"ვიმედოვნებ, პრეზიდენტი გამოიყენებს შესაძლებლობებს, დაარწმუნოს ივანიშვილი, რომ სააკაშვილის ციხეში დაღუპვა, გუმძიმეს პრობლემებს შეუქმნის თავად ივანიშვილსაც"
05/12/2022 09:54:51 პოლიტიკა
"ლელოს" წევრი დეპუტატი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ თუ ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხეში დაიღუპება, ეს პრობლემებს, მათ შორის ექს–პრემიერ ბიძინა ივანიშვილს შეუქმნის.
სამადაშვილის თქმით, არსებობს პრეცედენტები, როცა სასამართლომ სხვა პატიმრების შემთხვევაში, მათი სიცოცხლის გადასარჩენად მიიღო სასჯელისგან ვადამდელი ან დროებით გათავისუფლების გადაწყვეტილება, ამდენად, მისთვის, გაუგებარია, რატომ არ შეიძლება მსგავსი გადაწყვეტილების მიღება სააკაშვილის შემთხვევაში:
"მე იმედი მაქვს, რომ სალომე ზურაბიშვილი გამოიყენებს საკუთარ შესაძლებლობებს, მათ შორის, იმისთვის, რომ ადამიანი, რომელიც იღებს ამ ქვეყანაში მსგავს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, ვგულისხმობ ბიძინა ივანიშვილს, დაარწმუნოს იმაში, რომ სააკაშვილის დაღუპვა საქართველოს ციხეში შეუქმნის ივანიშვილს უმძიმეს პრობლემებს, გარდა იმისა, რომ ეს იქნება სერიოზული გამოწვევა ქვეყნისთვის. სწორი ნაბიჯი ხელისუფლების მხრიდან იქნებოდა, სასამართლოსთვის შესაძლებლობის მიცემა, რომ მიიღოს ის გადაწყვეტილება, რომელიც არ იქნება პოლიტიზებული და მოტივირებული იქნება ერთადერთი საკითხით - პატიმრის ჯანმრთელობის და სიცოცხლის გადარჩენა. ის, რომ სხვა პატიმრების შემთხვევაში სასამართლოს აქვს მიღებული მსგავსი გადაწყვეტილება, არის დადასტურებული, ანუ სიცოცხლის გადასარჩენად ვადამდელი ან დროებით გათავისუფლება და გადაყვანა სამკურნალოდ არის გათვალისწინებული, ამის პრეცედენტები არსებობს და ჩემთვის გაუგებარია, რატომ არ შეიძლება მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაში სასამართლომ მსგავსი გადაწყვეტილება გამოიტანოს".
1 დეკემბერს ცენტრმა "ემპათიამ" გამოაქვეყნა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა. ამ დოკუმენტის მიხედვით, დაპატიმრების დროს "პრაქტიკულად ჯანმრთელი" მიხეილ სააკაშვილი ახლა სიკვდილის საფრთხის წინაშე დგას. ეს დასკვნა სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლოს წარუდგინა და პატიმრის გათავისუფლება მოითხოვა.
მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივა მედში“ 12 მაისის შემდეგ იმყოფება. ოჯახი ამბობს, რომ მისი მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება, იუსტიციის სამინისტრო კი აცხადებს, რომ სააკაშვილს საქართველოში სრულფასოვნად მკურნალობენ და მისი გადაყვანა სამკურნალოდ სხვა ქვეყანაში არ განიხილება.


