ყველაფერს, ასე ჩანს ნებისმიერ შემთხვევაში. თავის ნამდვილ საარჩევნო სლოგანს რატომ ვეღარ აწერს, უხერხულია, რომ ვაკის პარკის ამბის მერე "სიცოცხლით სავსე ქალაქი" დაარქვას?! რა საჭიროა სლოგანი ნაძვის ხეზე საერთოდ, სახლში ნაძვის ხეზე რამეს აწერთ?! და ნამდვილი საარჩევნო სლოგანი თუ უნდა კალაძეს, „რუსი დეზერტირებით სავსე ქალაქი“ დააწეროს. [...] მშვიდობა იმიტომ გვაქვს, რომ ჯერ პუტინს არ გადაუწყვეტია, თავს დაგვესხას და არა იმის გამო, რომ კალაძეს ახლა აქ იმისთანა ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები აქვს დაყენებული, ნაძვის ხეზე მათ შორის, რომ ვერ ბედავენ ჩვენზე თავდასხმას. რად უნდა ნაძვის ხეს სლოგანი, ახალი წელი ვერ მოვა ისე?“, - განაცხადა ელისაშვილმა.


