„ტრიბუნალი კრემლის დამლაგებელსაც ელის“: რა აშინებთ პროპაგანდისტებს

02-12-2022 17:53:27 ეს საინტერესოა ,ანალიზი

თუ რუსეთი უკრაინასთან ომში წააგებს, ჰააგის ტრიბუნალი ელის დამლაგებელსაც კი, რომელიც კრემლში ქვაფენილს ასუფთავებს,– თქვა კრემლის პროპაგანდისტმა, თქვა RT-ის მთავარმა რედაქტორმა მარგარიტა სიმონიანმა მისი კოლეგის – ვლადიმირ სოლოვიოვის თოქ-შოუში - და მოუწოდა უკრაინის კიდევ უფრო ინტენსიურად დაბომბვისკენ: "რა მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის, კიევის კიდევ ერთი რაიონი დარჩება თუ არა ელექტროენერგიის გარეშე? ვერც კი წარმოიდგენთ იმ კატასტროფის მასშტაბებს, რომელშიც ჩვენი ქვეყანა აღმოჩნდება, თუ ჩვენ მოვახერხეთ დამარცხება!", - გამოვიდა გაფრთხილებით პროპაგანდისტი, რასაც სოლოვიოვის რეპლიკა მოჰყვა ბირთვული შანტაჟის კონტექსტში, რომ „მსოფლიო ნანგრევებად იქცევა“. ბევრი რუსი კომენტატორი გაოცებული დარჩა მსგავსი გულწრფელობით, აღიქვეს რა ეს გამოსვლა შიშის გამოვლინებად. რადგან, მათი დაკვირვებით, პროპაგანდისტულ ეთერებში თითოეული სტუმარი წინასწარ გადის გასაუბრებას, ნაწილდება როლები, თუმცა ყალბი დისკუსიის წარმართვისას, ხდება ხოლმე უნებლიე „გაჟონვა“. ხოლო ნაწილმა მოსახლეობის დაშანტაჟების განზრახვა ამოიკითხა

„პროპაგანდისტები იწყებენ გაცნობიერებას, რომ იულიუს შტრაიხერის [გერმანელი პოლიტიკოსი, მესამე რაიხის დროს, ანტისემიტური ყოველკვირეული გაზეთ "შტიურმერის" გამომცემელი –რედ.] ბედი მათი შესაძლო პერსპექტივაა. ნებსით თუ უნებლიეთ, შურისძიების შიში იწყებს გარღვევას“,– ფიქრობს ანტონ ნესმიანი.

არკადი იანკოვსკი კი დარწმუნებულია, რომ „მათ მართლა შეეშინდათ! ხმაში არ იგრძნობა ლითონი თავდაჯერებულობა, ზეწოლა. [...] იწყება თამაშის ამ სვლის დასასრული, რეჟიმი კანკალებს და მერყეობს. ეს შეიძლება, გაგრძელდეს საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში, მაგრამ მისი მგრძნობიარე და ოპორტუნისტი მიმდევრები ციებ-ცხელებით იკრუნჩხებიან და მათ ნამდვილად ეშინიათ, რადგან პირადი აპოკალიფსი საშინელია“.

სერგეი ზოლოვკინისთვის პროპაგანდისტებისთვის „ბევრად უფრო აქტუალური ხდება კითხვა: "უფალო, სადღა გავიქცე? სად გადავირჩინო თავი?!“.

ხოლო მიხაილ პლეტნევი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სიმონიანი პასუხისმგებლობას ანაწილებს ყველა მოქალაქეზე: „პუტინი უნდა დარჩეს, თორემ კიდევ უარესი იქნებაო“. ეს ძალიან ძლიერი მანიპულაციაა, მაგრამ მკაფიო ალტერნატივის არარსებობის შემთხვევაში, ადვილად შეიძლება დაემორჩილო მას“.

ალექსანდრე ნევზოროვიმაც ქვეტექსტად მოსახლეობის შანტაჟის მცდელობა ამოიკითხა:

„რა ბედნიერებაა, რომ ასეთი სულელები არიან! ისინი კვლავ ყვირიან ატომურ ბომბებზე, ჰააგის ბირთვულ განადგურებაზე. არ ესმით, რომ ბირთვული ომის პირობებში სამყარო სერიოზულ ჭრილობებს მიიღებს, მაგრამ გამოჯანმრთელდება, განიკურნება და აღდგება. მაგრამ რუსეთისგან აღარაფერი დარჩება, არც სახელი და არც ჩრდილი. ყურადღება მიაქციეთ მათი გამოსვლების მნიშვნელობას: „სამყარო უნდა ააფეთქონ ატომური იარაღით, რომ ადგილი არ დარჩეს, სადაც გაგვასამართლებენ ტერორიზმისა და ომის დანაშაულებისთვის“. სულელი სიმონიან-სოლოვიევების გულწრფელობა მომხიბვლელია. ისინი მზად არიან, ცოცხლად დაწვან რუსეთის 140 მილიონიანი მოსახლეობა, რათა არ დასხდნენ საერთაშორისო ტრიბუნალის სკამზე“.

მის ხედვას იზიარებს ალექსეი ლაპშინიც: „არაფერი ახალი, თუ არა მოსახლეობის ღია შანტაჟი. რას ნიშნავს "მთელი სამყარო ნანგრევებში იქნება“? ანუ რუსეთიც არ იქნება? ნათელია, რომ კრემლი არ აპირებს რადიოაქტიურ ფერფლად გადაქცევას. თუმცა, არსებითად, ხალხს ეუბნებიან, რომ ისინი მძევლად არიან. რომ ამ რეჟიმის ნგრევა მათთვისაც კატასტროფას ნიშნავს. ამ კონტექსტში კოლექტიურ პასუხისმგებლობაზე შეგონებები მხოლოდ ეხმარება პროპაგანდას, რომ გააჩინონ მძევლების ფსიქოლოგია, ენერგიულად გააძლიერონ სიკვდილის მანქანა“.

ჰიბრიდული ომის ქართველი მკვლევარი დავით ძიძიშვილი, რომელიც აკვირდება რუსული პროპაგანდის მეთოდებს, ხასიათს, ტენდენციებს, „აქცენტთან“ ამბობს, რომ საქმე გვაქვს სისტემასთან, სადაც გადანაწილებულია როლები, რომელიც აკვირდება საზოგადოებრივ განწყობებს და თავს ახვევს აზროვნების თუ ქცევის წესებს:

„აქ ორი საკითხია: მაგალითად, მოსახლეობის ნაწილშიც არსებობს განწყობა, რომ იგივე ხერსონიდან რუსული ჯარის გასვლა არასწორია, ამიტომ, პროპაგანდა ქმნის ხელოვნურ წინააღმდეგობას, რომ მოსახლეობას მიაწოდოს იმგვარი ინფორმაცია, რასაც თავად თვლის საჭიროდ. სწორია თუ არა ხერსონიდან გასვლა, ამგვარ კითხვას სოლოვიოვი ვერ დასვამს, რადგან ის მყარ და სწორ პოზიციაზე მდგომი პირის როლში გვევლინება. შესაბამისად, მას ეთერში ჰყავს ადამიანები, რომლებიც თავიანთ თავზე იღებენ ამ ნარატივის გაჟღერებას, რომელსაც იქვე გააკრიტიკებენ მკაცრად და მოსახლეობასაც აძლევენ ქცევის მაგალითს, „ამგვარ კითხვას სწორედ ასე უნდა უპასუხო, რადგან ესაა სწორი პასუხიო“. რაც შეეხება ბირთვული ომის ნაწილში სიმონიანის განცხადებას, რომ „კრემლის დამლაგებელსაც გაასამართლებენო“, ეს საინტერესო ნიშანია: როგორც ჩანს, მათმა კვლევამ აჩვენა, რომ რუსეთის საჯარო მმართველობის სისტემაში არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც ბოლომდე დარწმუნებულები არ არიან ამ ომში რუსეთის გამარჯვებაში და უჩნდებათ იდეები, „რამე რომ მოხდეს, თავი როგორ გადავირჩინო? ხომ არ სჯობს, უკან დავიხიოო?“. კონსოლიდაცია სჭირდებათ: უნდა შექმნან გარემო, რომ „მარცხის შემთხვევაში ყველანი განწირულები ვართ, ამიტომ, ახლა უკან დახევა არ შეიძლება, ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთო“, და ეს თქვა სიმონიანმა, რომელიც პოზიციონირებს როგორც „სიმართლის მთქმელი“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები