სარჯველაძე – სააკაშვილის შესახებ: "ცდილობენ, ჯანმრთელობის მდგომარეობით სასჯელის არიდებას"
01/12/2022 09:13:52 პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის მომხრეები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის პრობლემებზე საუბრით მის სასჯელისგან გათავისუფლებას ცდილობენ. მისი თქმით, ციხის პირობებთან შეუთავსებლობა ვერ გახდება პატიმრის სასჯელისგან გათავისუფლების საფუძველი.
"სააკაშვილის მომხრეებისთვის არის არა სააკაშვილის ჯანმრთელობის უზრუნველყოფა (თვითონაც იციან, რომ აღარ არის ის კრიზისული მდგომარეობა, განსაკუთრებული სირთულე), არამედ ამ მდგომარეობის იმგვარად წარმოჩენა, რომ მათთვის განხორციელებადი გახდეს პოლიტიკური ამოცანა. პოლიტიკური ამოცანაა სააკაშვილისთვის სასჯელის არიდებაში. მათ რეალურად აქვთ ასეთი ლოგიკა: ისინი ცდილობენ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემით მიაღწიონ პოლიტიკურ ამოცანას. ფსიქოლოგიური პრობლემა აქვს, შეუგუებლობა საკანთან, მაგრამ ამის გამო არსად ცივილიზაციაში პატიმრები არ თავისუფლდებიან სასჯელისგან", -განაცხადა სარჯველაძემ.
დღეს ცენტრმა "ემპათიამ" გამოაქვეყნა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა. ამ დოკუმენტის მიხედვით, დაპატიმრების დროს "პრაქტიკულად ჯანმრთელი" მიხეილ სააკაშვილი ახლა სიკვდილის საფრთხის წინაშე დგას.


