ელჩი: „ჩეხეთიდან საქართველოში ექსპორტი თითქმის გაორმაგებულია და დარწმუნებული ვარ, ნაწილი რუსეთში მიდის, ამას შედეგი ექნება"
01/12/2022 08:58:04 პოლიტიკა
საქართველოში ჩეხეთის ელჩოს პეტრ მიკისკას განცხადებით, ქვეყანაში ჩეხეთიდან ექსპორტი გაორმაგებულია და დარწმუნებულია, რომ სხვაობის ნაწილი რუსეთის ფედერაციაში ხვდება.
ამასთან, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი ქვეყანის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის წაყენებულ პირობებს ემატება კიდევ ერთი – შესაბამისობა საერთო საგარეო და უშიშროების პოლიტიკის თაობაზე განცხადებებთან.
„ჩეხეთიდან საქართველოში ექსპორტი თითქმის გაორმაგებულია. დარწმუნებული ვარ, ამ ექსპორტის ნაწილი რუსეთში მიდის. ამას ექნება შედეგი და ჩეხეთი, რომელიც ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი ქვეყანა, თვალს ადევნებს მოვლენებს. ეს იქნება ერთ–ერთი კრიტერიუმი, როდესაც შევაფასებთ მზაობას კანდიდატის სტატუსისთვის და არა მხოლოდ ის 12 რეკომენდაცია.
დიდი ხნის წინ ჩავამატეთ ჩვენს კრიტერიუმებში შესაბამისობა საგარეო და უშიშროების პოლიტიკაზე განცხადებებთან. თუ ახლოდან დააკვირდებით, საქართველოს გაცილებით დაბალი მაჩვენებელი აქვს, ვიდრე უკრაინას და მოლდოვას და ზოგჯერ რთულია იმის გაგება, საქართველოს მთავრობა რატომ არ იზიარებს ევროკავშირის განცხადებებს ზოგიერთ დიქტატორულ რეჟიმზე. პასუხი ყოველთვის ისაა, რომ ამან შესაძლოა, გამოიწვიოს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარება. მაგრამ ამ შემთხვევაში საქართველომ უნდა თქვას უარი რაიმე სახის საგარეო პოლიტიკის განვითარებაზე, თუ მუდმივად ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების შიშით იმოქმედებს“,– განაცხადა ელჩმა „თავისუფალი რუსეთის“ და ლიეტუვას საელჩოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე.
თარგმანი ტელეკომპანია „ფორმულას“ ეკუთვნის.


