ზურაბ ჯაფარიძის ცოლი საგარეო საქმეთა სამინისტროდან გაათავისუფლეს
02/12/2022 09:13:16 პოლიტიკა
საგარეო საქმეთა საინისტროს თანამშრომელი ნატა ქორიძე წერს, რომ სამსახურიდან რეოგრანიზაციის მოტივით გაათავისუფლეს. როგორც ის აღნიშნავს, დამსაქმებელმა განუცხადა, რომ სამინისტროში უსაფრთოხების პოლიტიკის და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის პოზიცია უქმდება.
„გასულ კვირას საგარეო საქმეთა სამინისტროში დაკავებული თანამდებობიდან გამათავისუფლეს: რეორგანიზაციის შედეგად შენი თანამდებობა (უსაფრთოხების პოლიტიკის და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის პოზიცია) უქმდებაო. ვისაც უმუშავია სახელმწიფო სექტორში, იცის, სიტყვა რეორგანიზაცია განსაკუთრებული, ორაზროვანი შინაარსის მატარებელია. ასე იყო და ასე დარჩა. საგარეოში 17 წლის წინ კოლუმბიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრის ხარისხის მიღების შემდეგ მოვედი, ატაშეს (ყველაზე დაბალი დიპლომატიური პოსტი) პოზიციაზე, კონკურსის გავლით და ყველა წესის დაცვით. ამ წლების მანძილზე ვმუშაობდი ჩემი ქვეყნისთვის ყველაზე აქტუალურ, საინტერესო, საჭირბოროტო და საკვანძო მიმართულებებზე: ევროინტეგრაციაზე, რუსეთთან კონფლიქტის და არაღიარების პოლიტიკის საკითხებზე, ხოლო ბოლო 10 წელი – NATO-ში ინტეგრაციაზე. დიდი ბედნიერებაა, როცა მუშაობ რაღაც დიდი მიზნის მისაღწევად, რომლისაც გჯერა მთელი გულით, და გრძნობ, რომ შენი ცოდნა, უნარები და გამოცდილება შეგიძლია მოახმარო ამ მიზანს. და ასევე, რა თქმა უნდა, როდესაც გრძნობ, რომ ამ ცოდნის და გამოცდილების გამოყენებაზე მოთხოვნა არსებობს. არ მეგონა, რომ ასე დასრულდებოდა ჩემი საქმიანობა ჩემს სამინისტროში. ყოველთვის მჯეროდა და ახლაც მჯერა რომ ჩემი ქვეყანა აუცილებლად გახდება NATO-ს და ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი. ამ ეტაპზე მხოლოდ ამის თქმა მინდა”, – წერს ქორიძე.
ნატა ქორიძის მეუღლე პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერი ზურა ჯაფარიძეა.
როგორც საგარეო უწყების საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი აცხადებს, აღნიშნული რეორგანიზაციას უკავშირდება და აღნიშნავს, რომ "ასევე ქორიძე ეცნობა რომ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, შემდგომი დასაქმების მიზნით, მასთან მიმართებაში ხორციელდება მობილობის პროცესისთვის საჭირო ღონისძიებები".
"საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში რეორგანიზაცია გამოცხადდა მ.წ. სექტემბერში. აღნიშნულის მიზეზი გახდა ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ამოცანებიდან გამომდინარე რიგი სტრუქტურული ერთეულების გაძლიერების საჭიროება, მათი გამსხვილება დეპარტამენტიდან დირექტორატის ფორმატში, რამაც მოითხოვა შესაბამისი საშტატო ერთეულების ოპტიმიზაცია. მათ შორის ცვლილება შეეხო დეპარტამენტს, სადაც საქმიანობდა ჩვენი კოლეგა ქ-ნი ნატა ქორიძე. კერძოდ იმის გათვალისწინებით, რომ ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია წარმოადგენს სახელმწიფოს კონსტიტუციურ ვალდებულებას, რომლის აღსრულება არის საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტული მიმართულება, სამინისტროში რეორგანიზაციის შედეგად შეიქმნა უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გენერალური დირექტორატი, აღნიშნულმა ცვილილებამ გამოიწვია აქამდე დეპარტამენტში არსებული საშტატო ერთეულების ოპტიმიზაცია, მათ შორის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის პოზიციის გაუქმება. დაგეგმილი რეორგანიზაციის შესახებ ეცნობა სამინისტროს ცენტრალური აპარატის თანამშრომლებს კანონით დადგენილ ვადებში. მათ შორის ქ-ნ ნატა ქორიძეს გაფრთხილება სტრუქტურულ ერთეულში განსახორციელებელი ცვლილებების შესახებ მიუვიდა კანონით დადგენილ ვადებში და ასევე ეცნობა რომ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, შემდგომი დასაქმების მიზნით, მასთან მიმართებაში ხორციელდება მობილობის პროცესისთვის საჭირო ღონისძიებები", – აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი.


