ვოლსკი: "მთელი გულით, სულით, იმ ხალხთან და ოჯახის წევრებთან ვართ, ვინც გლოვობს, ვუსამძიმრებ"
05/12/2022 05:50:34 პოლიტიკა
"ადამიანები, ვინც ამ ბრალდებებს წარმოთქვამენ, ის ადამიანები არიან, ვინც ჩვენი დაღუპული ჯარისკაცების ცხედრები და სამოქალაქო პირების ბრძოლის ველზე მიატოვა და დიდი რაოდენობით ის ადამიანები, ვინც იმ რეზოლუციაზე ხელმოწერას ამართლებდა, რომელშიც საქართველო დადანაშაულებული იყო საომარი მოქმედებების დაწყებაში", – ასე უპასუხა /"ქართული ოცნების" წევრმა დეპუტატმა გიორგი ვოლსკიმ „იმედი LIVE-ის“ ეთერში კრიტიკას იმის შესახებ, რომ მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების ოჯახებს და ახლობლებს არ მიუსამძიმრეს.
„პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ გულწრფელად, უამრავი ადამიანი განიცდის. არ მეგულება არავინ – არც ხელისუფლებაში, არც მის მხარდამჭერებში, ვინც [არ განიცდის]. მთელი გულით, სულით, იმ ხალხთან, ოჯახის წევრებთან ვართ, ვინც გლოვობს. რასაკვირველია, პირადად მეც ვუსამძიმრებ [მათ]. ამ გლოვის ფონზე, ცხედრის გარშემო მგლოვიარე ხალხი უყურებს ამ სამარცხვინო პოლიტიკურ სპეკულაციას, რაც მე პირადად, ჩემს მეგობრებსაც, გუნდის წევრებსაც, რაღაცნაირად გვბოჭავს, რომ გავაგრძელო ამ თემაზე ლაპარაკი და პოლიტიკურ ასპექტში დავუპირისპირდე მეორე მხარეს, რომელიც უზნეოდ იქცევა. ვერ ვიტყვი, რომ იქ გულწრფელი გლოვა არ არის, მაგრამ რეალურად ხომ ვხედავთ, რომ ამ თემის პოლიტიკური რაკურსით წამოწევა დღის წესრიგიდან არ იხსნება“, – განაცხადა ვოლსკიმ.
უკრაინაში, დონეცკის ოლქში, ქალაქ ბახმუტთან ქართველი მეომრების დაღუპვის ფაქტს ხელისუფლების ოფიციალური პირებიდან მანამდე, მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა.
ქართველი მებრძოლების ცხედრების გამოსატანად ბახმუტში ამ დრომდე იბრძვიან ქართველები უკრაინელ სამხედროებთან ერთად.
"ახლა ვართ ქალაქ ბახმუტის მისადგომებთან, სადაც არიან ჩვენი დაღუპულები. გამოსაყვანად შევედით და დაჭრილი გვყავს, ვერ გამოვიყვანეთ ომი იყო. დაგვცხეს, გაგვანადგურეს. გამოვედით უკან, უნდა დავისვენოთ და ისევ შევიდეთ. ქალაქ ბახმუტი ჩვენია, ქალაქ ბახმუტის შემოგარენზე არიან მომდგრები ერთ მხარეზე. ბახმუტი ქალაქი ჩვენია, ჩვენ ვაკონტროლებით", - განაცხადა "მთავარ არხთან" საუბრისას ქართველმა მებრძოლმა დავით ქუქჩიშვილმა.
3 დეკემბერს დაღუპული ქართველი მეომრები არიან:
ავთო რურუა;
რომეო ფირჩახია;
როლანდ კვარაცხელია;
ბადრი მარკელია;
მერაბ ალადაშვილი.


