ნატო ჩრდილოეთით ფართოვდება: მოსალოდნელი შედეგები

02-12-2022 10:30:51 ანალიზი

შვედეთსა და ფინეთს სურთ, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში (ნატო) რაც შეიძლება, სწრაფად გაწევრიანდნენ. ნატო-ს ჩრდილოეთით გაფართოება მნიშვნელოვნად გაზრდის ალიანსის პოტენციალს რუსეთის შესაკავებლად და განამტკიცებს მოკავშირეების უსაფრთხოებას ბლოკის მთელს ევროპულ სივრცეში უკიდურესი ჩრდილოეთიდან ხმელთაშუა ზღვამდე. ამ დასკვნამდე მივიდნენ 1 დეკემბერს ბერლინის უსაფრთხოების კონფერენციის (Berlin Security Conference, BSC) ერთ-ერთი სადისკუსიო პანელის მონაწილეები.

რატომ გადაწყვიტეს ფინეთმა და შვედეთმა ნატო-ში გაწევრიანება

ფინეთი რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში სამხედრო ნეიტრალიტეტის პოლიტიკას ინარჩუნებდა, თუმცა ბოლო პერიოდში ნატო-სთან თანამშრომლობას აფართოებდა.

"ჩვენ ჩვენს აღმოსავლეთ მეზობელთან თანაარსებობის გრძელი ტრადიცია გვაქვს და რუსეთთან ურთიერთობებს პრაგმატულად ვაყალიბებდით. თუმცა უკრაინაში მისი შეჭრის შემდეგ ჩვენს ქვეყანაში დაიწყო ფართო დისკუსია იმ დასკვნებზე, რომელიც მომხდარიდან უნდა გამოგვეტანა. საკმაოდ მალე ცხადი გახდა, რომ საუკეთესო ვარიანტი, ოპტიმალური გადაწყვეტილება ნატო-სთან მიერთება იყო" - განაცხადა დისკუსიის მსვლელობისას ფინეთის თავდაცვის მინისტრმა ანტი კაიკონენმა.

ამ დროისთვის, მისი მონაცემებით, ნატო-ში გაწევრიანებას ფინეთის მოსახლეობის 85% უჭერს მხარს. "ეს იმაზე მეტიც კია, ვიდრე ალიანსის მხარდამჭერთა რაოდენობა მისსავე წევრ ქვეყნებში", - შენიშნა მინისტრმა.

შვედეთში დისკუსიები ხსენებულ საკითხზე უფრო დიდხანს გრძელდებოდა, თუმცა უფრო ადრეც დაიწყო.

ქვეყნის თავდაცვის მინისტრ პოლ იონსონის განცხადებით, გადამწყვეტი აღმოჩნდა ორი თარიღი:

  • 2021 წლის 17 დეკემბერი, როცა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა წარმოადგინა ევროპის ახალი არქიტექტურის შესახებ შეთანხმების რუსული პროქტი, რომელიც ფაქტობრივად, ევროპაში უსაფრთხოების საკითხებზე მისაღებ გადაწყვეტილებებზე რუსეთის ვეტოს გულისხობდა და ამავდროულად, ნატო-ს ქვეყნებს ავალდებულებდა, პოტენციალი 1997 წლის დონემდე შეემცირებინათ. ეს კი აიძულებდა შვედეთს, ალიანსის ქვეყნებთან ყოველგვარი თანამშრომლობა შეეწყვიტა, რაც მისთვის მიუღებელი იყო;
  • 2022 წლის 24 თებერვალი, როცა ნათელი გახდა, რომ რუსეთი მზადაა, თავის თავზე აიღოს პოლიტიკური და სამხედრო რისკები იმაზე მეტი ხარისხით, ვიდრე მისგან შვედები მოელოდნენ და რომ მოსკოვმა შეიარაღებული ძალების გამოყენების ქვედა ზღვარი შეამცირა.

"ჩვენ ეს უკვე ნანახი გვქონდა საქართველოში, სირიაში, ყაზახეთსა და ბელარუსში", - განაცხადა იონსონმა. - უკრაინაში შეჭრამ კი საბოლოოდ დაგვარწმუნა აუცილებლობაში, დაცულები გავხდეთ ნატო-ს წესდების მე-5 მუხლით, რომელიც ალიანსის რომელიმე წევრზე თავდასხმის შემთხვევაში მის კოლექტიურ დაცვას ითვალისწინებს".

ჩრდილოეთით გაფართოება ალიანსს გააძლიერებს

სამხედრო თვალსაზრისით, შვედეთი და ფინეთი ორი მსხვილი სახედრო სახელმწიფოა, რომელიც უკვე დღეს მჭიდროდ ურთიერთქმედებს ნატო-სთან, ატარებს რა ერთობლივ წვრთნებს და ამავდროულად, ფლობს საუკეთესო როგორც სამხედრო, ისე სამრეწველო შესაძლებლობებსა და სტრუქტურებს. ასე აფასებს ნატო-ს ახალი წევრების პოტენციალს ევროპაში ნატო-ს გაერთიანებული შეიარაღებული ძალების ყოფილი მთავარსარდალი ფილიპ ბრიდლავი.

"ამ ქვეყნების ალიანსში მიღებით ჩვენ მყისიერად გავძლიერდებით და ავიმაღლებთ ბრძოლისუნარიანობას", - განაცხადა ბრიდლავმა დისკუსიის მსვლელობისას და წუხილიც კი გამოთქვა იმის გამო, რომ ფინეთმა და შვედეთმა ნატო-ში გაწევრიანების განაცხადები არ წარადგინეს უფრო ადრე - 2014 წელს უკრაინაში რუსეთის პირველი შეჭრის შემდეგ.

ამ ქვეყნების არმიების საბრძოლო მზადყოფნა, მისი შეფასებით, შესაშურია ალიანსის რიგი წევრი სახელმწიფოებისთვისაც კი.

ფინეთისა და შვედეთის არმიები

ფინეთის არმია ერთ-ერთი უმსხვილესია ევროპაში. იგი 280 ათას სამხედრო მოსამსახურესა და კარგად გაწვრთნილ 1 მილიონ რეზერვისტს ითვლის, - უამბო შეკრებილთ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა.

ანტი კაიკონენის შეფასებით, ფინური არტილერია სადღეისოდ ყველაზე მძლავრია ნატო-ს ევროპელი პარტნიორების არტილერიებს შორის. ამასთან, ქვეყნის სამხედრო-საჰაერო ძალების შეიარაღებაშია 64 ერთეული ბომბდამშენი-გამანადგურებელი F35. ეს - მაშინ, როცა ნატო-ს წევრი გერმანია, მაგალითად, მხოლოდ ახლა გეგმავს, მსგავსი ხომალდები შეუკვეთოს ამერიკულ მწარმოებელ "Lockheed Martin"-ს.

"ჩვენ ყოველთვის გულდასით ვზრუნავდით ჩვენს თავდაცვისუნარიაობაზე და ყოველთვის ფხიზლად ვიყავით, - არა მარტო ცივი ომის წლებში. ჩვენ შევინარჩუნეთ საყოველთაო სამხედრო ვალდებულება, ინვესტირებას ვახორციელებდით ჩვენს თავდაცვისუნარიანობაში, 1990-იანი წლებიდან კი აქტიურად ვავითარებდით თანამშრომლობას ნატო-ს წევრებთან", - განაცხადა მინისტრმა.

მისივე პროგნოზით, 2-3 წელიწადში ფინეთის შეიარაღებული ძალები სრულად იქნება ინტეგრირებული ალიანსის შესაბამის სტრუქტურებში.

უმაღლეს დონეზეა სადღეისოდ მომზადებული და აღჭურვილი შვედეთის შეიარაღებული ძალებიც.

"თანამედროვე საჰაერო ძალები, რაკეტსაწინააღმდეგო სისტემები "Patriot", წყალქვეშა ნავები, პლუს საბრძოლო მოქმედებების ექსტრემალურ პირობებში წარმოების გამოცდილება... 2028 წლისთვის ქვეყანაში თავდაცვის ხარჯები მშპ-ის 3%-იან ნიშნულზე ავა, მაშინ, როცა ნატო-ში სადღეისოდ 2%-იანი ნორმაა განსაზღვრული" - განაცხადა ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა.

ნატო ბალტიის ზღვიდან გასასვლელებს გააკონტროლებს

ნატო-ს ჩრდილოეთ ფლანგის გაფართოებას მიესალმებიან ნორვეგიაშიც.

როგორც მისმა თავდაცვის მინისტრმა ბიორნ არილდ გრამმა განაცხადა, ფინეთი და შვედეთი დიდი ხნის წინაც მზად იყვნენ ალიანსში გასაწევრიანებლად, ნორვეგია კი, თავის მხრივ, მზადაა, მათი შეიარაღებული ძალების ნატო-ს სტრუქტურებში ინტერაციას ყოველმხრივ შეუწყოს ხელი, მათ შორის თანახმაა, ქვეყნის ტერიტორია შვედეთსა და ფინეთში განსათავსებელი ჯარებისა და შეიარაღების ტრანზიტისთვის იქნას გამოყენებული.

ჩრდილოეთით გაფართოების ხარჯზე ნატო-ს ტერიტორია 16%-ით გაიზრდება, ხოლო ალიანსის წევრი ქვეყნების რუსეთთან საზღვრების სიგრძე თითქის ორმაგდება, - აღნიშნა გრამმა და იქვე დასძინა, რომ მოკავშირეების ტერიტორია უკიდურესი ჩრდილოეთიდან ხმელთაშუა ზღვამდე გადაიშლება.

მისივე თქმით, ამიერიდან ნატო სკანდინავიის სამხრეთში ბალტიის ზღვიდან გასასვლელებს გააკონტროლებს და ამით რუსეთს მსოფლიო ოკეანეში ოპერირების სამხედრო შესაძლებლობას შეუზღუდავს.

"ბლოკის ჩრდილოეთით გაფართოება გაზრდის რუსეთის შეკავების კუთხით ჩვენს პოტენცილს და გაამყარებს ჩვენს უსაფრთხოებას, ბალტიის ქვეყნების უსაფრთხოების ჩათვლით" - დასძინა ბიორნ არილდ გრამმა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები