არესტოვიჩი: სააკაშვილი სამკურნალოდ მესამე ქვეყანაში უნდა გაიგზავნოს
02/12/2022 04:10:16 პოლიტიკა
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი თვლის, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტი, უკრაინის მოქალაქე, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ მესამე ქვეყანაში უნდა გაიგზავნოს. ამის შესახებ მან პროგრამა "Фейгин Live"-ის ეთერში განაცხადა.
არესტოვიჩმა სააკაშვილს "მასშტაბური და რთული პიროვნება" უწოდა. მან საქართველოს ხელისუფლება გააკრიტიკა და განაცხადა, რომ თბილისში ეშინიათ როგორც სააკაშვილის მკვლელობის, ისე მისი ვინმესთვის გადაცემის, ამიტომაც გადაწყვიტეს, "ნელი სიკვდილით მოკლან".
"მე ჩავერეოდი. იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომელსაც ვფლობ, გამოვიდოდი მოწოდებით მისი მესამე ქვეყნისთვის, მაგალითად, შუამავალი სახელმწიფო ავსტრიისთვის გადაცემის შესახებ, რათა სააკაშვილი უზრუნველყოფილი ყოფილიყო სრულფასოვანი მკურნალობით პატიმრობის პირობებში, - შინა პატირობის, ან ჰოსპიტალში პატიმრობის. საერთაშორისო კონსენსუსი შეუქმნიდა შესაძლებლობას, ერთის მხრივ, ქართულ მართლმსაჯულებას, საგამოძიებო მოქმედებები განეხორციელებინა – მაგალითად, დაეკითხა სააკაშვილი და ამავდროულად, მას ჯანმრთელობას შეუნარჩუნებდა. რისთვის? - რომ არ იყოს სპეკულაციები, რომ საქართველოს ხელისუფლება არ დაანაშაულონ მის შეგნებულ დაღუპვაში", – განაცხადა არესტოვიჩმა და იქვე დასძინა, რომ თუ სააკაშვილი ციხეში მოკვდება, "საქართველოს ხელისუფლება ამას ვერასოდეს ჩამოირეცხავს".


