მშობლების საყურადღებოდ: გრიპი და აცრები

23-10-2019 17:59:14 სხვა ,ეს საინტერესოა

ზამთრის მოახლოებასთან ერთად კვლავ აქტუალური ხდება გრიპის ვირუსი და ვირუსის საწინააღმდეგო აცრები. აცრა რიგ შემთხვევებში პაციენტებს შორის ერთგვარ შიშებსაც იწვევს.  პედიატრი ლელა ზანგურაშვილი გრიპის საწინააღმდეგო აცრებთან დაკავშირებით მშობლებისთვის აქტუალურ და ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებს პასუხობს: 

თუ ბავშვი იშვიათად ავადობს, ამ შემთხვევაშიც საჭიროა აცრა?

საჭიროა. გრიპის აცრის თაობაზე გადაწყვეტილებას საერთოდ არ აქვს კავშირი იმასთან, ხშირად ავადობს ადამიანი, თუ იშვიათად. გრიპის აცრა არ ამცირებს ავადობის სიხშირეს. ის იცავს კონკრეტული, მძიმედ და გართულებებით მიმდინარე, დაავადებისგან, რომელსაც გრიპი ჰქვია. გრიპი შეიძლება, დაემართოს როგორც ხშირად მოავადე, ასევე იშვიათად მოავადე ბავშვს. ასეთი ანალოგიაც შეგვიძლია გამოვიყენოთ: ბავშვი, რომელიც იშვიათად ავადობს, წითელაზე ან დიფტერიაზე მაინც იცრება, ხომ ასეა? ზუსტად ასევე შეგიძლიათ, იმსჯელოთ გრიპზე. 

რაც შეეხება რისკ- ჯგუფებს: მცირე ასაკის ბავშვები (5 წლამდე და, განსაკუთრებით, 2 წლამდე), მოხუცები, ორსულები და ახლად ნამშობიარები ქალები, სხვადახვა ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები განსაკუთრებით დიდი რისკის ქვეშ არიან. როდესაც რესურსი შეზღუდულია, მაგალითად ქვეყანაში საკმარისი ვაქცინა არ არის, ან სახელმწიფოს ბიუჯეტია მწირი, ცხადია, გამოიყოფა ასეთი რისკ-ჯგუფები და მათ უპირატესობა ენიჭებათ როგორც დაფინანსების, ასევე ვაქცინით უზრუნველყოფის თვალსაზრისით. არაფერია იმაში უცნაური, რომ სახელმწიფო მხოლოდ რისკ-ჯგუფების უფასო აცრას გვთავაზობს. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ვინც ამ ჯგუფებს არ მივეკუთვნებით, აცრა არ გვჭირდება. სტატისტიკას თუ გადავხედავთ, გრიპისგან გამოწვეული გართულებების და სიკვდილის შემთხვევები მხოლოდ რისკ-ჯგუფში მყოფ ადამიანებს არ მოიცავს. ახალგაზრდა, ჯანმრთელი ადამიანები ყოველწლიურად კვდებიან გრიპის გამო. როდესაც ერთი კონკრეტული ადამიანის შესახებ ვიღებთ გადაწყვეტილებას, უნდა შედარდეს, რა სარგებლის ან ზიანის მოტანა შეუძლია როგორც აცრას, ასევე არ აცრას. სწორედ ასეთ შედარების შედეგად მტკიცდება, რომ ძალიან მცირე გამონაკლისის გარდა, პრაქტიკულად ყველა ადამიანისთვის „აცრა სჯობს არ აცრას“. 

2009 წელს მსოფლიოს ბოლო 40 წლის განმავლობაში პირველად გრიპის (H1N1) პანდემია დაატყდა თავს. სწორედ ამის შემდეგ, 2010 წლის თებერვალში, ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის (CDC) იმუნიზაციის პრაქტიკის მრჩეველთა საბჭომ (ACIP) უნივერსალური ვაქცინაციის რეკომენდაცია გამოსცა და მას შემდეგ იგივეს გვირჩევს ყოველწლიურად. 

თუ ერთხელ აცრი, ეს იმუნიტეტს "აზარმაცებს" და მაშინ ყოველწლიურად უნდა აცრა, ამიტომ თუ ბავშვი (ან უფროსიც) ხშირად და იოლად არ ვირუსდება, ჯობია იმუნიტეტი თავად იყოს ფხიზლად" - ეს მოსაზრება მითია, თუ არა?

ეს მითი არ არის - ნონსენსია. ამ მოსაზრების არსებობა ადასტურებს სამწუხარო ფაქტს, რომ ბევრ ადამიანს არ ესმის, როგორ მუშაობს აცრა და რას წარმოადგენს საერთოდ იმუნიტეტი. აცრის დროს ორგანიზმში შეგვყავს დასუსტებული ვირუსი ან ვირუსის ნაწილი იმისთვის, რომ ჩვენმა იმუნიტეტმა აწარმოოს ამ დაავდების საწინააღმდეგო იარაღი - ანტისხეულები. როდესაც გრიპის სეზონი დადგება და „ნამდვილი“ ვირუსი შემოგვიტევს, ჩვენი ორგანიზმი უკვე მომზადებული, წინასწარ მომარაგებული ანტისხეულებით გაანეიტრალებს ამ ვირუსს და არ მისცემს მას დაავადების გამოწვევის საშუალებას. უარეს შემთხვევაში დაავადება მაინც განვითარდება, მაგრამ მსუბუქად და გართულებების გარეშე (ბოდიშს ვიხდი ზედმეტად გამარტივებული ახსნისთვის). ყოველწლიურად გრიპზე აცრა საჭიროა არ იმიტომ, რომ იმუნიტეტი „ზარმაცდება“ (რასაც არ უნდა ნიშნავდეს ეს), არამედ იმიტომ, რომ გრიპის ვირუსი არ არის ზარმაცი და წარმატებით იცვლის სახეს. ამიტომ შარშანდელმა „იარაღმა“ წელს შეიძლება ვეღარ დაგვიცვას. გარდა ამისა, გრიპის აცრა არ ტოვებს ხანგრძლივ იმუნიტეტს და შემდეგი წლისთვის მას განახლება სჭირდება, თუნდაც თავად ვირუსი დიდად არ შეიცვალოს. „ჯობს დაავადება გადაიტანოს“ ძალიან უცნაური მოსაზრებაა. ცხადია, როდესაც დაავადებას გადავიტანთ, რაც ცხელებითა და სხვა დისკომფროტით გატარებული რამდენიმე დღის გარდა, გართულებების რისკსაც გულისხმობს, ჩვენი იმუნიტეტი ზუსტად ისევე შეიმუშავებს ამ ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულებს, როგორც ამას აცრის შემთხვევაში გააკეთებდა. მაგრამ აცრის არსიც ხომ ის არის, რომ დაცვა დაავადების გადატანის გარეშე მივიღოთ? რატომ შეიძლება ამას დაავადების გადატანა ჯობდეს?

არსებობს კვალიფიციური დასაბუთება, რომ ვაქცინებს, რომლებიც არც თუ ისე დიდი ხნის წინ შეიმუშავეს, უფრო სწორად ყოველწლიურად მის ახალ შტამპს იმუშავებენ (ანუ სათანადოდ შესწავლილი არის თუ არა, ალბათ საეჭვოა) არ აქვს არანაირი გვერდითი ეფექტები საიმისოდ, რომ ვთქვათ - ყველა ვარიანტში ავცრათ, მაინც არაფერი დაუშავდებაო?

კი, კვალიფიციური დასაბუთება არსებობს ყველაფრისთვის, რაც გვაინტერესებს. მთავარია სად ვეძებთ კითხვებზე პასუხს. ფბ ჯგუფებში და საეჭვო ქვეყნების მიერ მართულ საეჭვო გვერდებზე ამ დასაბუთებას ვერ მივიღებთ. სანდო წყაროს თუ ეძებთ, მიაკითხეთ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გვერდს, ამერიკის და ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრებს. პოპულარულ გვერდებს, რომელთაც ეს ორგანიზაციები აკონტროლებენ. თუ სამეცნიერო ლიტერატურის კითხვა არ გეზარებათ, ყველა თქვენს კითხვაზე სტატისტიკა, ციფრები, მტკიცებულებები გაგცემენ პასუხს. აი, მაგალითად - https://www.cdc.gov/flu/prevent/keyfacts.htm - აქ ინფორმაცია პოპულარულადაა მოწოდებული, თუმცა ნებისმიერი განცხადების უკან სერიოზული კვლევა დგას, რომელზეც ასევე შეგიძლიათ გახვიდეთ ბმულების საშუალებით. 

ახალი ამბები

სხვა სიახლეები