01-12-2022 19:09:09
თუ აქამდე საქართველოს სჭირდებოდა NATO და ევროკავშირი, ახლა უკვე თავად მათაც სჭირდებათ საქართველო,– უთხრა „აქცენტს“ ანალიტიკური ცენტრის „ჯეოქეისის“ მკვლევარმა საგარეო პოლიტიკის მიმართულებით ნიკოლოზ ხატიაშვილმა, რომელსაც გამოცემა დასავლეთისთვის შავი ზღვის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე, ამ მიმართულებით უსაფრთხოების ერთგვარი გარანტიების შექმნის შესაძლებლობაზე და სხვა აქტუალურ საკითხებზე ესაუბრა.
– ვხედავთ, რომ დასავლეთისთვის შავი ზღვის და სამხრეთ კავკასიაზე გამავალი დერეფნის მნიშვნელობა იზრდება უკრაინაში ომის ფონზე. ცხადია, ინტერესი და შესაძლო სიკეთეები მრავალკომპონენტიანია, მაგრამ ჩვენ უსაფრთხოების მიმართულებით გვაქვს გამოწვევები კრემლის ფაქტორის გათვალისწინებით. არის საუბრები, რომ ამ გაზრდილ ინტერესს მოჰყვეს უსაფრთხოებაც, რათა ეს დერეფანი რუსეთის მხრიდან მანიპულაციის იარაღად არ იქცეს?
– რუსეთი უკრაინაში ომამდეც მაქსიმალურად ცდილობდა, შავი ზღვა თავის პერსონალურ ტბად ექცია, თუმცა ომის დაწყების შემდეგ დავინახეთ, რომ შავი ზღვის მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზარდა და სიმძიმის ცენტრმა ამ რეგიონზე გადმოიწია. ერთის მხრივ, უკრაინაში ომიდან გამომდინარეა ინტერესი – შავ ზღვაშიც მიმდინარეობს საბრძოლო მოქმედებები და მეორე – უკრაინაში ომმა ევროკავშირს დაანახა, რომ ალტერნატიული ენერგოწყაროები სჭირდება, დაიწყო რა რუსეთმა მასზე ევროპის ენერგოდამოკიდებულების პოლიტიკური ზეგავლენის იარაღად გამოყენება. ამ კუთხით გარკვეული სიგნალები ჯერ კიდევ 2009 წლის ენერგოკრიზისის დროს გაჩნდა, როდესაც რუსეთმა უკრაინისთვის გაზის მიწოდება შეწყვიტა, თუმცა ამით რეალურად ევროპა დაზარალდა. მაშინ იყო საუბარი ალტერნატიული გზების არსებობის აუცილებლობაზე, თუმცა ევროპა კომფორტის ზონაში დარჩა, შეუფერხებლად იღებდა გაზს რუსეთიდან და ფიქრობდა, რომ ასეც გაგრძელდებოდა.
– ზრდიდა დამოკიდებულებას...
– დიახ. არათუ შეამცირეს დამოკიდებულება, მეორე გაზსადენზეც [„ჩრდილოეთის ნაკადი 2“] დაიწყო მუშაობა და ვფიქრობ, რომ ეს შეცდომა იყო. თუმცა უკრაინაში მიმდინარე ომმა ევროპა უკვე ფაქტის წინაშე დააყენა: მას სერიოზული პრობლემები შეექმნა არა მხოლოდ ენერგომომარაგების, რიგი პროდუქტების კუთხითაც და შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების შემცირება მომავლის სტრატეგიულ მიზნად დაისახა – უკვე ყველა დოკუმენტსა თუ განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ევროპას ალტერნატიული გზები ესაჭიროება. და რა რესურსები აქვს ევროპას ალტერნატიული ენერგომომარაგების? პირველი განახლებადი ენერგიაა – წლებია, გარემოს დაცვის კონტექსტში, ევროპა ავითარებს განახლებადი ენერგიის წყაროებს, თუმცა ეს საკმარისი არ იქნება. მაგალითად, გუშინ კონფერენციაზე მოვისმინე, რომ გერმანიას ნორვეგიიდან მიეწოდება გაზი და მომავალში ალბათ, კიდევ უფრო გაზრდიან მიწოდებას, მაგრამ არც ესაა საკმარისი. ევროპას რეალურად სჭირდება ენერგორესურსების მიწოდების ახალი წყარო, რომელიც ნაწილობრივ მაინც ჩაანაცვლებს რუსულს. ნავთობის კუთხით საკითხი შედარებით მარტივად დგას, რადგან უფრო იოლია მისი გადაზიდვა, ხოლო გაზის კუთხით – რთულად. ამ მოცემულობიდან გამომდინარე იზრდება საქართველოს როლი: ყველაზე რენტაბელური, უსაფრთხო და სტაბილური გზა სწორედ აზერბაიჯანზე, საქართველოსა და თურქეთზე გადის. ამ დერეფნით შესაძლებელია ცენტრალური აზიის და კასპიის ენერგორესურსების ევროპისკენ მიმართვა. უკვე კონკრეტული ფაქტებიც გვაქვს: ბაქო–თბილისი–ერზრუმის გაზსადენში მოცულობის მიწოდებამ მოიმატა, რომელიც მიდის თურქეთში და ნაწილდება ევროპაში; იყო ურსულა ფონ დერ ლაიენის ვიზიტი აზერბაიჯანში [ალიევთან ევროპისთვის გაზის მიწოდების გაორმაგებაზე შეთანხმდა – რედ.]. ამას ემატება ტვირთები აზიიდან ევროპის მიმართულებით, რომელთა მოცულობაც მნიშვნელოვნადაა გაზრდილი. ასევე ელექტროენერგიაზეც არის საუბარი. ილჰამ ალიევმა საქართველოში ვიზიტის დროსაც გააკეთა აქცენტი, რომ ელექტროენერგიის სექტორის განვითარება იგეგმება აზერბაიჯანში, რომელიც საქართველოს გავლით გავა ევროპაში. საქართველოს კი აქვს გამოცდილება და ინფრასტრუქტურა, უზრუნველყოს ეს პროცესი. ამდენად, ინტერესის ზრდაზე სწორედ მსგავსი ფაქტები მიგვითითებენ. ცხადია, დერეფნის განვითარება დამოკიდებულია გამოწვევებთანაც, რადგან ეს აქტივობა რუსეთს გადმოსახედიდან, ეწინააღმდეგება მის ეროვნულ ინტერესებს, შესაბამისად, იზრდება რუსეთისგან მომავალი საფრთხეც. და თუ ევროპის ინტერესშია, დერეფნის ამოქმედება, ეფექტური, უსაფრთხო ფუნქციონირება, ჩვენს მიმართ ყურადღებაც უნდა გაზარდოს, მათ შორის, ნატო–ს მხრივ. არ ვამბობ, რომ ამის გამო მყისიერად მიგვიღებენ ალიანსში, მაგრამ უნდა დაგვეხმარონ ჩვენი თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებაში, რომ საქართველო გახდეს მედეგი იმ საფრთხეებისა და გამოწვევების მიმართ, რაც რუსეთიდან მომდინარეობს.
უშუალოდ ჩვენს რეგიონში ძალიან საინტერესო მოცემულობა შეიქმნა: თუ აქამდე ჩვენ გვჭირდებოდა ნატო და ევროკავშირი, ახლა თავადაც ესაჭიროებათ საქართველო. და ეს ფაქტორი შესაძლოა, კატალიზატორი გახდეს ჩვენი ნატო–სა და ევროკავშირთან დაახლოების.
– ერთგვარი უსაფრთხოების ქოლგის?
– გარანტიებზე როდესაც მახვილდება ყურადღება, უმეტესად, წარმოუდგენიათ, რომ მაინც და მაინც ნატო–ში გაწევრიანებაზეა საუბარი, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ საქართველო კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, ეს პროცესი ასე მარტივად არ მოხდება.
– შეიძლება, იყოს მკაფიო, ცალსახა გზავნილები, „ხელები შორს საქართველოსგან!“...
– დიახ. პოლიტიკური მხარდაჭერა საჭიროა და ხელშესახები შედეგებიც გვჭირდება. მაგალითად, თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერება როგორც აშშ–სთან, ალიანსის სხვა წევრებთან; ახალი თავდაცვითი შეიარაღების მოწოდება...ბევრი მიმართულებაა, სადაც მათ დახმარება შეუძლიათ. მინდა, ერთ მნიშვნელოვან ფაქტზე გავამახვილო ყურადღება: აშშ–ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში არის საქართველოს შესახებ საუბარი, რომ მხარდაჭერას გვიცხადებენ ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, მაგრამ გაჩნდა მნიშვნელოვანი ჩანაწერიც, რომ აშშ გააგრძელებს დიპლომატიურ ძალისხმევას სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობის ხელშეწყობის მიზნით. ეს ერთი წინადადება თავის თავში ძალიან ბევრ კომპონენტს მოიცავს.
– აქ იგულისხმება არა მხოლოდ ჩვენი მიმართულება, არამედ სომხეთ–აზერბაიჯანის დაპირისპირება, რაც ასევე მნიშვნელოვანია ჩვენთვის, თუ ვსაუბრობთ სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყნის თანამშრომლობის შესაძლებლობაზე...
– დიახ. და ამ მოცემულობაშიც, როდესაც ვსაუბრობთ სამხრე კავკასიაზე, საქართველოს გააჩნია უნიკალური როლი სომხეთ–აზერბაიჯანის ურთიერთობების დარეგულირებაში: ოფიციალურ თბილისს სტრატეგიული ურთიერთობები აკავშირებს ბაქოსა და ანკარასთან, ასევე ძალიან მეგობრული კავშირი – ერევანთან. სწორედ ეს მოცემულობა გვაძლევს შესაძლებლობას, მედიატორის როლი შევასრულოთ ერთის მხრივ – სომხეთ –აზერბაიჯანის ურთიერთობების დარეგულირებაში და მეორეს მხრივ – საქართველო, როგორც პროდასავლური ქვეყანა, სახელმწიფო, რომელსაც ძალიან კარგი ურთიერთობები აქვს დასავლეთთან, იყოს ერთგვარი ხიდი სომხეთ–აზერბაიჯანსა და დასავლეთს შორის.
– აქ ალბათ, მნიშვნელოვანია, ვახსენოთ აშშ–სთან ჩვენი მჭიდრო კავშირის აუცილებლობა, რადგან დიახ, ვსაუბრობთ მეზობლებზე, რომლებთანაც სტრატეგიული ურთიერთობები გვაკავშირებს, მაგრამ საქმე ასევე გვაქვს ავტორიტარულ რეჟიმებთან და არ უნდა აღმოვჩნდეთ, ასე ვთქვათ, არათანაბარ პირობებში...
– დიახ. და ის ფაქტიც, რომ ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში უკვე გაჩნდა ჩანაწერი სამხრეთ კავკასიასთან დაკავშირებით, მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენი რეგიონი აშშ–ისთვის უსაფრთხოების და საგარეო პოლიტიკაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ამდენად, მისი მხრიდანაც იკვეთება ინტერესი, ჩაერთოს დიპლომატიურ ძალისხმევაში, რათა რეგიონში მშვიდობა და უსაფრთხოება შენარჩუნდეს.
ამ მიმართულებით საქართველოს აქვს პოზიტიური გამოცდილება: ყარაბაღის მეორე ომის დროს დიპლომატიური ლავირებით ორივე ქვეყანასთან შეინარჩუნა კარგი ურთიერთობა, არც ერთი მხარე არ გაანაწყენა, დარჩა ნეიტრალური. ამასთან, საქართველოს მედიაციით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოხდა ტყვეების გაცვლა დანაღმული ტერიტორიების რუკებში; ამ ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტი და შეხვედრა განხორციელდა თბილისში; პრაღის სამიტზე ალიევმა პირდაპირ თქვა, რომ მიესალმება ფორმატის შექმნას, სადაც საქართველო გაწევს მედიაციას სომხურ და აზერბაიჯანულ მხარეებს შორის. რამდენადაც ვიცი, ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს და ვიტოვებ იმდს, ეს მიღწევადი გახდება. და თუ ჩვენ შევძლებთ, რომ სამშვიდობო შეთანხმება ან რაიმე მსგავსს საქართველოში მოეწეროს ხელი, ეს ჩვენს როლს გაზრდის როგორც რეგიონში, ისე დასავლეთის თვალში, როგორც რეგიონში მშვიდობის და უსაფრთხოების ხელშემწყობი ქვეყნის.
– თქვენ ისაუბრეთ შესაძლებლობებზე, რომელიც ქვეყნისთვის გახსნა რეგიონში მიმდინარე ურთულესმა პროცესმა...
– დიახ, რამდენადაც უკრაინის ომმა არაერთი გამოწვევა წარმოშვა ჩვენთვის, მეორეს მხრივ, მას შესაძლებლობებიც მოჰყვა – ახალი ფანჯრები გაგვიხსნა თუნდაც ევროკავშირთან და რეგიონთა მიმართებით.
– მაგრამ მზაობას ოფიციალური თბილისის მხრიდან, ისარგებლოს ამ შესაძლებლობებით, ხედავთ? ისე ჩანს (და ბევრს რჩება მსგავსი შთაბეჭდილება), რომ პასიური როლი გვაქვს...
– მიუხედავად იმისა, რომ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით გვაქვს ბევრი პრობლემა, გამოწვევა და ბევრი რამ, რაც გასაკეთებელი იყო, შესაძლოა, ვერ გაკეთდა, რეგიონულ პოლიტიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც, ცხადია, ჩვენი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტია, ვფიქრობ, ამ შემთხვევაში ძალიან სწორად მიმდინარეობს პროცესები.
– თქვენც ისაუბრეთ, რომ ამჟამად თავად ნატოსა და ევროკავშირისთვისაც იზრდება საქართველოს მნიშვნელობა და აუცილებელია, მათ შორის, ქვეყნის მედეგობის გაზრდა არსებული გამოწვევების შესაბამისად. თქვენ გაქვთ შეხვედრები, ესაუბრებით პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებს და რა განწყობებია ამ მიმართულებით?
– უპირველესად, ყველა თანხმდება, რომ ის, რაც დღეს უკრაინაში ხდება, დაიწყო 2008 წელს საქართველოში და შემდეგ გაგრძელდა ყირიმში. ევროპელები საუბრობენ იმაზე, რომ 2008 წლის შემდეგ დასავლეთი უფრო მკაცრი რომ ყოფილიყო რუსეთის მიმართ და მეტი ზეწოლა განეხორციელებინა, დღევანდელი მოვლენების თავიდან აცილება შესაძლებელი გახდებოდა. ამდენად, დღეს ევროპამ იგრძნო რუსეთისგან მომდინარე საფრთხეები, თანხმდებიან, რომ მათ არსებული ერთიანობა უნდა შეინარჩუნონ, რომ უკრაინას ამ ომში გაამარჯვებინონ. ეს განწყობა რეალურად იგრძნობა.
– მეორეს მხრივ, ვიცით, რომ დასავლეთშიც არსებობენ ულტრამემარჯვენე ჯგუფები, უკრაინის ომმა წარმოშვა კრიზისები ევროპის ქვეყნებისთვისაც და არის მოლოდინი, რომ სწორედ ამ პრობლემებზე კაპიტალიზებას ცდილობს კრემლი. როდესაც საუბარია, რომ უკრაინას დაეხმარებიან გამარჯვებაში, მნიშვნელოვანია, ვინ როგორ ხედავს ამ გამარჯვებას. ვიცით უკრაინის ხედვა – ოკუპირებული ტერიტორიების სრულად გათავისუფლება და ამ დრომდე ითხოვენ კონკრეტული ტიპის შეიარაღებას, მათ შორის, შორ დისტანციაზე მოქმედს...
– ევროპელები ერთმნიშვნელოვნად აცხადებენ, რომ გააგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერას როგორც ფინანსური, ისე სამხედრო კუთხით მანამ, სადამდეც ეს საჭირო იქნება. სულისკვეთება ერთიანია. მაქვს მოლოდინი, რომ მიუხედავად არაერთი გამოწვევისა, ევროპა ბოლომდე დარჩება კიევის მხარდამჭერად, რადგან მკაფიოდ აცნობიერებენ, რომ თუ ეს საქმე ბოლომდე არ მიიყვანეს, შესაძლოა, საბოლოო ჯამში უარესი შედეგი მიიღონ.
– და საქართველოს საკითხი საფრთხეების და გამოწვევების კონტექსტში რამდენად ადეკვატურად ჟღერს?
– გუშინ მაგალითად, ამერიკის თავდაცვის მდივნის თანაშემწემ ახსენა, რომ „ეს ყველაფერი 2008 წელს საქართველოში დაიწყო და მეტი რეაგირება იყო საჭირო, რათა აქამდე არ მივსულიყავითო“, ხოლო დღეს ნატო–ს გენმდივანმა თქვა, რომ საქართველო ალიანსის მნიშვნელოვანი პარტნიორია და რომ გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას, მის გაძლიერებას. ამდენად, მსხვილ ფორუმებზე საქართველოს საკითხიც ჟღერს. ნატო–ს ბუქარესტის სამიტზეც მნიშვნელოვანი ფოკუსის ქვეშ იყო საქართველო.
– ოფიციალური განცხადებების მიღმა ყოველთვის საინტერესოა კულუარული ცნობები. მაინც რა სახის დახმარებაზეა საუბარი, გაქვთ რაიმე სახის მონაცემები?
– მაქვს კომუნიკაცია ექსპერტებთან, რომლებიც ევროპის დედაქალაქების წამყვან კვლევით ცენტრებს წარმოადგენენ, რომლებიც გავლენას ახდენენ თავიანთი ქვეყნების საგარეო პოლიტიკაზე და ყველა ერთმნიშვნელოვნად აღიარებს, რომ საქართველოს მიმართ საჭიროა მეტი ყურადღება, მეტი მხარდაჭერა და რომ თავად ევროპის ინტერესებშია, გააძლიერონ საქართველო, გახადონ თავიანთი ნაწილი, რადგან თუ ევროპამ დაკარგა საქართველო, ფაქტობრივად, მთელს რეგიონზე დაკარგავს გავლენას, რაც მხოლოდ რუსეთის წისქვილზე დაასხამს წყალს. ეს იდეა აქტიურად მუსირებს ევროპის წამყვანი ცენტრების აკადემიურ წრეებში.
– რა სახის შეიძლება, იყოს ეს დახმარება?
ფინანსური, რომელიც მიმართული იქნება თავდაცვითი შესაძლებლობების და ინსტიტუტების გაძლიერებისკენ; კიბერუსაფრთხოება, რადგან ამ მიმართულებით გამოწვევების წინაშე დგას როგორც საქართველო, ისე ევროპა; დეზინფორმაციასა და პროპაგანდასთან ბრძოლა; ცხადია, ეკონომიკური გაძლიერება, რადგან თუ გვსურს სრულფასოვანი უსაფრთხოების სისტემა, უნდა გვქონდეს მდგრადი ეკონომიკური სისტემა. ძალიან კარგია, რომ ბოლო თვეების განმავლობაში ეკონომიკური ზრდა გვაქვს, რაც გარკვეულწილად ტვირთების გადაზიდვის ზრდითაა განპირობებული და იმედი მაქვს, ეს ტენდენცია გაგრძელდება და უფრო განვითარდება. მაგალითად, მეტად დაიტვირთება ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზა.
– რომ შევაჯამოთ, მიუხედავად რეგიონში არსებული უმძიმესი მოცემულობისა, არის პოზიტიური ძვრებიც...
– დიახ. როგორც უკვე ვთქვი, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის ომმა არაერთი გამოწვევა შექმნა ჩვენთვისაც, პოზიტიური შესაძლებლობებიც გააჩინა. მთავარია, ყველაფერი გაკეთდეს ისე, რომ ჩვენს სტრატეგიულ ამოცანებს მივაღწიოთ.