რუსეთი მობილიზაციისგან უცხოეთში გაქცეულ მოქალაქეებს "კომფორტის მოსპობით" ემუქრება
05/12/2022 07:43:22 პოლიტიკა
რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც სექტემბრის ბოლოს გამოცხადებულ სამხედრო მობილიზაციას უცხოეთში გაექცნენ, სამშობლოში შესაძლოა, დაუწესონ შეზღუდვები, რომლებიც მათ უცხო ქვეყნებში "კომფორტს მოუსპობს", - განაცხადა ფედერაციის საბჭოს საკონსტიტუციო კანონმდებლობის კომიტეტის ხელმძღვანელმა ანდრეი კლიშასმა.
"ბევრი მათგანი გაიქცა, მაგრამ დისტანციურად აგრძელებს მუშაობას რუსულ კომპანიებში. შეგვიძლია თუ არა, კანონი შევცვალოთ და შევზღუდოთ სქემები, რომლითაც მსგავს თანამშრომლებს რუსეთიდან ხელფასი მიეწოდებათ? შეგვიძლია! მით უფრო, რომ ისიც კი ვერ გაგვიგია, გვიხდიან თუ არა ისინი რუსულ ბიუჯეტში გადასახადებს", – განუცხადა გამოცემა "Ведомости"-ს კლიშასმა.
ამასთან, მან კრიტიკული განწყობა დააფიქსირა ზოგიერთი კოლეგის ინიციატივის მიმართ, გაქცეული მოქალაქეების დასაბრუნებლად მათთვის წამახალისებელი სიახლეები იქნას შემოღებული.
მობილიზაციის გამოცხადებიდან ერთი თვის თავზე Forbes-ი კრემლში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ ოფიციალურად, რუსეთიდან გაქცეული მოქალაქეების რაოდენობა 600 000-დან 1 მლნ-მდე აღწევდა, თუმცა რეალურად, გაცილებით მაღალი იყო, რადგან ცნობილია, რომ მარტო საქართველოში 700 000 ადამიანი გაიქცა, ყაზახეთში - 400 000. მათგან დაახლოებით 200 ათასი ამ ქვეყნებში დარჩა, დანარჩენები კი გადავიდნენ სომხეთში, თურქეთში, უზბეკეთში, ყირგიზეთში, ტაჯიკეთსა და ევროკავშირის სახელმწიფოებში.


