"ნაციონალურ მოძრაობაში" პოლიტსაბჭოს სხდომა 11 დეკემბრისთვის ჩაინიშნა
02/12/2022 11:57:54 პოლიტიკა
"ნაციონალურ მოძრაობაში" პოლიტსაბჭო 11 დეკემბერს, 15 საათზე ჩაინიშნა. ამის შესახებ პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ კობა ნაყოფიამ განაცხადა.
მისი თქმით, სხდომაზე განიხილავენ ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც ბოლო პერიოდში დაგროვდა.
ამასთან, როგორც მან აღნიშნა, შიდაპარტიული არჩევნები იქნება ღია და გამჭვირვალე.
"მე ახლა ვიმყოფები კიევში. აქ დიდი თუ პატარა და განსაკუთრებით პოლიტიკური ელიტა დაინტერესებულია ერთი მთავარი საკითხით საქართველოსთან მიმართებით - ეს არის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ყველამ კარგად ვიცით, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება. აქ ყველა სვამს მხოლოდ ამ კითხვას და ეს არ არის მხოლოდ კითხვის დასმა, ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ მიხეილ სააკაშვილი იყოს თავისუფალი. ამ ფონზე მე ცოტა გაკვირვებული ვარ, ჩვენი კოლეგების სიჩქარით. დღეს გაიმართა ბრიფინგი ჩვენი კოლეგის და თანამებრძოლს იმასთან დაკავშირებით, თუ როდის უნდა ჩაინიშნოს პოლიტსაბჭოს სხდომა. მე ვფიქრობ, რომ ბევრად უფრო კორექტული და კარგი იქნებოდა, თუ ეს მოხდებოდა კონსულტაციების შედეგად, უბრალოდ ერთი სართულით მაღლა იყო ასასვლელი პარტიის ოფისში, კოლეგებთან შეიძლებოდა საუბრის გამართვა და ერთიანად შეთანხმებულიყვნენ თარიღზე. ყველაზე მარტივი იქნებოდა ტელეფონის ზარი, რომელიც დღეს საერთოდ არ წარმოადგენს პრობლემას. მაგრამ მათ, ჩემდა სამწუხაროდ, არჩიეს ეს გზა. მე კარგად მესმის, რომ არჩევნები პარტიაში უნდა ჩატარდეს ღიად, გამჭვირვალედ, არავის არ უნდა ჰქონდეს არანაირი ეჭვი მის შედეგზე და ა.შ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ არჩევნების ჩატარების ფორმა და კამპანია იყოს ღირსეული. მე როგორც პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, მივიღე გადაწყვეტილება, რომ პოლიტსაბჭოს სხდომა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში ჩაინიშნოს 2022 წლის 11 დეკემბერს, 15:00 საათზე", – განაცხადა ნაყოფიამ.


