ჯაფარიძე: "ჩემი ცოლი არ არის პირველი, მანამდე ჩემი ძმა გამოუშვეს ასევე საგარეოდან, მოტივი არის პოლიტიკური"
02/12/2022 10:25:46 პოლიტიკა
„ჩემი ცოლი არ არის პირველი, მანამდე ჩემი ძმა გამოუშვეს ასევე საგარეოდან”, – ასე ეხმიანება „გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერი ზურა ჯაფარიძე მისი მეუღლის ნატა ქორიძის საგარეო საქმეთა სამინისტროდან გათავისუფლების ფაქტს.
„ჩემი აზრით, მოტივები არის ცალსახად პოლიტიკური. აქამდე ვერ მოახერხეს, იმის გამო, რომ 3 წლამდე ბავშვები თუ გყავს, სამსახურიდან ვერ გიშვებენ, ვერც რეორგანიზაციის მიზეზით. ჩვენ 2013-ში და 2017-ში გავაჩინეთ ბავშვები და ამის გამო ვერ გაუშვეს, მერე პანდემია იყო და ერთი წელი ამან წაიღო. როგორც კი მიეცათ შესაძლებლობა, გაუშვეს. ჩემი ცოლი არ არის პირველი, მანამდე ჩემი ძმა გამოუშვეს ასევე საგარეოდან”, – განაცხადა ჯაფარიძემ.
საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ნატა ქორიძე წერს, რომ სამსახურიდან რეორგანიზაციის მოტივით გაათავისუფლეს. როგორც ის აღნიშნავს, დამსაქმებელმა განუცხადა, რომ სამინისტროში უსაფრთხოების პოლიტიკის და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის პოზიცია უქმდება:
„ვისაც უმუშავია სახელმწიფო სექტორში, იცის, სიტყვა რეორგანიზაცია განსაკუთრებული, ორაზროვანი შინაარსის მატარებელია. ასე იყო და ასე დარჩა. საგარეოში 17 წლის წინ კოლუმბიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრის ხარისხის მიღების შემდეგ მოვედი, ატაშეს (ყველაზე დაბალი დიპლომატიური პოსტი) პოზიციაზე, კონკურსის გავლით და ყველა წესის დაცვით. ამ წლების მანძილზე ვმუშაობდი ჩემი ქვეყნისთვის ყველაზე აქტუალურ, საინტერესო, საჭირბოროტო და საკვანძო მიმართულებებზე: ევროინტეგრაციაზე, რუსეთთან კონფლიქტის და არაღიარების პოლიტიკის საკითხებზე, ხოლო ბოლო 10 წელი – NATO-ში ინტეგრაციაზე”.
როგორც საგარეო უწყება აცხადებს, აღნიშნული რეორგანიზაციას უკავშირდება და აღნიშნავს, რომ "ასევე ქორიძე ეცნობა რომ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, შემდგომი დასაქმების მიზნით, მასთან მიმართებაში ხორციელდება მობილობის პროცესისთვის საჭირო ღონისძიებები".
"საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში რეორგანიზაცია გამოცხადდა მ.წ. სექტემბერში. აღნიშნულის მიზეზი გახდა ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ამოცანებიდან გამომდინარე რიგი სტრუქტურული ერთეულების გაძლიერების საჭიროება, მათი გამსხვილება დეპარტამენტიდან დირექტორატის ფორმატში, რამაც მოითხოვა შესაბამისი საშტატო ერთეულების ოპტიმიზაცია. მათ შორის ცვლილება შეეხო დეპარტამენტს, სადაც საქმიანობდა ჩვენი კოლეგა ქ-ნი ნატა ქორიძე. კერძოდ იმის გათვალისწინებით, რომ ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია წარმოადგენს სახელმწიფოს კონსტიტუციურ ვალდებულებას, რომლის აღსრულება არის საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტული მიმართულება, სამინისტროში რეორგანიზაციის შედეგად შეიქმნა უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გენერალური დირექტორატი, აღნიშნულმა ცვილილებამ გამოიწვია აქამდე დეპარტამენტში არსებული საშტატო ერთეულების ოპტიმიზაცია, მათ შორის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის პოზიციის გაუქმება. დაგეგმილი რეორგანიზაციის შესახებ ეცნობა სამინისტროს ცენტრალური აპარატის თანამშრომლებს კანონით დადგენილ ვადებში. მათ შორის ქ-ნ ნატა ქორიძეს გაფრთხილება სტრუქტურულ ერთეულში განსახორციელებელი ცვლილებების შესახებ მიუვიდა კანონით დადგენილ ვადებში და ასევე ეცნობა რომ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, შემდგომი დასაქმების მიზნით, მასთან მიმართებაში ხორციელდება მობილობის პროცესისთვის საჭირო ღონისძიებები", – აცხადებს საგარეო უწყება.


