BBC მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის საკითხზე სტატიას აქვეყნებს
02/12/2022 08:30:27 პოლიტიკა
BBC საქართველოს ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის საკითხზე სტატიას სათაურით „გათავისუფლება ან გადავადება: სააკაშვილის ადვოკატებმა სასამართლოს მიმართეს“ აქვეყნებს.
სტატიაში საუბარია მესამე პრეზიდენტის გარშემო განვითარებულ უკანასკნელ პროცესებზე.
"მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი პრეზიდენტის ციხიდან გათავისუფლების შუამდგომლობით მიმართა. დაცვის მხარის განცხადებით, ასეთი მოთხოვნის საფუძველი სააკაშვილის მძიმე დიაგნოზებია, რაც ქართველი და უცხოელი ექსპერტების მიერ ჩატარებულ გამოკვლევაშია აღნიშნული", – წერს BBC.
გამოცემა აღნიშნავს, რომ "სააკაშვილი, რომელსაც უკრაინის მოქალაქეობა აქვს და საქართველოს მოქალაქეობა ჩამოერთვა, ამჟამად თბილისის „ვივა მედის“ კლინიკაში იმყოფება":
"სააკაშვილი საქართველოში გასული წლის შემოდგომაზე დაბრუნდა, რის შემდეგაც ბრალი სისხლის სამართლის რამდენიმე მუხლით წაუყენეს. ორ მათგანზე, ჯერ კიდევ საქართველოში დაბრუნებამდე, დაუსწრებლად მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. თავად სააკაშვილმა უარყო ბრალდებები და მათ პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა. დაკავების შემდეგ მან შიმშილობა გამოაცხადა, რომლის შეწყვეტაზე 50 დღის შემდეგ დათანხმდა. სააკაშვილის ახლობლები დიდი ხანია, აცხადებენ, რომ სააკაშვილის მდგომარეობა მძიმეა და დღითიდღე უარესდება. ისინი ერთადერთ გამოსავალს მკურნალობისთვის სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანაში ხედავენ. ხელისუფლებამ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ სააკაშვილს სახელმწიფოს მხრიდან ყველა პირობა შეუქმნეს მისი ჯანმრთელობის დასაცავად და რომ ის შესაბამის კლინიკაში იმყოფება".
სტატიაში აღნიშნულია, რომ სააკაშვილისთვის დასმული ძირითადი დიაგნოზები მისივე მოთხოვნით არ საჯაროვდება, თუმცა ექსპერტიზის ჩამტარებელმა არასამთავრობო ორგანიზაციამ „ემპათიის ცენტრმა“ საექსპერტო კომისიის დასკვნა ხუთშაბათს გამოაქვეყნა. კომისიაში შედიოდა 10 ქართველი და 6 საერთაშორისო ექსპერტი. ამ დასკვნების მიხედვით, სააკაშვილი დაკავებამდე ჯანმრთელი იყო. ახლა მას 20-ზე მეტი დიაგნოზი ან სიმპტოკომპლექსი აქვს.
"დასკვნის მიხედვით, სააკაშვილს აღენიშნება ანორექსია, წონის სწრაფი კლება, ტკივილი კუნთებში, სახსრებში, ძვლებში და კუნთების ცვენა, რაც შეიძლება იყოს დაუდგენელი ინფექციური პროცესის ან შესაძლო ინტოქსიკაციის შედეგი (მანამდე მის სხეულში ბარიუმის, ბისმუტისა და ვერცხლისწყლის მნიშვნელოვანი შემცველობა აღმოაჩინეს). ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ იმ დაწესებულებაში, სადაც ახლა სააკაშვილი იმყოფება და პატიმრობის პირობებში, შეუძლებელია სრულფასოვანი ტოქსიკოლოგიური კვლევის ჩატარება. ექსპერტთა დასკვნა შეიცავს ინფორმაციას სააკაშვილის დამცირებისა და არაადამიანური მოპყრობის შესახებ ციხის საავადმყოფოში, სადაც ის რუსთავის ციხიდან მისი ნების გარეშე გადაიყვანეს. ნათქვამია, რომ 11 დღის განმავლობაში მას ძილის საშუალება არ ჰქონდა. ასეთი მკურნალობის შედეგად მას შესაძლოა, ხერხემლის დაზიანება მიეღო, ნათქვამია მოხსენებაში. მას ასევე განუვითარდა პოსტტრავმული სტრესული აშლილობის მძიმე ფორმა, ამბობენ ექსპერტები. ექსპერტები თვლიან, რომ სააკაშვილი ევროპულ ან ამერიკულ მრავალპროფილურ კლინიკაში უნდა გადაიყვანონ. საქართველოს ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ყოფილი პრეზიდენტი იღებს საჭირო სამედიცინო დახმარებას და უარყოფენ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ბრალდებებს", – იუწყება გამოცემა.
სტატიაში აღნიშნულია, რომ სააკაშვილის მდგომარეობა პერიოდულად ხდება პოლიტიკური დებატების თემა.
"მაშინ, როცა მისი მხარდამჭერები იმაზე საუბრობენ, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია, მათ მმართველ პარტიაში სააკაშვილის დიაგნოზით სპეკულირებაში ადანაშაულებენ. ორშაბათს, ექიმების რეკომენდაციით, მიხეილ სააკაშვილი, გამოხატული სურვილის მიუხედავად, არ გადაიყვანეს კლინიკასთან მდებარე თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც მისი საქმე განიხილებოდა. ექსპრეზიდენტის მხარდამჭერებისთვის ეს კიდევ ერთი დადასტურება იყო, რომ ის მძიმე მდგომარეობაშია. ამის შემდეგ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ სააკაშვილს მიეცემა საშუალება მოიწვიოს ნებისმიერი უცხოელი ექიმი სამკურნალოდ, მაგრამ სამინისტროს საზღვარგარეთ გადაყვანის სამართლებრივი საფუძველი არ აქვს. რაც შეეხება სასჯელის გადავადებას, ეს საკითხი, მინისტრის თქმით, უწყების კომპეტენციაში არ შედის და სასამართლომ შესაბამისი დასკვნის საფუძველზე უნდა გადაწყვიტოს. მინისტრმა მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასა და დიაგნოზებზე არ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამაზე ექიმებმა უნდა ისაუბრონ. მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ სასამართლოში წარმოდგენილი ექსპერტიზის მიმართ უნდობლობა გამოთქვა. მათი თქმით, სააკაშვილის მხარდამჭერები პიარით არიან დაკავებული და ჯერჯერობით ვერ ასახელებენ დიაგნოზს, რის საფუძველზეც მოითხოვდნენ მის გათავისუფლებას. პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ "ემპათია" დაადანაშაულა, რომ ასოცირებულია სააკაშვილის პარტია "ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან" და თქვა, რომ მისი სანდოობა "ნულის ტოლია". ცენტრი ამ ბრალდებებსა და ნაციონალურ მოძრაობასთან კავშირს კატეგორიულად უარყოფს", – აღნიშნულია სტატიაში.
გამოცემა აღნიშნავს ფაქტსაც, რომ მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ პოლიტიკური სპეკულაციებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა. კლინიკაში მიხეილ სააკაშვილთან მორიგი ვიზიტის შემდეგ კი მან განაცხადა, რომ ის საქართველოს ხელისუფლებას შესაძლო მოწამვლაში არ ადანაშაულებს.
სტატია მთავრდება გიული ალასანიას ციტატით, რომელმაც მოუწოდა ყველას, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის გაუარესების საკითხზე მსჯელობისას, თავი შეიკავონ პოლიტიკური ქულების დაწერისგან.


